ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგი“ და "ვოლვო ქარ კავკასია“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს წელსაც შეუერთდნენ

"თეგეტა ჰოლდინგი“ და "ვოლვო ქარ კავკასია“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს წელსაც შეუერთდნენ

საქართველო გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს მეშვიდედ შეუერთდა. ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან, "თეგეტა ჰოლდინგთან“ და "ვოლვო ქარ კავკასიასთან“ ერთად, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გამართა.

#გადახედემობილობას, #ქუჩებისიცოცხლისთვის - ასეთი იყო წლევანდელი ღონისძიების სლოგანი. უცვლელი დარჩა გლობალური კვირეულის მიზანი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაზიანებულთა რიცხვის 50%-ით შემცირებას გულისხმობს. ამ მიზნის მისაღწევად კი მოქმედებაა საჭირო და, სხვადასხვა ღონისძიების გატარებასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე: "გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული, რომელიც უკვე მეშვიდედ აღინიშნა მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, გულისხმობს საუბარსა და ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით. ამიტომაც მუდმივად ვცდილობთ, ისეთი ინტერვენციები გავატაროთ, რაც ყოველწლიურად შეამცირებს გზებზე მსხვერპლს. წლევანდელი კვირეულის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შეხვედრები ახალგაზრდებთან, რომლებიც ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი აუდიტორიაა. გადამწყვეტია, რომ მათ თავიდანვე კარგად ჰქონდეთ გააზრებული საკითხის აქტუალურობა და პასუხისმგებლობა, რომელიც საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს ეკისრება. საქართველო საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. პრობლემებია ტექნიკური ინსპექტირების მხრივ - ეს რეფორმა გასაუმჯობესებელია; აღმოსაფხვრელია ინფრასტრუქტურული ხარვეზები დედაქალაქშიც და განსაკუთრებით რეგიონებში; ცალკეა ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა. გამოწვევა ბევრია, თუმცა ვფიქრობ, მუშაობისა და მიზანმიმართული ქმედების შედეგად ეს ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და მოგვარდეს“.

გლობალურ კვირეულს ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი და კერძო კომპანიები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ, საერთო მიზანს ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ. მათ შორის არის "თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც გაეროს საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებს, თავის შვილობილ კომპანია "ვოლვო ქარ კავკასიასთან“ ერთად უჭერს მხარს.

ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "უსაფრთხოება ,,თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. წელს უკვე მეორედ ვუერთდებით გლობალურ კვირეულს. ჩვენი ჩართულობა ამჯერად დედაქალაქს გასცდა. ,,თეგეტას“ ქუთაისის მომსახურების ცენტრში, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მომხმარებელს საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცა. ვფიქრობთ, კვირეულში ჩართვით შევძელით, სულ უფრო მეტი ადამიანისთვის მიგვეწვდინა ხმა, რომ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვითა და ზრუნვით მეტი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი“.

საგზაო უსაფრთხოება "თეგეტა ჰოლდინგისა“ და "ვოლვო ქარ კავკასიისთვის“ საკვანძო პრიორიტეტია. თავის მხრივ, Volvo მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მდგრადი საავტომობილო ბრენდია. შვედურ კომპანიას რეგიონში "ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს, რომელიც ბრენდის მიღწევებსა და ხედვებს უსაფრთხოების საკითხებში გარშემომყოფებს აქტიურად უზიარებს. წელს ასეთი საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში შედგა.

გაგა კოხრეიძე, "ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: ,,კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან უსაფრთხოებასა და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ის ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებსაც Volvo მომხმარებელს სთავაზობს. 1959 წელს შვედური ბრენდი პირველი იყო, რომელმაც უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი შექმნა და უკლებლივ ყველა ავტომწარმოებელს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა. სწორედ ამ ღვედის დამსახურებით მილიონზე მეტი სიცოცხლე გადარჩა. ვოლვოს ინოვაციაა ბავშვის სავარძელიც, რომელიც ავტომობილში მოძრაობის საპირისპირო მხარეს მაგრდება და ყველაზე საიმედოა. სკანდინავიური ბრენდის ინჟინრებმა შექმნეს "ბრმა ზონების“ კონტროლის მექანიზმიც, რომელიც მძღოლს შეჯახებისგან იცავს. 2020 წლისთვის Volvo Cars-ის მისია იყო, მის ავტომობილებში გარდაცვალების მაჩვენებელი ნულის ტოლი ყოფილიყო. ბრენდის შემდეგი მისიაა, რომ დაზიანების მაჩვენებელიც ნულოვანი იყოს როგორც ავტომობილში მსხდომთათვის, ასევე მათთვისაც, ვინც შესაძლოა ვოლვოს წინ გადაურბინოს“.

დედაქალაქის გარდა, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისშიც. მოსწავლეები ქალაქის მერს შეხვდნენ და საგზაო მოძრაობის კუთხით ადგილზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. საკითხზე იმსჯელეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც. სტუდენტებს ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული გაეროს წევრ ქვეყნებში ერთსა და იმავე პერიოდში იწყება და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. ახალი სლოგანით და უცვლელი ამოცანით კვირეული ზუსტად ერთი წლის თავზე დაბრუნდება.