ნუ უკავშირებთ ფრენების საკითხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან კავშირი აქვს იმ 12 პუნქტს, რომელიც განსაზღვრულია და რომელსაც ვასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, რუსეთში ასი ათასობით ქართველი ცხოვრობს და თუ მათ საქართველოში ჩამოსვლა გაუადვილდებათ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
"რუსეთში ცხოვრობს ასი ათასობით ქართველი. თუ ამ ქართველებს გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა, დაზოგავენ დროს და ფინანსურ რესურსებს, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. ჩვენ ყველგან ვზრუნავთ ჩვენ მოქალაქეებზე და ეს არის პრინციპი, რომ საქართველო ზრუნავს მის მოქალაქეზე განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
რუსეთის მოქალაქეს შეუძლია, რომ ჩამოვიდეს საქართველოში სხვა გზით? მანქანით შეუძლია ჩამოვიდეს, ასევე სხვადასხვა გზით შეუძლიათ ჩამოვიდნენ და თუკი საქართველოს მოქალაქეს გაუმარტივდება ამ გზის გავლა, დაზოგავს დროს და ფინანსურ რესურსებს, თქვენ ამაში რას ხედავთ ცუდს?", - განაცხადა მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, "ქართული ოცნება" ევროკომისიის 12 პუნქტს "ძალიან ერთგულად" მიჰყვება.
"კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განკუთვნილი არის 12 პუნქტი, რომელსაც "ქართული ოცნება" მიჰყვება ძალიან ერთგულად და ბოლომდე. რაც შეეხება ოპოზიციას - ისინი მაქსიმალურ ცდილობენ ხელი შეუშალონ სახელმწიფოს იმაში, რომ ეს არ შესრულდეს.
ძალიან გთხოვთ, მე დასავლეთზე ნუ მელაპარაკებით. ძალიან კარგად ვიცი, მათ შორის, ევროპული სულისკვეთება. შვიდი წელი მაქვს გატარებული გერმანიაში, განათლებაც იქ მაქვს მიღებული, უამრავი მეგობარი მყავს და ძალიან კარგად ვიცი ევროინტეგრაციის საკითხებიც", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.