"საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს დიკო ჯოჯუასთვის კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა" - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
"ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ დიანა ჯოჯუას საქმე პირველ ინსტანციაში წარმატებით დაასრულეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ს დიანა ჯოჯუას კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა," - წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "მთავარი არხის" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ მას პირიქით, რუსთავი 2-ისთვის თანხის გადახდა დააკისრა. მისი ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ 12 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.