ავტორი:

გელოვან - აკინშინას საქმე: რატომ უჩივის რუსი მსახიობი ქართველ მეუღლეს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს დააკავეს - ვინ არის არჩილ გელოვანი და რა აკავშირებდა სოფო ნიჟარაძესთან?

გელოვან - აკინშინას საქმე:  რატომ უჩივის რუსი მსახიობი ქართველ მეუღლეს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს დააკავეს - ვინ არის არჩილ გელოვანი და რა აკავშირებდა სოფო ნიჟარაძესთან?
  • გელოვან - აკინშინას საქმე

ცნობილი რუსი მსახიობი, ფილმ "დების“ ვარსკვლავი ქართველ მეუღლეს სასამართლოში უჩივის. 36 წლის ოქსანა აკინშინა ქართველი კინოპროდიუსერისა და ბიზნესმენის, არჩილ გელოვანის ოფიციალური მეუღლეა. ისინი უკვე რამდენიმე წელია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გაყრილან. ოქსანა ბოლო წლებია მსახიობ დანილა კოზლოვსკის ხვდება.

როგორც რუსული მედია წერს, ოქსანამ ქმრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ჯერჯერობით საქმის განხილვა არ ჩანიშნულა, დოკუმენტები მოსკოვის პრესნენსკის სასამართლოშია და მიმდინარეობს მათი შესწავლა.

მედია თავდაპირველად ფიქრობდა, რომ აკინშინა განქორწინებას აპირებდა, რადგან უკვე რამდენიმე წელია ქალი არ ერიდება დანილა კოზლოვსკისთან გამოჩენას, რომელთანაც რომანი სერიალ "ჩერნობილის“ გადაღების შემდეგ გააჩაღა. მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, სარჩელში ლაპარაკია გელოვანისგან სესხის ხელშეკრულებით თანხის ამოღებაზე. თანხის რაოდენობა ჯერ არ სახელდება. მედია წერს, რომ ქალი ყოფილი ქმრისგან ვალების დაბრუნებას ითხოვს. როგორც ის ამტკიცებს, წლების წინ, ერთად ცხოვრებისას, პროდიუსერს გარკვეული რაოდენობის თანხა ასესხა, რომელიც გელოვანმა უკან აღარ დაუბრუნა.

სხვათა შორის, მედიაში დროდადრო ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოზლოვსკი მზადაა საყვარელ ქალს ცოლობა შესთავაზოს. ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ. მოსკოვის ცენტრში დანილამ ძვირადღირებული უძრავი ქონება შეიძინა, მაგრამ ეს შეუძლებელია ყოფილ ქმართან, გელოვანთან განქორწინების გარეშე.

კოზლოვსკი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. მეორე ქორწინებიდან მსახიობ ოლგა ზუევასთან საერთო შვილი ჰყავს. ახლა ქალი ვაჟთან ერთად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც შვილს კოზლოვსკი პერიოდულად აკითხავს.

  • ვინ არის არჩილ გელოვანი?

არჩილ გელოვანი წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი და კინოპროდიუსერია, რომელიც წლებია რაც რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. გელოვანი 1974 წლის 15 დეკემბერს მოსკოვში დაიბადა, გაიზარდა ინტელექტუალურ ოჯახში. ბაბუა უფროსი არჩილ გელოვანი მარშალი გახლდათ, მამა, ვიქტორ გელოვანი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დედა, ნანა მუშაობდა კარდიოლოგად და სამხედრო ექიმად.

1991 წელს გელოვანმა სწავლა რუსეთში MGIMO-ში (საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი) დაიწყო. სამი წლის შემდეგ რუსეთი დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა, ჯერ ჰარვარდის, შემდეგ კი ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1999 წელს მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მეგობრებთან ერთად შექმნა დეველოპერული კომპანია METRA.

2001 წლიდან დაიწყო ინვესტირება მომგებიან მაღალტექნოლოგიურ პროექტებში. ამისათვის გელოვანმა დააარსა კომპანია General Nano Optics, რომელიც სპეციალიზირებული იყო ნახევარგამტარი ლაზერების შემუშავებასა და წარმოებაში. ასევე, ჩამოაყალიბა ასოციაცია NEOZINC, რომელიც აწარმოებს სპეციალურ დამცავ საფარებს ლითონის პროდუქტებისთვის.

  • კინო

მოგვიანებით გელოვანმა გადაწყვიტა ბედი კინოინდუსტრიაში ეცადა. 2007 წლიდან დაიწყო მხატვრული ფილმების წარმოება. გელოვანი 2009-2011 წლამდე - საქართველოში ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობდა. მედიის ინფორმაციით, მან თავისი წვლილი შეიტანა სტუდიის ოქროს ფონდის არქივის აღდგენაში.

მისი ფინანსური მხარდაჭერით ათზე მეტი სხვადასხვა ფილმი გამოვიდა. მათ შორის, "რუსული სამკუთხედი“, "მონადირე“, რეზო გიგინეიშვილის "სიყვარული აქცენტით".

არჩილმა თავადაც სცადა მსახიობობა. 2006 წელს "ბუმერის" მეორე ნაწილში ითამაშა, ხოლო 2008 წელს - ფილმში "სიხარულის სახლი".

  • პირადი ცხოვრება

არჩილ გელოვანი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ იძებნება. ბიზნესმენს პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს.

მეორედ არჩილი ოქსანა აკინშინაზე დაქორწინდა. გელოვანი და აკინშინა ერთმანეთს 2011 წელს ფილმის - "სიყვარული აქცენტით“ გადაღებების დროს შეხვდნენ. ასაკობრივმა სხვაობამ (13 წელი) მათ გრძნობებს ხელი არ შეუშალა. 2012 წელს ვარსკვლავური წყვილი მოსკოვის კინოფესტივალზე პირველად გამოჩნდა ერთად. ამ დროს მსახიობი უკვე ორსულად იყო. იმავე წელს გადაიხადეს ქორწილი.

პირველ შვილს კონსტანტინე დაარქვეს და მამის სამშობლოში, საქართველოში მონათლეს. ბავშვის დაბადებიდან მალე გავრცელდა ჭორები, რომ გელოვანისა და აკინშინას ქორწინება საფრთხის ქვეშ იყო. მედია წერდა, რომ გელოვანს ახალგაზრდა ფრანგი ქალი შეუყვარდა, მაგრამ ოქსანას არ სურდა ქმრის დათმობა და მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა ოჯახის გადასარჩენად.

ჭორებს ოჯახის მეგობარი გამოეხმაურა და თქვა, რომ არჩილს ოქსანა სიგიჟემდე უყვარს და მუდმივად ყვავილებითა და საჩუქრებით ანებივრებს. მალევე ჭორები უთანხმოების შესახებ თავად მსახიობმა უარყო და სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მათთან ყველაფერი კარგად იყო. ამის შემდეგ, 2017 წლის იანვრის ბოლოს წყვილს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც ემა დაარქვეს.

2017 წლის მაისში ოქსანამ გამოაცხადა, მათმა ვაჟმა კოსტიამ სწავლა დაიწყო შვეიცარიის საერთაშორისო ორენოვან სკოლაში La Garenne-ში და ოჯახი ალპების საკურორტო ქალაქ ვილარში გადასახლდა.

2018 წლის მაისში მსახიობმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ OK!-ს, სადაც დაადასტურა, რომ ის და მისი მეუღლე შვეიცარიაში ცხოვრობდნენ. ინტერვიუში ქალმა ასევე აღნიშნა, რომ არჩილის წასვლით, მის ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ მათი ქორწინება ნამდვილად დაშლის პირას იყო. მართლაც, 2018 წელს წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა.

მოგვიანებით, ნაწილობრივ დადასტურდა ვარაუდები ოქსანას ახალი რომანის შესახებ დანილა კოზლოვსკისთან. მსახიობებმა ერთად დაიწყეს ღონისძიებებზე გამოჩენა, შემდეგ კი თურქეთში გაემგზავრნენ დასასვენებლად. აკინშინამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი ერთ ოჯახად სერიალ "ჩერნობილის“ გადასაღებ მოედანზე იქცნენ.

არჩილი ყოფილ თანამგზავრს არ ჩამორჩა - მანაც იპოვა ახალი სიყვარული - ეს სოფია კაპკოვაა. ჟორა კრიჟოვნიკოვის კომედიის "ნათესავების“ პრემიერაზე ისინი ხელჩაკიდებული გამოჩნდნენ. ეს ფოტოები ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში.

  • შვილები

2022 წელს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი ოქსანასგან შვილების წაყვანას აპირებდა. როგორც ირკვევა, პროდიუსერმა ვაჟი და ქალიშვილი მართლაც საქართველოში წაიყვანა, სადაც ბებიამ შვილიშვილების აღზრდა დაიწყო. მედია წერს, რომ გელოვანი სასამართლო პროცესისთვის ემზადება.

  • სკანდალი გელოვანის გარშემო

2010 წელს გელოვანი სკანდალში გაეხვა. ბიზნესმენი საქართველოში დააკავეს და ბრალი თსუ-ს ბიბლიოთეკიდან უნიკალური პუბლიკაციების ქურდობაში დასდეს. ჩხრეკისას გელოვანს 41 ძვირადღირებული წიგნი უპოვეს.

მასთან ერთად დააკავეს საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი და რობერტ მნაცაკანოვი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებიდან ეროვნული, ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე უნიკალური XVIII-XIX საუკუნის წიგნების ფარულად გატანა. გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილები წიგნებზე ბიბლიოთეკის შტამპს შლიდნენ და შუამავლების მეშვეობით ყიდდნენ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ქვეყნებში.

გელოვანმა პატიმრობაში 6 თვე გაატარა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი სახელი კიდევ ერთხელ ახსენეს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენებას მომღერალ სოფო ნიჟარაძის წინააღმდეგ მისცემდა.

  • რა მოხდა სოფო ნიჟარაძესა და არჩილ გელოვანს შორის

გელოვანის დაკავების შემდეგ, გავრცელდა ჭორი, რომ მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფილმში "სიყვარული აქცენტით“ ნიჟარაძის მთავარ როლზე დამტკიცება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. თითქოს გელოვანი შურისძიების მიზნით დააკავეს. თუმცა ეს ინფორმაცია საჯაროდ არავის დაუდასტურებია.

2013 წელს ჟურნალ "რეიტინგთან" გელოვანის ადვოკატი ლილი გელაშვილი ამბობდა:

"არჩილ გელოვანი წინა რეჟიმისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ის იყო "ქართული ფილმის“ დირექტორი და პროექტი "სიყვარული აქცენტით“, რომელიც საზოგადოებამ ნახა, მას ეკუთვნოდა. რასაკვირველია, ის იღებდა გადაწყვეტილებებს, როგორც პროდიუსერი, მთავარ თუ მეორეხარისხოვან როლებთან დაკავშირებითაც. ფილმის გადაღებები გაჩერდა არჩილ გელოვანის უსამართლო დაკავების შემდეგ და აღდგა მისი გათავისუფლების შემდეგ. სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებზე, როგორც ზემოთ გითხარით, მოგვიანებით ვისაუბრებთ."

  • გელოვანი ახლა...

რუსული მედია წერს, რომ არჩილის ცხოვრებაში რთული კარიერული პერიოდი გრძელდება. მისი ბოლო ფილმი - "საზღვრების გარეშე" - 2015 წელს გამოვიდა. მისი სამი კომპანიიდან ორი დაიხურა. 48 წლის პროდიუსერს მხოლოდ დამოუკიდებელი ტელეპროექტის კომპანია დარჩა, რომელიც ძლივს ფუნქციონირებს. ”უახლესი ფინანსური ანგარიშგებით თუ ვიმსჯელებთ, გელოვანის პროექტს წელიწადში 584000 რუბლის წმინდა მოგება მოაქვს, რაც თვეში 50000-ზე ნაკლებია”, - წერს მედია.