ავტორი:

მძიმე ბავშვობა, ძალადობა პირველი ქმრისგან და 16 წლით უმცროსი მეორე ქმარი, რომელმაც თირკმელი გადაუნერგა - ლეგენდარული ტინა ტერნერის გზა სოფლის ცხოვრებიდან დიდ სცენამდე

მძიმე ბავშვობა, ძალადობა პირველი ქმრისგან და 16 წლით უმცროსი მეორე ქმარი, რომელმაც თირკმელი გადაუნერგა - ლეგენდარული ტინა ტერნერის გზა სოფლის ცხოვრებიდან დიდ სცენამდე

მსოფლიო როკ-ენ-როლის დედოფალს, ტინა ტერნერს ემშვიდობება. ლეგენდა, რომელმაც შექმნა ეპოქა მუსიკალურ სამყაროში და ქალი, რომლის შემოქმედებასაც ვერასდროს დაივიწყებენ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გზა ვარსკვლავობამდე არ ყოფილა მარტივი. ეს იყო გრძელი, რთული და მტკივნეული მოგზაურობა ტენესის სოფელში გატარებული ბავშვობიდან ვარსკვლავობამდე.

  • ბავშვობა

ტინა ტერნერი1939 წლის 26 ნოემბერს, ტენესის შტატში, სოფელ ნუტბუშში დაიბადა. ტერნერი მისი პირველი ქმრის გვარია. დაქორწინებამდე ანა მეი ბულოკი ერქვა. მისი მამა, ფლოიდი ადგილობრივ ფერმაში მუშაობდა. ტინას ბავშვობა რთული იყო. როცა მშობლები სამუშაოდ საბრძოლო მასალის ქარხანაში გადავიდნენ, გოგონა ბებიასთან და ბაბუასთან გაუშვეს, რომლებიც მკაცრი რელიგიური წესებით ცხოვრობდნენ. ომის შემდეგ, როცა ოჯახი კვლავ გაერთიანდა, ტინამ ადგილობრივ ბაპტისტურ ეკლესიაში დაიწყო სიმღერა.

როდესაც 11 წლის იყო, დედა სახლიდან წავიდა. ორი წლის შემდეგ მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. ანა და მისი და კი ბებიასთან გაგზავნეს. 1958 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა სენტ ლუისის საავადმყოფოში მედდად დაიწყო.

ერთ საღამოსაც, როდესაც თავის დასთან ერთად ღამის კლუბში იყო, პირველად ნახა აიკ ტერნერის შესრულება ჯგუფ The Kings of Rhythm-თან ერთად. ეს იყო შეხვედრა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ტინას ცხოვრება.

ტინა და აიკ ტერნერები

  • დიდი შანსი

აიკი R&B-ის პოპულარული შემსრულებელი იყო. ერთ საღამოს, კლუბში ტინას უბრალოდ მიკროფონი მიაწოდეს და სიმღერა შესთავაზეს, მან კი ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ჯგუფთან ერთად სიმღერა სთხოვეს. იმ დროს მომღერალს ურთიერთობა ჰქონდა ჯგუფის საქსაფონისტთან, რეიმონდ ჰილთან.

პირველი მუსიკალური ნომერი, სადაც ტინა ბექვოკალისტი იყო,1958 წელს ჩაიწერა. დიდი შანსი ორი წლის შემდეგ მოვიდა - სწორედ მაშინ დაწერა ტინამ სიმღერა Fool in Love. როდესაც ჯგუფის სოლისტი ჩაწერაზე ვერ მივიდა, ტინას სთხოვეს, რომ ემღერა, იმ განზრახვით, რომ მოგვიანებით მის ვოკალს ამოიღებდნენ. მაგრამ DJ-ზე, რომელმაც დემო მოისმინა, ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მომღერლის შესრულებამ, რომ მან ადგილობრივ ლეიბლს გადასცა ჩანაწერი და წარმატებამაც არ დააყოვნა.

  • ლიდერი ჩარტებში

Fool in Love მალე "ბილბორდის" ჩარტებში 27-ე ადგილს იკავებდა, ხოლო მომდევნო სიმღერა t's Gonna Work Out Fine, ტოპ 20 სიმღერას შორის იყო, ტინასა და აიკის დუეტმა ამ სიმღერისთვის გრემი მიიღო. სწორედ ამ დროიდან ტინა უკვე ურთიერთობაში იყო აიკთან. რომელიც მეხუთე ცოლს დაშორდა. წყვილი 1962 წელს დაქორწინდა.

ტინას ჯგუფის გარდა, ჰქონდა სოლო გამოსვლები ამერიკულ სატელევიზიო შოუებში, როგორებიცაა American Bandstand და Shindig. თუმცა ძირითადად ჯგუფთან და აიკთან ერთად მღეროდა და არ მიიჩნეოდა სოლო შემსრულებლად.

პროდიუსერმა ფილ სფექთორმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო ტინას ხმით, დაარწმუნა ის, რომ სტუდიაში ჩაეწერა River Deep და Mountain High.

პროდიუსერი შეშფოთებული იყო, რომ აიკი, რომლის კონტროლის ტენდენციები კარგად იყო ცნობილი, ცდილობდა დომინირიებას სიმღერებში და ტინა ერთგვარად იჩაგრებოდა.

  • თავის დაღწევა მოძალადე ქმრისგან და სოლო კარიერა

1970-იან წლებში აიკი დამოკიდებული იყო ალკოჰოლსა და კოკაინზე და მისი მაკონტროლებელი დამოკიდებულება ცოლის ცხოვრებასა და კარიერაზე ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. ფეხმძიმე ტინას მან ტანსაცმლის საკიდით სცემა და მდუღარე ყავით დაწვა. 1976 წლის ივლისში ტინა გაიქცა სახლიდან, თან მხოლოდ ერთი პატარა ჩანთა ჰქონდა. ის თვეების განმავლობაში მეგობრებთან იმალებოდა. შემდეგ კი განქორწინებაზე საბუთები შეიტანა.

მოძალადე ქმარს 1976 წელს თავი დააღწია

"ბევრს ეგონა, რომ ტინა ტერნერი უკვე ისტორია იყო. საზოგადოება მხოლოდ აიკისა და ტინას ერთობლივ სიმღერებს იცნობდა და არ ესმოდათ, რეალობა როგორი იყო. ამიტომ, საკუთარი თავის გამოცდა მომიწია“, - ამბობდა მომღერალი გერმანულ Vogue-თან.

მალე ტინა სოლო შემსრულებლად იქცა და კიდევ უფრო წარმატებული გახდა. იყო კონცერტები როდ სტიუარტთან, "როლინგ სტოუნთან" ერთად. მისი 1983 წლის ჰიტი Let's Stay Together იყო ტინას, როგორც სოლო შემსრულებლის აღორძინების დასაწყისი. მუსიკოსის ყველა სიმღერა ჰიტი ხდებოდა, მართავდა ტურნეებს მსოფლიოს გარშემო. ეს თავბრუდამხვევი წარმატება იყო.

ტინა ტერნერმა 61 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შესახებ გამოაცხადა. 2008 წელს კი დიდი დაბრუნება შედგა. მან იმღერა გრემის დაჯილდოებაზე და გამართა ტურნე სცენაზე დგომის 50 წლისთავის აღსანიშნავად. მიუხედავად ასაკის მატებისა, მისი ენერგია უცვლელი ჩანდა.

2013 წელს, 73 წლის ასაკში, გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ოდესმე Vogue-ს გარეკანზე გამოჩენილა. "მე ჯერ კიდევ არ ვარ მოხუცი“, - ამბობდა მომღერალი.

მიკ ჯაგერთან ერთად

  • მეორე ქორწინება

27-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2013 წელს ტინა ტერნერმა ერვინ ბახზე იქორწინა, მან უარი თქვა ამერიკის მოქალაქეობაზე და შვეიცარიის მოქალაქე გახდა. ერვინი ტინაზე 16 წლით უმცროსი გახლდათ, მაგრამ ეს არ ყოფილა ხელშემშლელი ფაქტორი. მათი სიყვარულის ამბავი საოცარი და სამაგალითო იყო.

მომღერალმა 2018 წელს გამოსცა წიგნი "ჩემი სიყვარულის ისტორია“, სადაც წერდა, რომ 2016 წელს მაღალი არტერიული წნევის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მისი თირკმელები მხოლოდ 20%-ით მუშაობდნენ. ტინა იხსენებდა, რომ ქმარმა შოკში ჩააგდო, რადგან უთხრა, რომ მზად იყო მისთვის თირკმელი გადაენერგა. "გაოგნებული ვიყავი ამ შემოთავაზებით“, - წერდა ტინა.

ტინა ტერნერი და მისი მეორე ქმარი, ერვინ ბახი

საბოლოოდ, როდმა ტინას თირკმელი გადაუნერგა.

მოგვიანებით კი ტინა წერდა: "ჩემი ძვირფასი ერვინის წყალობით, რომელმაც მომცა თავისი თირკმელი, სიცოცხლის საჩუქარი, ახლა ჯანმრთელი ვარ და ყოველ დღე უფრო მეტად მიყვარს ცხოვრება".