ავტორი:

"თუ ხშირ-ხშირად დამინახავენ ჩასულს, - "პრავადნიკად“ ხომ არ დაგიწყია მუშაობაო? თუ დამიგვიანდა ჩასვლა, - წამოდი, დედაშენს გაგაცნობო" - ჯემალ ჭკუასელის გურული ამბები

"თუ ხშირ-ხშირად დამინახავენ ჩასულს, - "პრავადნიკად“ ხომ არ დაგიწყია მუშაობაო? თუ დამიგვიანდა ჩასვლა, - წამოდი, დედაშენს გაგაცნობო" - ჯემალ ჭკუასელის გურული ამბები

18 მაისი ანსამბლ "ერისიონის“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ჭკუასელის დაბადების დღეა. ის 88 წელის გახდებოდა. მისი იუმორი საქვეყნოდ იყო ცნობილი.

ჯემალ ჭკუასელმა 2008 წელს კრებული "გურულები ხუმრობენ“ გამოსცა, რომელშიც მისი ცხოვრების სხვადასხვა იუმორისტული და კურიოზული ეპიზოდია მოყოლილი.

ambebi.ge წიგნიდან რამდენიმე ამბავს გთავაზობთ:

  • "თქვენ აფერს არ აკეთებთ აქანა?"

ვსწავლობდი სოფელ შემოქმედში. მეშვიდე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. აი, მერვეში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. ამის მიზეზი ერთი ლამაზი გოგონა გახლდათ, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა. ჰოდა, ჩემს საკლასო ჟურნალში ორიანების მომრავლება მაშინ დაიწყო. უკვე პირველი მეოთხედის ბოლოს ყველა საგანში ორიანი მეწერა. ერთადერთი ფრიადი სიმღერაში მქონდა. მამაჩემი მკაცრი აღმზრდელი იყო. ეს იცოდნენ სკოლაში, თუმცა ბევრი ყოყმანის შემდეგ მაინც გადაწყდა, მიეწვიათ სამასწავლებლოში. მეც იქ ვიყავი და სკოლის დირექტორმა ქეთევან ჭანუყვაძემ მორიდებით გადაუშალა მამას საკლასო ჟურნალი. თანაც შუაში ჩადგა, ბავშვი არ შემოაკვდესო (ამის მეც მეშინოდა). მამაჩემმა ყურადღებით გადაათვალიერა ჩემი "წარმატების“ ამსახველი ორიანების რიგი და იკითხა:

- ბოლოში ხუთიანი რაში აქვს?

- სიმღერაში - უპასუხა ხალისიანად.

- აი, სიმღერა მე ვასწავლე და თქვენ აფერს არ აკეთებთ აქანა? - თქვა და მკაცრად გადახედა სახტად დარჩენილ მასწავლებლებს.

  • სხარტი გურულები

ჩემს ლამაზ სოფელში ლამაზი, პურ-ღვინიანი, ხალასი იუმორის მქონე ბრძენი ხალხი ცხოვრობს. უჭირთ თუ ულხინთ, იუმორის გრძნობას არ კარგავენ. სისხამ დილით თუ დაგინახეს, - ვინ მოგდევდა, ძილი დაგესრულებინაო, - გაგკენწლავენ.

თუ ხშირ-ხშირად დამინახავენ ჩასულს, - "პრავადნიკად“ ხომ არ დაგიწყია მუშაობაო? - შემეკითხებიან.

თუ დამიგვიანდა ჩასვლა, - წამოდი, დედაშენს გაგაცნობო, - მეტყვუიან, ანაც კიდევ: - რეიზა ჩამოდი, ჯემალი, ფული გაგითავდა თუ ფქვილიო?

  • გუნდი თუ გყავს

1996 წლის 26 მაისს ჩემს გუნდთან ერთად პარლამენტის შენობის წინ ვიდექი. მოულოდნელად მოედანზე ბატონი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოჩნდა, მრავალრიცხოვანი ამალის თანხლებით. შეგვამჩნია და წამოვიდა ჩვენკენ. მოგვესალმა. მოგვილოცა დღესასწაული. შემდეგ თითქოს შემოგვჩივლა - ძალიან მიყვარს სიმღერა. მეც დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ გუნდი არ მივარგაო, - და ცერა თითით ზურგს უკან მდგომ მთავრობის წევრებზე მიგვანიშნა. მინდოდა, მეთქვა - ჩემი გუნდი მე თვითონ შევარჩიე-მეთქი. მაგრამ ვერ შევბედე.

  • ქუთაისელებს უხაროდათ

1982 წელს 10 მარტს თბილისში ახლად შექმნილი ქუთაისის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩამოვიყვანე. პრემიერა დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ბატონი ედუარდ შევარდნაძე დაგვესწრო. თან მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრები იახლა უკლებლივ. კონცერტის შემდეგ კულისებში შემობრძანდა, მოგვილოცა, გვითხრა, - როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრემიერამ მაღალ დონეზე ჩაიარა. მთელი გულით გილოცავთო. თქვენი აქ მობრძანებით მწვერვალზე აგვიყვანეთ-მეთქი, - მოვახსენე. - კიო - მიპასუხა, - მწვერვალზე ასვლა ძნელია, ჩამოვარდნა - ძალიან ადვილიო... შემდეგ მოულოდნელად ჩამეკითხა:

- ჯემალ, სადაური ხარ, შენ?

- გურული, ვუპასუხე ამაყად.

- მთავარი ქორეოგრაფი?

- ისიც გურულია.

- მხატვარი მერაბ ბერძენიშვილიც გურულია, ხომ?

- დიახ.

- ქუთაისის ქალაქკომის მდივანი?

- გურული ვარ, - გაკვირვებით უპასუხა ნუგზარ რუხაძემ.

- მეც გურულ ვარ და აბა, ამ ქუთაისელებს ნეტა, რა უხარიაო? - გულიანად გაიცინა ბატონმა ედუარდმა.

  • არტემს "კტარი“ მართლა არ ჰქვია

ანზორ ერქომაიშვილმა დიდი ბაბუის ხსოვნას წიგნი მიუძღვნა სახელწოდებით "ბაბუა“. ანზორთან სახლში გახლდით სტუმრად. სანამ საჩუქარს გადმომცემდა, სამახსოვრო წარწერას აკეთებდა ზედ. სიამაყით სავსე ანზორის დედამ, ქალბატონმა ეთერიმ მკითხა:

- ახლა კტარი ქვია ვითომ არტემს? - არა, ცოცხალია, აგერაა, მიორე ოთახში, დუუძახე და გამოვაო, - უპასუხა დედას თავაუღებლად ანზორმა.

  • პატარა სათხოვარი

ჯანსუღ კახიძემ სოსო შენგელიას (სოსო იმხანად ბაზალეთის სასათბურე მეურნეობის დირექტორი გახლდათ) ვინაიდან საკუთარი გარაჟი არ ჰქონდა, სთხოვა, - საგასტროლო მოგზაურობის პერიოდში ჩემი "მერსედესი“ შენს გარაჟში დავაყენოთო (გასტროლებზე უცხოეთში 6 თვით მიდიოდა). დაბრუნების შემდეგ ჯანომ მადლობა გადაუხადა სოსოს და უთხრა - არ ვიცი, შენი პატივისცემა რით გადავიხადო. რაც გინდა მთხოვე და აგისრულებო. სოსომ გაუღიმა და უთხრა: - დამაკვრევინე შენს ორკესტრში პირველ ვიოლინოზეო.

  • ასეა, აი საქმე

გურულ ფერხულში მესამე სართულზე ყოველ კონცერტზე ერთი და იგივე გურული მოცეკვავე ადიოდა დოლით ხელში. ეს ძნელად შესასრულებელი ილეთია. ვინაიდან გრძელვადიან გასტროლებზე გახლდით აშშ-ში (ვწუხდი, ეს ბიჭი ან ავად არ გახდეს, ან სხვა რამე არ დაემართოს (ცუდისგან ღმერთმა დაიფაროს), შემცვლელი ხომ უნდა ჰყავდეს-მეთქი. ამიტომ მეორე ტანმორჩილ გურულს ვუთხარი, - ხანდახან შეცვალე - მეთქი, მაგრამ მიპასუხა, - სიმაღლეზე ვერ ავალ და თუ ავედი, დიდხანს ვერ გავძლებო.

- ვითომ რატომ? - გავიკვირვე.

- იმიტომ, რომ მე კახა მქვია.

- აბა, იმას რა ქვია?

- რა ქვია და ედუარდი.

  • როცა თოთო ბავშვი ტირის

ჩემი ძმის მეგობარი აჩიკო იშხნელი შესანიშნავი იუმორის პატრონია. ჯუმბერის (ჩემს ძმას) ვაჟიშვილი შეეძინა, მერვე დღეს საავადმყოფოდან გამოწერეს დედა-შვილი. ჯუმბერია თავგასივებულმა (ასე ეძახის მას აჩიკო სიყვარულით). იმავე დღეს მეგობრები იწვია, - დავლოცოთ მატებაო. ჩემი რძალი სამზარეულოში ტრიალებდა. ამ დროს ჩვილი ატირდა. აჩიკო მამას მიუბრუნდა:

- ჯუმბერი, ე ბოშო (აჩიკო ბაღდადელი გახლავთ), დაენახე ბოვშვს, მამა ხარ, იქნება გაჩუმდეს.

- ვაი, შენს პატრონს! ამდენი როგორ არ იცი, რვა დღის ბავშვი რომ ვერ ხედავსო, - გაკენწლა ჯუმბერიმ.

- აპა, როდის უნდა დეინახოს? - იკითხა აჩიკომ.

- 40 დღის მერე, უპასუხა ჯუმბერმა.

- ეეე, ბღავილი მერე ნახე, შენ რომ დაგინახავს, - ჩაიხითხითა აჩიკომ.

  • გიული

გვყავს ანსამბლში ერთი მომღერალი. შესანიშნავად მღერის, მაგრამ კიდევ უკეთესი ოსტატია. ნამდვილი ოქროს ხელის პატრონი. რა გინდა, მისი ხელიდან არ გამოვიდეს, - ყველა გაფუჭებულ ნივთს ახალივით დააწყებინებს კრიალს. თანაც საოცრად კარგი ბუნების ადამიანია, - კეთილი, სათნო, თვინიერი. უარს ვერაფრით ეუბნება და აბა, ასეთ კაცს შემწუხებელი ხომ არ დაელევა. ხან რას ავალებენ, ხან - რას, რომ არ მოგატყუოთ, მეც ხშირად ვსარგებლობ, ხოლმე მისი ოსტატობით და გულშემატკივრობით. ერთხელაც ჩემს სახლში იყო და კარის დაზიანებულ საკეტს ჩაჰკირკიტებდა. გაისმა ტელეფონის ზარი. ოთახში სხვა არავინ იყო, ყურმილი მან აიღო. გიული იკითხეს, სხვათა შორის, იმ მომღერალსაც გიული ჰქვია და ჩემი მეუღლის სახლიც გიულია.

- დიახ, ბატონო, გიული გახლავართ, - უპასუხა მან. ეტყობა, დამრეკს მამაკაცის ხმა ეოცა და შეკითხვა გაიმეორა:

- ნამდვილად გიული ბრძანდებით?

- ნამდვილად, ჩემო ბატონო.

- ჯემალის მეუღლე გიული ხართ? - ჩაეძია აბეზარი.

- ჯერჯერობით არა, ბატონო, გაებზარა ხმა მომღერალს.

  • დილით ხაში

ნაბახუსევის ხაშს მივირთმევდით. ბატონი ბიძინას (მისი იუმორი საქვეყნოდ ცნობილ იყო) გვერდით მჯდომი ჩაკურატებული კაცი ხაშს ხვნეშით თქვლეფა. ხაში დაამთავრა, მაგრამ ძვალს, რომლის შუაგულში ტვინი ეგულებოდა, ვერ შეელია. ძვალი ჯერ მეზღვაურის ჭოგრიტივით ეჭირა ხელში და გასცქეროდა. ხან ნათურისკენ შებრუნდა, მონადირე რომ თოფის ლულას გაჭვრეტავს გაწმენდის შემდეგ, ისე უჭვრიტინებდა. ასე რომ, ვერაფერი გააწყო. ხან დანით, ხან ჩანგლით, ხან რით და რით არ დაიწყო გაუთავებელი კაკუნი ძვალზე. იმ უხერხულ დაძაბულ სიტუაციაში გასმა ბიძინას შეწუხებული ხმა:

- სანამ მაქედან ვინმე არ დაგიძახებს, - "კტო ტამო?“ მანამ არ დაანებებ მაგ ძვალზე კაკუნს?!