SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა გაუშვა, რომლითაც კოსმოსში პირველად გაემგზავრა არაბი ასტრონავტი ქალი.
რაიანა ბარნავი მკერდის კიბოს მკვლევარია საუდის არაბეთიდან. კოსმოსურ მისიაში მას შეუერთდა ალი ალ-კარნი, საუდის არაბეთის სამეფო საჰაერო ძალების მებრძოლი პილოტი. ისინი SpaceX Falcon 9 რაკეტით აშშ-ის სამხრეთიდან, კეიპ კანავერალის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდნენ, ადგილობრივი დროით, 17:37 საათზე. მათ გუნდს შეუერთდა პეგი უიტსონი, NASA-ს ყოფილი ასტრონავტი, რომელიც უკვე მეოთხედ მიფრინავს კოსმოსურ სადგურში და ჯონ შოფნერი, ბიზნესმენი ტენესის შტატიდან, რომელიც პილოტის ფუნქციას ასრულებს. ოთხივე მათგანი კოსმოსურ სადგურზე აშშ-ს დროით ორშაბათს დილით მიაღწევს და იქ ერთ კვირაზე მეტ ხანს დაყოფს.
"მოგესალმებით კოსმოსიდან! საოცარი შეგრძნებაა, როცა დედამიწას ამ კაფსულიდან ხედავ", - თქვა ბარნავიმ ორბიტაზე გასვლის შემდეგ. საუდის არაბეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ბარნავიმ განაცხადა, რომ მისთვის "დიდი პატივი და სიხარულია" იყოს პირველი არაბი ქალი ასტრონავტი, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა. არაბეთიდან კოსმოსში ბოლოს 1985 წელს საუდის პრინცი გაემგზავრა.
მისია ჰიუსტონში დაფუძნებული Axiom Space-ის მიერაა ორგანიზებული. კომპანია, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, სადგურზე საკუთარი ოთახების დამატებას გეგმავს. უცნობია, თუ რამდენს იხდიან საუდის არაბეთი, შოფნერი და ტენესელი ბიზნესმენი 10-დღიან მისიაში მონაწილეობისთვის. კომპანიამ წარსულში გაამჟღავნა, რომ თითო ბილეთის ფასი 55 მილიონი დოლარი იყო.
NASA ათწლეულების განმავლობაში არიდებდა თავს კოსმოსურ ტურიზმს, მაგრამ ამჟამად ის ყოველწლიურად ორ კერძო მისიას სთავაზობს მსურველებს.
წყარო: aljazeera
მოამზადა: ანა სიბოშვილმა