ჩვენ ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე, უკრაინას, ამერიკას, ცივილიზებულ სამყაროს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს არის, ცხადია, ტყუილი და რუსული პროპაგანდა, ამას მხოლოდ საუბრობენ კრემლში, - ასე გამოეხმაურა 'ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, რეალურად თუ ვინმე ომს აქეზებს საქართველოში არის "რუსული ოცნება“.
"უახლოეს თვეებში უკრაინას აუცილებლად ექნება წარმატება ბარბაროსულ ომში, რომელსაც აწარმოებს პუტინი უკრაინაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს მშვიდობა, ცივილიზებული სამყარო და ამ დროს ჩვენ ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან "ანტონი“ ღარიბაშვილისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე უკრაინას, ამერიკას, ცივილიზებულ სამყაროს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს არის, ცხადია, ტყუილი და რუსული პროპაგანდა, ამას მხოლოდ საუბრობენ კრემლში, ამას მხოლოდ იკადრებენ მარგარიტა სიმონიანი და სალავიოვი, იკადრებს პუტინი, ლავროვი, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში კადრულობს ირაკლი ღარიბაშვილი. რეალურად უკრაინა ჩვენგან ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობას საერთო მტრის წინააღმდეგ და ითხოვს იმას, რომ მკვლელ პუტინს არ მივცეთ ეკონომიკური დოვლათი იმისთვის, რომ უკრაინაში გააგრძელოს უკრაინელი ხალხის ხოცვა, მათი შევიწროება, ბარბაროსული ომი და პარალელურად გააგრძელოს საქართველოს ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების შევიწროება ადამიანების გატაცება, მავთულხლართების გაბმა. ამას სთხოვს უკრაინა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ვხედავთ პასუხს რუსულ სტილში, რუსული პროპაგანდის შესაბამისად, რომ, თითქოს, ვინმეს სადმე ომი უნდა. რეალურად თუ ვინმე ომს აქეზებს საქართველოში, არის რუსული ოცნება, როცა ასიათასობით რუსი შემოდის საქართველოში. არ დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება ხვალ პუტინმა თქვას, ამ რუსი მოქალაქეების დასაცავად მივდივარ საქართველოშიო. თუ ვინმე პროვოცირებს ამ ყველაფერს, არის რუსული პარტია.
რაც შეეხება სააკაშვილთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია, ეს იცის მთელმა მსოფლიომ. ის, რომ ეს ადამიანი მოწამლეს რუსების დავალებით, რუსების დაკვეთით, ესეც ზედაპირზე დევს. საზოგადოება კარგად არჩევს ვინ ვინ მოწამლა, ვინ ვის აწამებს და რა მდგომარეობაში ჰყავს და ირაკლი ღარიბაშვილი როცა ლაპარაკობს ცივილიზებულ სამყაროზე, სჯობს პირი ამოიკეროს. აღარ დარჩათ პარტნიორი. სადაც იყვნენ გაერთიანებული, იქიდანაც კინწისკვრით გამოაგდეს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.