ავტორი:

ქართული ფულის 26-საუკუნოვანი ისტორია და უნიკალური მონეტები

ქართული ფულის 26-საუკუნოვანი ისტორია და უნიკალური მონეტები

კოლხური თეთრიდან ქართულ ლარამდე 26 საუკუნე გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართული ფულის განვითარება ქვეყნის განვითარების ტემპსა და კურსს მიჰყვებოდა.

მსოფლიოში პირველი მონეტა ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში, მცირე აზიის სახელმწიფო ლიდიაში მოიჭრა. ერთი საუკუნის შემდეგ ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში უკვე კოლხური თეთრი მოიჭრა. შესაბამისად, ქართული ფული ერთ-ერთი ყველაზე ძველია მთელ მსოფლიოში.

კოლხური თეთრი

კოლხური თეთრი ვერცხლისგან იყო დამზადებული, ნომინალური სისტემით კი ბერძნულ მონეტებს უტოლდებოდა. სწორედ ამიტომ კოლხური თეთრით ანგარიშსწორება სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ შეიძლებოდა.

კოლხური თეთრი აღმოჩენილია როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებს გარეთ. პირველი კოლხური თეთრი ათენში, ტრაპიზონში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იპოვეს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოლხური თეთრი კი ვანის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

კოლხურ თეთრს რამდენიმე ნომინალი ჰქონდა. უფრო მეტად მიმოქცევაში იყო მცირე ნომინალი - ნახევარდრაქმიანი, რომელზეც ხარი იყო გამოსახული. ოთხდრაქმიანზე გამოსახული იყო დაღრენილი ლომის თავი, რევერსზე კი ფრთოსანი რაში. ამ მონეტის სულ სამი ორიგინალი არსებობს: ერთი ინახება ჰააგის მუზეუმში, მეორე ბრიტანეთის მუზეუმში და მესამე - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

მოგვიანებით, ქრისტეს შობამდე I საუკუნეში ქართულმა ქალაქმა დიოსკურიამ საკუთარი ფული გამოუშვა. ეს დიოსკურიის, უძველესი სოხუმის საქალაქო მონეტები გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე ნომინალებით, ანუ ხურდა ფულის ეკვივალენტით მოიჭრა, საქალაქო მონეტების არსებობა დიოსკურიის მაღალ ეკონომიკურ განვითარებაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ უძველეს დროში საქართველოში ადგილობრივი ფულის პარალელურად, მიმოქცევაში იყო როგორც ალექსანდრე მაკედონელის ოქროს საფასეები, ისე რომის იმპერიის დინარები და პართიის სამეფოს ვერცხლის დრაქმები.

ვერცხლის კრიზისი და სპილენძის მონეტები

ქართული ფულის ისტორიაში აღსანიშნავია დავითისა და თამარის პერიოდის ქართული მონეტები, თუმცა ამ პერიოდში ე. წ. ვერცხლის კრიზისი იყო და ამიტომ დავითიდან რუსუდანამდე, საქართველოში ვერცხლის მონეტა არ მოჭრილა. X საუკუნის გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ისტორიიდან გამორჩეულია დავით IV აღმაშენებლის მონეტა, რომლის ორიგინალი ლონდონის მუზეუმშია დაცული. ამ მონეტაზე დავითი მთელი თავისი სამეფო დიდებით არის გამოსახული, ხოლო რევერსზე წარწერაა: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა". ვერცხლის კრიზისმა და სპილენძის მონეტების ხანგრძლივმა მიმოქცევამ დასაბამი მისცა არაწესიერი ჭედვის მონეტებს. არაწესიერი ჭედვის მონეტებს ხშირად არ ჰქონდა ნომინალების აღმნიშვნელი წარწერები, თუმცა ვერცხლის ფულის, დირჰემის ღირებულებით იყო მოჭრილი.

გამორჩეულია დავით III კურაპალატის დროს მოჭრილი ვერცხლის მონეტა. მასზე ვკითხულობთ: „ქრისტე შეიწყალე დავით“, რევერსზე კი გამოსახულია ჯვარი და ქართული წარწერა: „კურაპალატი“. ეს ერთ-ერთი იშვიათი ქართული მონეტაა, რომელიც ჩართული იყო საერთაშორისო მიმოქცევაში. სულ აღმოჩენილია ოთხი ცალი, ოთხივე საზღვარგარეთ. ერთ-ერთი ნაპოვნია 1859 წელს გერმანიის ქალაქ შვაანთან, მეორე 1878 წელს სანქტ-პეტერბურგში, მესამე - 1900-იან წლებში ესტონეთის ქალაქ ვილაში, მეოთხე კი შვედეთში. ეს მონეტა ადასტურებს X-XI საუკუნეებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ევროპის ქვეყნებთან.

ერეკლე II-ის პერიოდში სამონეტო საქმე ძალიან მაღალ დონეზე ავიდა. მეფემ საკუთარი საბადოები აამოქმედა, სადაც პონტოელი ბერძნები ჩამოასახლა და ქართული ლითონის მოპოვება დაიწყო. ვერცხლის თუ სპილენძის ყოველი მონეტა, რომელიც მის დროს იყო მოჭრილი, საქართველოს სამხრეთში, ბორჩალოს მხარეში მოპოვებული ლითონისგან არის ნაჭედი. ერეკლეს მონეტებზე გამოსახული იყო თევზი, როგორც უძველესი ქრისტიანული სიმბოლო, ასევე ბაგრატიონთა იმდროინდელი სახელმწიფო გერბი. ერეკლე II-ის მეფობისას საქართველოში იჭრებოდა სირმა აბაზები. საქართველოს გარდა, ეს მონეტები მიმოიქცეოდა აზერბაიჯანში, სომხეთში და დაღესტანშიც. მიუხედავად იმისა, რომ 1801 წლიდან საქართველოში რუსეთის იმპერიის მმართველობა დამყარდა, ერეკლე II დროს მოჭრილი მონეტები მიმოქცევაში XIX საუკუნის 30-იან წლებამდე დარჩა, რაც მისმა სანდოობამ განაპირობა. გარდა იმისა, რომ მყარი ფულის ერთეული იყო, თავად ლითონი, რისგანაც მონეტები იყო მოჭრილი, 98%-იანი სისუფთავით გამოირჩეოდა. ერეკლეს მმართველობისას მოიჭრა "ერეკლეს ჩერვონეციც". სამეცნიერო ლიტერატურაში ეს მონეტა აღწერილია, როგორც მცირე უზუსტობის მქონე მონეტა, რადგან ავერსის თარიღი არ ემთხვევა რევერსისას. ფართო მიმოქცევაში არ ყოფილა და მხოლოდ ათამდე ორიგინალია დაცული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

უიშვიათეს ქართულ მონეტად ითვლება დავით ბატონიშვილის სპილენძის მონეტა, რომლის ავერსზე ფარშევანგია გამოსახული და თარიღი ჰიჯრით: 1215. რევერსზე წარწერაა: „ტფილისი“. 1801 წელს, ქართლ–კახეთის მეფე გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1783 წლის ტრაქტატი და ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა. წესით, გიორგი მეფის ვაჟი, დავითი უნდა გამეფებულიყო, მაგრამ რუსებმა არ დაანებეს. დავით ბატონიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ მეფე არ ყოფილა, მოჭრა მონეტა, რომელიც უიშვიათეს ქართულ მონეტად ითვლება. ცნობილია მისი ერთადერთი ეგზემპლარი. ეს მონეტა დაცულია ბერლინის მუზეუმში.

ქართული ვალუტა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ

საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საკუთარ ვალუტაზე მუშაობაც დაიწყო. 1919 წელს დროებითი გადახდის საშუალება - ქართული ბონი დაბეჭდეს. ქართული ვალუტის ემისიის უფლება იმ დროს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა გახლდათ, ამიტომ ქართულ ბონებზე დატანილია დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ფაქსიმილე. ქართულ ბონებზე გამოსახული იყო ქართული გერბი, როგორც საქართველოს რესპუბლიკის სიმბოლო.

ქართული სახელმწიფო მუშაობდა ეროვნული ვალუტის შექმნაზეც, სახელიც მოფიქრებული ჰქონდათ, მას მარჩილი უნდა დარქმეოდა. ცნობილი მხატვარი ევგენი ლანსერე ხატავდა ერთ-ერთი ნომინალის ნიმუშს, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული, თუმცა განვითარებული მოვლენების გამო მარჩილის გამოშვება არ მოხერხდა.

ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი მიმოქცევაში შემოდის 1995 წლის 2 ოქტომბერს. მისი ესკიზის შექმნაზე სახელმწიფო კომისია დაახლოებით ორ წელი მუშაობდა. ფულის სახელწოდება აღებულია "ვეფხისტყაოსნიდან", როგორც ზოგადად, ქონების კრებითი სახელი. რაც შეეხება ხურდა ფულს, თეთრებს, ამ სახელით XI საუკუნის ქართულ ფულს, ვერცხლის მონეტებს მოიხსენიებდნენ.

როგორც ვნახეთ ქართული ფულის ისტორია მრავალსაუკუნოვანი და ძალიან საინტერესოა. მათი დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე „პალიტრა L-მა” შექმნა პროექტი „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“, რომელიც 24 განსხვავებულ მონეტას აერთიანებს და საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს. გამომცემლობამ პროექტი პირველად 2016 წელს წარუდგინა ფართო საზოგადოებას და მას შემდეგ მონეტების კოლექცია აქტუალობას არ კარგავს. ის საუკეთესო საჩუქარია როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. 24 განსხვავებული მონეტა 24 ისტორიას მოიცავს. სწორედ ამიტომ პროექტს „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ ხშირად აფასებენ როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეს, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს.

კოლექციაში შემდეგი ისტორიული მონეტებია შესული:

· დიდრაქმა. ვერცხლი. კოლხეთი. ძვ.წ. V ს.

· დიდრაქმა. ვერცხლი. კოლხეთი. ძვ.წ. V ს.

· სტატერი. ოქრო. კოლხეთის მეფე აკა. ძვ.წ. II ს-ის დასაწყისი.

· ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძი. ოქრო. ძვ. წ. I - ახ.წ. I სს.

· დრაქმა. ვერცხლი. ერისმთავარი სტეფანოს I. 592 წ

· დრამა. ვერცხლი. დავით III კურაპალატი (978-1001)

· დრამა. ვერცხლი. ბაგრატ IV (1027-1072)

· სპილენძი. დავით IV აღმაშენებელი (1089-1125)

· სპილენძი. გიორგი III (1156-1184). 1174 წ.

· სპილენძი. თამარი (1184-1207, 1210, 1213). 1187 წ.

· სპილენძი. გიორგი IV ლაშა (1210-1223). 1210 წ.

· სპილენძი. გიორგი IV ლაშა (1210-1223). 1210 წ.

· დრამა. ვერცხლი. რუსუდანი (1223-1245). 1230 წ.

· მონღოლური ანონიმური დირჰემი. ვერცხლი. თბილისი. 1244-1245

· დრამა. ვერცხლი. დავით VI ნარინი. თბილისი. 1247წ

· დრამა. ვერცხლი. დავით VI ნარინი (1247-1293) და დავით VII ულუ (1247-1270)

· დრამა. ვერცხლი. დავით VII ულუ. (1247-1270) თბილისი. 1252-1253

· სპილენძი. დემეტრე II (1271-1289). 1280 წ.

· ვერცხლი. ქართულ-ჰულაგუიდური. ვახტანგ III (1297-1308)

· ბილონი. სამცხის ათაბაგი ყვარყვარე (1451-1499)

· ვერცხლი. გიორგი II (1565-1585). იმერეთის მეფე

· ნახევარი ბისტი. სპილენძი. ერეკლე II (1762-1798). თბილისი. 1765-1766

· ნახევარი ბისტი. სპილენძი. გიორგი XII (1798-1800). თბილისი. 1798-1799

· ორი აბაზი. ვერცხლი. თბილისი. 1806 წ.

სპეციალურად 26 მაისისთვის მონეტების შესახებ წიგნ-ალბომსა და სრულ კოლექციას განსაკუთრებულ ფასად, 80 ლარად შესთავაზებს მსურველებს.