ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, "გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მუნიციპალური ლაბორატორიის ტექნიკური ზედამხედველის ჩვენებით იკვეთება, რომ შადრევანზე სამუშაოები სანახევროდ იყო შესრულებული, ნახევარი კი, ისევ შესასრულებელი იყო.
როგორც ჩოფიკაშვილი განმარტავს, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებით ასევე იკვეთება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.
"ის ფაქტი, რომ ბავშვებზე ელექტრო დენის ზემოქმედება განხორციელდა, ეს სადაო არ არის, დღეს დაკითხულმა მოწმემ ფაქტობრივად ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა ბრალდების საფუძვლიანობას და არგუმენტაციას. მოწმემ ახსნა ის პროცედურები, თუ როგორ ხორციელდებოდა სამუშაოების ჩაბარება. დამატებითი სამუშაოების ჩაბარება მას შემდეგ მოხდებოდა, რაც პროექტში შევიდოდა ცვლილება, შესაბამის მიმართვას მიიღებდა ხელმძღვანელისგან.
ტრაგედიის მიზეზი, როგორც ბრალდებაშია ოფიციალურად მითითებული, არის ის, რომ ელექტროსადენი ცხაურის ქვეშ მოჰყვა და დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ელექტროენერგიამ წყალში გაჟონვა დაიწყო. ის ფორმულირება, რაც ბრალდების მხარეს აქვს, რომ ეს თითქოს, 22 სექტემბერს განხორციელდა, არაფრით დასტურდება, პირიქით გამოირიცხება.
დღევანდელი მოწმის ჩვენებით იკვეთება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, ვინაიდან მან განაცხადა, რომ სამუშაოები სანახევროდ იყო შესრულებული და ნახევარი სამუშაოები კიდევ შესასრულებელი იყო, მათ შორის, მართვის პულტი და მართვის ცენტრი მოსაწყობი იყო, საიდანაც ამ კასკადის მართვა განხორციელდებოდა, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც სრულად დასრულდებოდა სამუშაოები, ყველა სათანადო ექსპერტიზა იქნებოდა ჩატარებული. დღევანდელი მოცემულობით, პროკურატურა "გრინსერვიუს პლუსს“ იმას ედავება, რომ ექსპერტიზა 3 კვირაში ვერ განახორციელა, მაშინ, როცა თვითონ 4 თვე დასჭირდათ ასეთი ტიპის კვლევებისთვის“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
კითხვაზე, თუკი, კვლევები ჩატარებული არ იყო, რატომ ჩაიბარეს პროექტი, ადვოკატი ასე პასუხობს:
"ძალიან კარგი კითხვაა, ჩვენც ამ კითხვას ვსვამთ პირველივე დღიდან. თუკი, ობიექტი სრულად არ იყო დასრულებული, რატომ განხორციელდა ეს ჩართვა. "გრინსერვიუს პლუსი“ უფლებამოსილი არ იყო, ხელმძღვანელობა გაეწია თბილისის მუნიციპალიტეტისათვის და ის ღონისძიებები განეხორციელებინა, რაც 12 ოქტომბერს განხორციელდა. "გრინსერვის პლუსს“ არანაირი კომპეტენცია და ხელმძღვანელობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე არ აქვს, ეს კითხვა პროკურორს უნდა დაუსვათ და პასუხი იქნება ძალიან კარგი“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).