ავტორი:

"ფოტოებზე აღბეჭდილი ერთ-ერთი ახალგაზრდა დამიკავშირდა და მითხრა, რომ გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე" - რას ჰყვება დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედა?

"ფოტოებზე აღბეჭდილი ერთ-ერთი ახალგაზრდა დამიკავშირდა და მითხრა, რომ გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე" - რას ჰყვება დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედა?

"რადიო თავისუფლება" აქვეყნებს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედასთან ინტერვიუს, სადაც ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ მას დაუკავშირდა იმ ორი ახალგაზრდადან ერთ-ერთი, რომლის ფოტოებიც რამდენიმე დღის წინ სოცქსელში გაავრცელა.

  • ცნობისთვის, ნატო ხუტაშვილმა რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" ორი ახალგაზრას ფოტო გამოაქვეყნა და წერდა, რომ შესაძლოა მათ მისი შვილის გარდაცვალებაზე რაიმე ინფორმაცია ჰქონოდათ, რადგან კამერებმა ისინი სწორედ იმ ტერიტორიის სიახლოვეს დააფიქსირეს, სადაც უგონოდ მყოფი ანი იპოვეს.

"მითხრა, რომ ფოტოზე ნამდვილად ის იყო და იმ საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე, თუმცა, მას არანაირი ხმა არ გაუგია. მითხრა, აუცილებლად დაგეხმარებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი საეჭვო ხმა არ გაგვიგიაო. ოთხი მეგობარი იყო ერთად, ხმაურით მიდიოდნენ, მეგობარს აცილებდნენ" - ამბობს ხუტაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ანი იანუშაიტიტეს ლიეტუვისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ამიტომ, ანის გარდაცვალების საქმე მაშინვე მოექცა ლიეტუვის გენერალური პროკურატურის ინტერესის არეალში. "რადიო თავისუფლება" ასევე აქვეყნებს ლიეტუვური მედია-პორტალის Delfi.lt-ის ვრცელს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურორსა და ლიეტუვის გენერალური პროკურორს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა შეთანხმება, რის შემდეგაც, საქართველოში ლიეტუვიდან ჩამოვიდნენ პროკურორი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი.

"მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებმა გამოთქვეს გარკვეული ეჭვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა, ბავშვის ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე, დაუკავშირდა ლიეტუვის პროკურორს და მიმართა თხოვნით, რომ საქმეში ჩართულიყვნენ ლიეტუველი ექსპერტები" - წერია ლიეტუვური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

  • ინფორმაციისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმეზე, ბავშვის დედას და "უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი 28 აპრილს გადაეცათ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ასევე, სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსიაა.