ავტორი:

"თამაზი კი წამკრავს ხოლმე გვერდში ხელს, როცა რამის თქმას დავაპირებ, მაგრამ ლუკა რომ ჭიდაობდა, იმ დროს ვერ მოასწრო და დამცდა გინება..." - მოჭიდავე, რომლის კომენტატორობა "ასწორებს"

"თამაზი კი წამკრავს ხოლმე გვერდში ხელს, როცა რამის თქმას დავაპირებ, მაგრამ ლუკა რომ ჭიდაობდა, იმ დროს ვერ მოასწრო და დამცდა გინება..." - მოჭიდავე, რომლის კომენტატორობა "ასწორებს"

იმდენი ტიტული აქვს, ვერ ჩამოთვლი, ასე ვთქვათ, ის ყველაფრის ჩემპიონია. ასაკის მიუხედავად, დღემდე არ ტოვებს ტატამს და 6 წელია ვეტერანთა შორის ძიუდოსა და სამბოში მსოფლიო ჩემპიონობას არავის უთმობს. "6 ივნისს მივფრინავ სლოვენიაში, ევროპა უნდა ვიჭიდაო, ნოემბერში აბუ-დაბიში - მსოფლიო. ეს ჩემი ცხოვრებაა. ქართული ჭიდაობა ჩვენი სპორტია, გენში გვაქვს ქართველებს. არ არსებობს, ჩავარდნა გვქონდეს ამ სპორტში, ჩვენ ხომ მებრძოლი სული გვაქვს“.. - მეუბნება ძიუდოისტი ალექსანდრე (ალეკო) დავითაშვილი, რომელიც ძიუდოს აკადემიაში ცოდნას მომავალ სპორტსმენებს უზიარებს. ერთი წელია, რაც მას კომენტატორობაც სთხოვეს და კოლორიტადაც იქცა. როგორც ამბობს, ხანდახან ემოციები სძლევს, უსამართლობა აბრაზებს და ამაზე ეთერშიც რეაგირებს. ამასწინათ, როდესაც აწ უკვე მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდს ეჭიდავა (დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა) ლუკას მიმართ მეტოქის წესების დარღვევა შეამჩნია, "დედა ვატირე შენი“ - შეუკურთხა კომენტატორმა, რის შემდეგაც ბოდიში მოიხადა - ვაიმე, ბოდიში, გავგიჟდი კაცი! - სპორტსმენის ამ ჟესტმა მაყურებელში დიდი ხალისი გამოიწვია და სოციალურ ქსელში ასეთი კომენტარებიც მოჰყვა:

"მისი კომენტარების მოსმენა ერთ რამედ ღირს; მაინც შააგინებინეს, რა უნდოდათ?!"

"ეს რომ კომენტატორად ჯდება, ასწორებს..."

ალექსანდრე დავითაშვილი:

"ზოგადდა, ემოციური ადამიანი ვარ... ტატო გრიგალაშვილზეც დარწმუნებული ვიყავი და ლუკაზეც, რომ მოიგებდნენ. ფეხბედნიერი ვარ, როცა მივდივარ, ყოველთვის იგებენ და ჩემპიონობის გარეშე არ ვბრუნდებით. ერთი წლის წინ, თამაზმა მთხოვა, გოგიბედაშვილმა ("უნივერსალის“ წამყვანი), კომენტატორად იყავი, მძიმეწონოსნები ჭიდაობენ, მაინც პროფესიონალი ხარ და დამეხმარეო. ვუთხარი, ემოციური და პირდაპირი ვარ, უსამართლობას ვერ ვიტან და იცოდე, შეიძლება გინება, ან რამე ისეთი წამომცდეს - მეთქი. ხშირად არა, თვეში ან ორ თვეში ერთხელ მიმყავს ბრძოლა, ზედიზედ 2-3 დღე არ შემიძლია, იმდენს ვნერვიულობ, ისე შევდივარ როლში და ემოციებისგან ისე ვიღლები, სად მაქვს ამისი თავი... თანაც, მე ხომ კომენტატორი არა ვარ, რაც გულიდან ამომდის, იმას ვამბობ. თამაზი კი წამკრავს ხოლმე გვერდში ხელს, როცა რამის თქმას დავაპირებ, მაგრამ ლუკა რომ ეჭიდავებოდა იმ ნიდერლანდელს, იმ დროს ვეღარ წამკრა, ვერ მოასწრო და დამცდა გინება (იცინის).

  • ალექსი დავითაშვილის ემოციური და სახალისო კომენტარები ძიუდოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

ეს ჩემპიონი ბიჭები, ფაქტობრივად, ჩემს ხელში გაიზარდნენ, სულ სპორტში ვარ ჩაფლული და ყველანი მიყვარან. ხომ ვიცი, რამხელა შრომა უნდა ამ ყველაფერს... გუნდურის წაყვანა მთხოვა თამაზმა, თვითონ მეც გუნდურს კარგად ვჭიდაობდი და ვეღარ წავიყვანე, იმდენად დავიღალე. რეკორდები მომიხსნია ჭიდაობაში, ალბათ ღმერთს ასე უნდა. როგორია, ფინალში ორი ქართველი რომ ხვდება? წინასწარ ვგრძნობდი, ფინალი უნდა ეჭიდავათ. ერთადერთი, მაისურაძისა და იმ ნიდერლანდელის ბრძოლის მეშინოდა, აი, ვისაც შევუკურთხე, მაგრამ დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა ლუკა.. შარშან ამ დროსაც ვკომენტატორობდი, ლამის შევიგინე, მერე "დავატორმუზე" და მარტო ის დავიყვირე, ახლა არ შემაგინებინო-მეთქი!

როცა ლაშა და ლუკა უნდა შებრძოლებოდა ერთმანეთს, ფინალი დავტოვე, წამოვედი, ვთქვი, რომ ფინალს არასოდეს წავიყვან, თან - ქართველების. ზოგადად, ისინი ისეთი განსხვავებული მოჭიდავეები არიან, რაღაცა რომ წამომცდეს, ან ერთს როგორ შევხედო თვალებში, ან - მეორეს? ორივე იმდენად მაგრები არიან, ისე მიყვარან... შეიძლება სიმპათია რომელიმეს მიმართ უფრო მქონდეს, მაგრამ მე ის ადამიანი არა ვარ, ეს გამოვხატო. ჩემთვის ორივე ერთია, მთავარი ის იყო, რომ საქართველოს დროშა აიწეოდა პირველ ადგილზე და ჩვენს ჰიმნს დაუკრავდნენ. ხალხი ითხოვს და ამიტომ მიწვევენ, თორემ მე ხომ კომენტატორი არა ვარ. პროფესიონალურად ვიცი ეს სპორტი და ალბათ მაგიტომ, კარგად ვხსნი რა ხდება და ალბათ ჩემი ემოციებიდან გამომდინარეც მოვწონვარ მაყურებელს.

  • "ტატამიდან ვერავინ გამომიყვანს"

ახმეტიდან ვარ და თვითონ 7-8 წლისამ დავიწყე ჭიდაობა. ჩემი უფროსი ძმები მოჭიდავეები იყვნენ და მათ შემიყვანეს სპორტზე. ორად ორი ოჯახი ვართ საქართველოში, ჩვენ და ბერუაშვილები, სადაც ძმები არიან ფალავნები. ჩემი უფროსი ძმა 15 წლით უფროსი იყო, მეორე - 13 წლით (გარდაცვლილია, სამწუხაროდ), ჩემს ძმებს უნდოდათ, დიდი სპორტსმენი გავმხდარიყავი, ალბათ გავუმართლე იმედები - ღმერთის ნებით, საქართველოს რეკორდსმენი, რვაგზის აბსოლუტური ფალავანი, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონი ვარ. ღმერთს რომ არა სდომნებოდა, ოქროს ასოებით არ შემიყვანდა ისტორიაში. 7-8 წელია, მწვრთნელი ვარ ძიუდოს აკადემიაში, ჩემი გამოზრდილია ესპანეთში ჩემპიონი რომ გახდა - ტატო მოსახლიშვილი. ძალიან კარგი ბავშვები მოდიან... ჩემთვის ძიუდო და ქართული ჭიდაობა ყველაფერია, გჯერათ?

48 წლისა ვარ და ახლაც მინდა რეკორდი მოვხსნა - 6-ჯერ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანებში. ახლა, 6 ივნისს სლოვენიაში მივფრინავ, ჯერ ევროპა უნდა ვიჭიდაო და მერე, ნოემბერში აბუ-დაბიში - მსოფლიო. მედალი მე აღარ მაინტერესებს, ოქროს ჩამოვიტან. ჩემთვის სპორტი ყველაფერია და ეგ არი, რა. ამით ყველაფერია ნათქვამი. ხან საქმე გამომიჩნდება, ვიტყვი არ წავალ ვარჯიშზე-მეთქი, მაგრამ მაინც გამიწევს გული, მივდივარ და ბავშვებს თვითონ ვეჭიდავები. ტატამიდან ვერავინ გამომიყვანს, ვამბობ-ხოლმე, აქედან უნდა გამასვენონ-მეთქი. კომენტატორობა? - არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, როგორა ვთქვა, რადგან ამხელა სპორტში ვარ, ჯერ არ მინდა წამყვანობა, ემოციებისგან ისე დავიღლები, მერე ვეღარ გავაგრძელებ შეჯიბრებებს.

მსოფლიო თასებზე დავჭიდებივარ ქართველებს, მაგალითად, გუჯეჯიანს. ოღონდ, არ ვიტყვი, მოვიგე, თუ - არა. ბავშვს და დედას ვფიცავ, ახლაც, ამხელა კაცი ცუდად ვხდები ხოლმე დაჯილდოებაზე პირველ ადგილზე რომ ვდგავარ და ჩემი დროშა მაღლა იწევა. ეს რა დიდი ბედნიერებაა, იცით? ვეტერანებში ხომ არც თანხას იძლევიან, არც არაფერს, ვიღაც თუ გცემს პატივს ედ არის. 5-ჯერ (ორჯერ ძიუდოში, სამჯერ - სამბოში) ისე გავხდი ჩემპიონი, ლარი არავის მოუცია, მაგრამ 100 ათასიც რომ მოეცათ, სამშობლოს რომ ასახელებ, ამას რა ფული შეედრება? ძალიან მაგარია!.. აბა, წარმოიდგინეთ, იაპონიის, ამერიკის, რუსეთის მაღლა შენი დროშა რომ ადის და საქართველოს ჰიმნს უკრავენ... ეს იმხელა ადრენალინია, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ. მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატი შარშან ოქტომბერში ჩატარდა პოლონეთში. 45 კაცი ვიყავით, წელს ალბათ მეტნი წავალთ. თან ფედრაციამ კარგი რამ დაამკვიდრა ცხოვრებას ძიუდოთი იწყებ და ძიუდოთი ამთავრებ - იწყებ ჭაბუკობიდან და ამთავრებ ვეტერანობით. ეს ძაან მაგარი რაღაცაა.

დიდ ქართველ ფალავან ლევან თედიაშვილთან ერთად

  • "ჩემი ბიჭი ვერა და ვერ შევიტყუე დარბაზში"

"ჩემი შვილი 14 წლისაა. თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოდ არ აინტერესებს სპორტი, სწავლაზეა გადართული. იმაზე ვარ გაბრაზებული, რო ვერა და ვერ შევიტყუე დარბაზში, ძალით კიდე, არაფერი გამოვა. ერთ დღეს მეტყვის წამოვალ, მეორე დღეს - არ წამოვალო და ვართ ასე. არ მინახავს, დიდი სპორტსმენის შვილი, სახელოვანი სპორტსმენი გამოსულიყოს, ერთადერთი იყო შოთა ჩოჩიშვილის შვილი - მოჭიდავე. იმის იმედადღა ვარ, მესამე თაობაში იჩენს ხოლმე გენები თავს, პაპებს რომ სჯობნიან შვილიშვილები.

ასეც ყოფილა, სპორტისთვის თავის დანებებაზე მიფიქრია. მაგალითად, ჩემი ძმა რომ დაიღუპა, ერთი წელი ჭიდაობას თავი დავანებე, მერე შეჯიბრი მოახლოვდა და ვთქვი, გავალ და თუ წავაგე, საერთოდ აღარ გავაგრძელებ - მეთქი. ღმერთმა ინება და საქართველოც მომაგებინა და ის შეჯიბრიც - მსოფლიო თასი პოლონეთში. უფროსი ძმა - დავითი 1993 წლის აბსოლუტური ფალავანია, 28 წლიდან შეეშვა სპორტს. მისი შვილიშვილი, 6 წლის ალეკო ჩემი სეხნიაა, იმის იმედი მაქვს, ის უნდა ვაჭიდაო. ჭიდაობას ვერავის დააძალებ, თუ სურვილი და ნიჭიც არ აქვს".

  • რაგბი, თუ ძიუდო?

"ქართული ჭიდაობა ჩვენია, გენში გვაქვს ქართველებს. არ არსებობს, ჩავარდნა გვქონდეს ამ სპორტში, ჩვენ ხომ მებრძოლი სული გვაქვს... ეხლა უყურე - რაგბი ჩვენი სპორტიაო, ამბობენ. კი, ჩვენი სპორტია, მაგრამ რომელი უფროა, ეს განსასჯელად ხალხისთვის მიმინდია. საქართველო მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი სხვა რომელ სპორტში გვყავს? რაგბი ჩვენი სპორტია, ძაან მიყვარს, მაგრამ სპორტი ხომ შედეგით განისაზღვრება? მერე გადახედონ - მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, ორივეში პრიზიორი, ძიუდოს გარდა, წინ რომელიმე ყოფილა? ძიუდო ყველაზე ლამაზი სპორტია. რაგბიც მიყვარს, მაგრამ ძიუდოზე და ქართულ ჭიდაობაზე მაგრად, არაფერი, რა ვქნა?! იმაზეც ვბრაზდები ხოლმე, ლაშა ტალახაძეს უკვე მერამდენეჯერ ასახელებენ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, ხალხმა ცუდად არ გაიგოს, მაგრამ შარშან გრიგალაშვილმა ევროპაც მოიგო და მსოფლიოც, თან რამხელა კონკურენციაა, ჭიდაობაში... ლაშას ენაცვალოს ჩემი თავი, ვისაც ტალახაძე არ უყვარს, ის საქართველოს მტერია, კაცო, როგო არ მიყვარს, მაგრამ როცა 6 და 7 წელია მას ასახელებ საუკეთესო სპორტსმენად და როცა მისნაირი შედეგი ძიუდოისტმა გაიმეორა - ევროპა და მსოფლიო, თან როცა შარშან ის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად აღიარეს, გამოდიხარ და ისევ იმას ასახელებ, რა ვიცი... ის კაცი ეჭიდავება შტანგას, ეს კიდე - 6 კაცს... მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანია, გასაგებია, ლაშა როცა გამოდის პირჯვარს ვიწერ, მიყვარს ძალიან, მაგრამ ერთხელ ეს კაციც - გრიგალაშვილიც დაასახელეთ..."

  • ლუკა მაისურაძის და ნიდერლანდელი ნოელ ვან ტენდის ორთაბრძოლა