ავტორი:

"გავაპროტესტე პრეზიდენტის გამოსვლა, მაგრამ სიტყვა "მოღალატე" არ მითქვამს" - რა ხდებოდა პრეზიდენტის გამოსვლის დროს და როგორია მმართველი გუნდის პოზიცია?

"გავაპროტესტე პრეზიდენტის გამოსვლა, მაგრამ სიტყვა "მოღალატე" არ მითქვამს" - რა ხდებოდა პრეზიდენტის გამოსვლის დროს და როგორია მმართველი გუნდის პოზიცია?

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე საკმაოდ მწვავე გამოსვლა ჰქონდა. მან მთავრობას პოლიტიკური კურსი კიდევ ერთხელ დაუწუნა და ამ კონტექსტში გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.

"ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი, ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი." - განაცხადა პრეზიდენტმა.

  • მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ სიტყვებს წარმოთქვამდა, იმ ადგილიდან, სადაც მთავრობის წარმომდგენლები ისხდნენ, პრეზიდნეტის მიმართ შეძახილები ისმოდა. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, "მოღალატე" დაუძახეს ტრიბუნაზე მყოფ პრეზიდენტს.

"ტვ პირველთან" საუბარში მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ქადაგიძემ დაადასტურეს, რომ მათ გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვეს პრეზიდენტის მისამართით, თუმცა არ ადასტურებენ "მოღალტის" დაძახებას.

"ზუსტად გეუბნებით, რომ რაც გამოითქვა, არცერთ სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, ბევრმა თქვა კიდევ, ამ სიტყვების მიმართ არ გამჩენია უკმაყოფილება, რადგან სწორი იყო. უკმაყოფილებას კოლეგებს მეც ვუზიარებდი, რამდენად ხმამაღლა იყო და როგორი ტემბრი მქონდა არ მახსოვს, ვერ გეტყვით", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"გავაპროტესტე პრეზიდენტის გამოსვლა, მაგრამ ეს სიტყვა არ მითქვამს (მოღალატე). პრეზიდენტის სიტყვა არ შეეფერებოდა დღევანდელ დღეს" - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

  • "ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ. გვართმევს ამ დღეს" - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კამათი, დისკუსია და ურთიერთბრალდებები არ უნდა ისმოდეს.

"ვფიქრობ, დამოუკიდებლობის დღე არის დღე, როდესაც არ უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. პირადად, ამ სულისკვეთებაში დავრჩები. მთელ საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია. ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ. გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც მისი დღე და ბოლომდე იზეიმოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: