ავტორი:

"ფრენებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია, სანქციებს არ ვაწესებთ! - ოპოზიციის მხრიდან ლაპარაკი, რომ ფრენების აღდგენა უმძიმესი მოვლენაა, სპეკულაციაა" - ირაკლი კობახიძე

"ფრენებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია, სანქციებს არ ვაწესებთ! - ოპოზიციის მხრიდან ლაპარაკი, რომ ფრენების აღდგენა უმძიმესი მოვლენაა, სპეკულაციაა" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა რუსეთ-საქართველოს პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით სანქციებს არ დააწესებს და ოპოზიციის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ფრენების აღდგენა უმძიმესი მოვლენაა, სპეკულაციაა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, "IRI-ს გაყალბებულ კვლევაშიც კი“ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთში ფრენების აღდგენას ემხრობოდა.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფრენებთან დაკავშირებული კითხვების გამო "ნაცები“ უწოდა და "უფრო აზრიანი“ კითხვების დასმისკენ მოუწოდა.

"ფრენებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. რა თქმა უნდა, სანქციებს არ ვაწესებთ. მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომს 500 ადამიანი შეეწირა და 30 00 ადამიანი დევნილად იქცა, მაშინ ხელისუფლება რუსეთთან დაახლოებაზე საუბრობდა. დღეს მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ფრენების აღდგენა უმძიმესი მოვლენაა, უბრალოდ სპეკულაციაა და მეტი არაფერი.

მე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დღეს "უმძიმეს დღეზე“ საუბრობდა, თავად საკუთარ სახლში რუს მდგმურებს იღებს. ასევე, ხოშტარია რუსულ რუბლებს პირდაპირ რუსეთის ხაზინიდან იღებს. მათთვის, რატომღაც, ასეთი ფაქტები, დისკომფორტის შემქმნელი არ არის. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებენ.

ახლა დიპლომატიურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და თუ შეიძლება აზრიანი კითხვები დასვით. "ნაცობა“ არის გონების დაბინდვა. რომ ხართ "ნაციონალი“, ეს ნიშნავს იმას, რომ დაბინდული გონება გაქვთ და შესაბამისად ასეთი არააზრიანი კითხვებით ხართ აღჭურვილი.

IRI-ს გაყალბებულ კვლევაშიც კი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთში ფრენების აღდგენას ემხრობოდა. მე არც ის ვიცი, რატომ არ იღებს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწესების გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე, არ ვიცი რატომ არ ეწერება ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აშშ-სა და საქართველოს შორის, რატომ არ ამარტივებენ სავიზო რეჟიმს. ეს კითხვები არსებობს, მაგრამ პასუხების გაცემა ჩვენი პრეროგატივა არ არის.

რაც შეეხება უკრაინის მიერ სანქცირებულ კომპანიას, ავიაკომპანიას ვინ დაასანქცირებს, ეს მთავარი არ არის. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ საქართველოდან ელჩიც გაიწვია. ჩვენთვის საერთაშორისო პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ საერთაშორისოდ დასანქცირებული კომპანიები არ მიიღებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.