სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მართლაც რომ ისტორიული განცხადება გააკეთა და არა მარტო სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის - სომხეთი მზადაა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვ.კმ-ის ფართობში, რომელშიც, ასევე, შედის მთიანი ყარაბაღიც, სამაგიეროდ აზერბაიჯანმა უნდა სცნოს სომხეთის ტერიტორიული სუვერენიტეტი 29 800 კვ.კმ-ის ფართობში...
ფაქტობრივად, ერევანი ბაქოს მოუწოდებს, შეთანხმდნენ 1991 წლის ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში არსებულ საზღვრებზე, რაზეც აზერბაიჯანი სამი ათეულ წელი ოცნებობდა, მას შემდეგ, რაც 1992-94 წლებში სომხებმა შეძლეს სრული კონტროლის დამყარება არა მარტო ყოფილ "მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქზე“, არამედ მათ ხელს აზერბაიჯანის კიდევ შვიდი რაიონი "მიაყოლეს“, ბუფერულ ზონებად...
2020 წლის 44-დღიან ომში გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანმა დაიბრუნა ეს შვიდივე რაიონი და კონტროლი დაამყარა ყარაბაღის დიდ ნაწილზეც, მაგრამ დანარჩენ ყარაბაღში დარჩენილ სომხებს იარაღი არ დაუყრიათ და არც ტანკები ჩაუბარებიათ ჯართში, პირიქით, კონფლიქტის ზონაში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების ჩაყენების შემდეგ (რაზეც იმ მომენტში ალიევი პუტინს ვერ შეეწინაღმდეგებოდა) ყარაბაღის კონფლიქტი, ფაქტობრივად, "გაიყინა“ და ასე წლები გაგრძელდებოდა, რომ არა პრეზიდენტ ალიევის ძალზე გააქტიურება თურქი კოლეგის, ერდოღანის მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის ფონზე...
გამომდინარე იქიდან, რომ ყარაბაღში ჩამდგარი რუსი ე.წ. სამშვიდობოების თვალწინ აზერბაიჯანის არმია ღია შეტევას ვერ დაიწყებდა სტეპანაკერტელ სომხებზე, ბაქომ უფრო ეშმაკურ ხერხს მიმართა - ჯერ ეკოაქტივისტებს ნახევარი წლით ჩააკეტინა შუშასთან ლაჩინი-სტეპანაკერტის საავტომობილო გზა აზერბაიჯანის ბუნების ეკოლოგიის დაცვის საბაბით, შემდეგ კი სომხეთიდან აზერბაიჯანის საზღვარზე გადასასვლელ ხიდზე, ლაჩინის დერეფნის დასაწყისში, მოულოდნელად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გახსნა, რითაც სრულ კონტროლზე აიყვანა სომხეთიდან სტეპანაკერტისკენ მიმავალი მგზავრებისა და ტვირთების ნაკადი.
ამით, ფაქტობრივად, გამოირიცხა სომხეთიდან ყარაბაღელი სომხებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალისა და მით უმეტეს - სამხედრო ტექნიკის მიწოდება, რამაც სრულიად არაპერსპექტიული გახადა ყარაბაღელი სომხების მიერ წარმატებული თავდაცვითი ბრძოლების წარმოება აზერბაიჯანის სტეპანაკერტზე შეტევის დაწყების შემთხვევაში.
უფრო მეტიც, ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვებულ აზერბაიჯანს ტერიტორიული პრეტენზიები უკვე იქით გაუჩნდა სომხეთის მიმართ, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის უქონლობის გამო და აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასაზღვრო ბოძები ასეულობით მეტრით, დასავლეთით, სომხეთის ტერიტორიაზე გადააჩოჩეს...
სომხეთის ახლანდელმა ხელისუფლებამ, გააანალიზა რა შექმნილი სიტუაცია, პირველ რიგში ის, რომ პუტინის რუსეთმა სომხეთის სტრატეგიული ინტერესები "გაყიდა“ 2020 წლის ყარაბაღის ბოლო ომის დროს და ერევანს არ აღმოუჩინა სათანადო სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორც რუსეთის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, პრემიერმა ფაშინიანმა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ძებნა დასავლეთში, კერძოდ კი - აშშ-სა და საფრანგეთში დაიწყო, სადაც ისტორიულად ძლიერია სომხური ლობი. გააგრძელეთ კითხვა