ავტორი:

"ევროპასა და ამერიკაში კი არა, საქართველოში ჩადის და ქორწილს კვერცხების სროლის ფონზე იხდის. ვაშა!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ლავროვის ოჯახის წევრის ქართულ ქორწილს?

"ევროპასა და ამერიკაში კი არა, საქართველოში ჩადის და ქორწილს კვერცხების სროლის ფონზე იხდის. ვაშა!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ლავროვის ოჯახის წევრის ქართულ ქორწილს?

19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ყვარლის სასტუმროში, ქმართან ერთად რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი იმყოფება და ქორწილის სამზადისშია, რუსულ მედიაშიც მოჰყვა გამოხმაურება.

  • რუსი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი წერს, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთს უკრაინაში უდიდესი ადამიანური დანაკარგი აქვს და დახოცილი სამხედროებისა და მოხალისე მეომრების ჩამოსვენების პროცესი ახლაც არ წყდება, ქვეყნის პირველი დიპლომატის შვილისგან ასეთი გრანდიოზული წვეულების მოწყობა, სულ ცოტა უხერხულია...

სხვების თქმით, სრული უთავმოყვარეობაა, იმ ქვეყანაში ტურისტად ჩასვლა, სადაც რუსეთის მოქალაქეებს კვერცხებითა და უხამსი შეძახილებით ხვდებიან, მაგრამ რუსმა ერმა დიდი ხანია თავმოყვარეობა დაკარგა...

არსებული ინფორმაციით, ყვარლის სასტუმროში ქორწილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონდეს.

obozrevatel.com-ის ცნობით, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ორი ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილი, ეკატერინა ლავროვა თბილისში ჩავიდა.

"კახეთის სასტუმროში იმყოფებიან რუსეთიდან ჩასული სხვა სტუმრებიც" - წერს გამოცემა.

ლავროვის ოჯახურ სკანდალს კიდევ ერთი რუსული გამოცემა vz.ru გამოეხმაურა. მისი ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ ლავროვის ქალიშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ქსენოფობია უწოდა, ოპოზიციის და მისი მომხრეების აქტიურობას კი ლიბერალური ფაშიზმი.

"საქართველოში ლავროვის ოჯახური სკანდალის გამო, ადგილობრივმა პოლიციამ 10-ზე მეტი აქტივისტი დააკავა" - წერს გამოცემა kavkaz-uzel.eu.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ხელისუფლება ელოდებოდა, რომ ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე ქსენოფობიური კამპანიის ტალღა იფეთქებდა და მისი პროგნოზი ახდა.

"მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის, ის არ ზის, ქართველი ადამიანის ბუნებაში, რაც ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ნაწილია" - წერს გამოცემა.

ლავროვების ოჯახურ სკანდალს ირონიული იუმორით ეხმარებიან ინტერნეტმომხმარებლებიც, მათი ნაწილის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს სანქციების ეფექტს.

"თუმცა გრანდიოზული დღესასწაულების გასამართად, ევროპასა და ამერიკაში კი არა, საქართველოში ჩადის და ქორწილს კვერცხების სროლისა და დაკავებების ფონზე იხდის. ვაშა!.. წინ ვართ" - წერს ელენა კარეტნიკოვა.

წაიკითხეთ ასევე: