ავტორი:

"უნდა გვცოდნოდა, რომ ეს დღე ჩვენც დაგვიდგებოდა... მოსახლეობა უცხო ნომრებიდან მუქარის შემცველ მესიჯებს იღებს" - პანიკა ბელგოროდში: რას ამბობენ ადგილობრივები?

"უნდა გვცოდნოდა, რომ ეს დღე ჩვენც დაგვიდგებოდა... მოსახლეობა უცხო ნომრებიდან მუქარის შემცველ მესიჯებს იღებს" - პანიკა ბელგოროდში: რას ამბობენ ადგილობრივები?

რუსული მედია აქტიურად წერს უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში მიმდინარე პროცესებზე, სადაც უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსების ლეგიონმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, მანამდე კი რუსული სასაზღვრო პუნქტი გაანადგურა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბელგოროდსა და მის შემოგარენში მცირე ინციდენტები მანამდეც ყოფილა, თუმცა 23 მაისის ღამეს, დრონებმა იერიში განახორციელეს თავად ოლქში უკრაინის მხრიდან შემოჭრილი დივერსიული ჯგუფის ლიკვიდაციისთვის.

არსებული ცნობების მიხედვით, ამბოხებულებმა დაბომბეს ბელგოროდში მდებარე რუსული "ეფესბეს" შენობა, სოფელ ბორისოვკაში დრონმა ასაფეთქებელი ჩამოაგდო ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის თავზე...

ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, აფეთქების შედეგად შენობის სახურავი დაზიანდა, საჰაერო იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა. მოგვიანებით მანვე გაავრცელა ცნობა დრონიდან განხორციელებული მეორე იერიშის თაობაზე, რომელმაც საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.

  • გლადკოვის განცხადებით, კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება, პარალელურად კი, ოლქიდან მიმდინარეობს მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია.

arbat.media-ის ცნობით, ოლქში ვითარება მუდმივად იცვლება - დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოწინააღმდეგე შევიდა, არიან დაჭრილები. ერთი ადგილობრივი გარდაიცვალა. ამიტომაც, ევაკუირებულ მოქალაქეებს სთხოვენ, ამ ეტაპზე შინ დაბრუნებისგან თავი შეიკავონ, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებთან ერთად განაგრძობს ტერიტორიის გაწმენდას.

უკრაინა ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან კავშირს უარყოფს. ბელგოროდის ოლქში, გრაივორონსკის რაიონზე შეტევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და ლეგიონმა "რუსეთის თავისუფლება" აიღო.

ბოლო თვეების განმავლობაში, მათ რამდენიმე ლოკალური ოპერაცია ჩაატარეს და ვიდეომიმართვებიც გაავრცელეს, თუმცა მათი გააქტიურებისა და მასშტაბურობის არავის სჯეროდა. ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება" აცხადებს, რომ ისინი პუტინის რეჟიმის დამარცხებისკენ ისწრაფვიან.

Mk.ru (Московский комсомолец)-ის ცნობით, უკრაინის საზღვართან სიტუაცია კვლავ მძიმეა.

"ეს არის კონტრტერორისტული ოპერაცია, რომელიც უკრაინის დივერსიული ჯგუფების მიერ არის გამოწვეული, თუმცა ოლქის გუბერნატორი ირწმუნება, რომ მალე ყველაფერი დასრულდება. ახლა საკითხავია, რამდენად მალე...

მოსახლეობა პანიკაშია, რადგან მათ უცნობი ნომრებიდან მუდმივად მისდით მუქარას შემცველი შეტყობინებები. თვითმხილველები საუბრობენ, რომ გრაივორნიდან ისმის აფეთქებების ხმები. ისინი, ვისაც სარდაფი აქვს, ცდილობს, უსაფრთხო ადგილი იპოვოს. ოლქში სრული პანიკაა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მათ ახლობლებს დახმარება სჭირდებათ.

რამდენიმე ადგილობრივი წერს, რომ მათი ახლობლები მაღაზიის სარდაფებში ჩაიკეტნენ, ახლა კი, ვეღარ გამოდიან, ხშირ შემთხვევაში, მათთან კავშირი წყდება და ოჯახის წევრები ვერ პოულობენ... ამასთან, ირკვევა, რომ ოლქის მაცხოვრებლები ბოლოდროინდელი მუდმივი არასტაბილურობის გამო, საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ და კომპენსაციას ითხოვენ" - წერს გამოცემა.

"ჩვენი მოსახლეობა საზღვრის გამაგრებას ითხოვს, რადგან ძალიან შეშინებულია. ადგილობრივების თქმით, მათ მუდმივად ესმით აფეთქებების ხმა და მოსახლეობა სხვადასხვა სოფლებსა და დასახლებული პუნქტებიდან უწყვეტად გაედინება" - წერს კიდევ ერთი გამოცემა news.ru.

РИА Новости-ს ცნობით, პუტინის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, დივერსანტების მოქმედებების აღსაკვეთად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს...

გამოცემის ცნობით, რუსები ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ დესტაბილიზაცია რუსეთის ტერიტორიაზეც უნდა დაწყებულიყო...

"უნდა გვცოდნოდა, რომ ეს დღე ჩვენც დაგვიდგებოდა, როდესაც ბომბებს თავშესაფრებში დავემალებოდით... უკვე არც რუსული ცაა უსაფრთხო. ძნელი სათქმელია, რა იქნება ხვალ, მაგრამ აშკარაა, რომ ყველაფერი ამით არ დასრულდება და შეიძლება მსგავსი დივერსიები რუსეთის სხვა ტერიტორიებზეც დაიწყოს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალექსეი პოპოვი.

წაიკითხეთ ასევე: