რუსთაველი ბიჭი, რომელიც 4 თვის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოკლეს და შემდეგ მისი ცხედარი ჭაში ჩააბეტონეს, 26 წლის გიორგი მირზაშვილია. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
ცნობილია, რომ მირზაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქმეში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა დანაშაული აღიარა.
რამდენიმე დაკავებულს შორის ერთ-ერთი სოფელ ველისციხიდან არის. ადგილობრივები AMBEBI.GE-ს უყვებიან, რომ ახალგაზრდები რუსთავიდან საქეიფოდ ჩამოვიდნენ, რა დროსაც კონფლიქტი მოხდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.
"უჩხუბიათ და ამ ჩხუბის შემდეგ მოხდა მკვლელობა, სოფლის ბოლოში სარწყავი არხის ჭაში ჩააგდეს, ქვა-ღორღი დააყარეს და დააბეტონეს" - ჰყვებიან ადგილობრივები.
გამოცემა "ინფო რუსთავის" ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მკვლელი მოკლულის პირადი მობილური ტელეფონით სარგებლობდა, რუსთაველი ბიჭის სახელით მისი ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა და ადგილსამყოფელის შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულის დედას წერდნენ, რომ ის მონასტერში იყო და მისი ძებნა არ დაეწყოთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებულები 24 და 27 წლის ახალგაზრდები არიან.
"სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.