ავტორი:

"ჩინელი მუშები ადგილზე მისვლის საშუალებას არ გვაძლევენ, გვეუბნებიან, რომ ეს მათი ტერიტორიაა" - რას ამბობს თეა გოდოლაძე რიკოთზე მიმდინარე მშენებლობაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე

"ჩინელი მუშები ადგილზე მისვლის საშუალებას არ გვაძლევენ, გვეუბნებიან, რომ ეს მათი ტერიტორიაა" - რას ამბობს თეა გოდოლაძე რიკოთზე მიმდინარე მშენებლობაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე

რიკოთის მაგისტრალი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილს, ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერიაა. მისი მასშტაბური მშენებლობა 2019 წელს დაიწყო.

მასშტაბური პროექტი მთლიანად უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. სამუშაოებს "აზიის განვითარების ბანკი“ (ADB) და "ევროპის საინვესტიციო ბანკი“ (EIB) აფინანსებენ. ბოლო მონაცემებით, "საუკუნის მშენებლობა", ჯამში, დაახლოებით, 2.6 მლრდ ლარი ჯდება.

სამუშაოების უმეტეს ნაწილს ჩინური კომპანიები ასრულებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, რიკოთის უღელტეხილზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

რიკოთის გზის მშენებლობა არაერთხელ გახდა განხილვის საგანი. ა.წ. გაზაფხულზე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, სამშენებლო მონაკვეთებზე ქვათაცვენისა და მეწყრული პროცესების თაობაზე. სეისმოლოგებისა და გეოლოგების ნაწილის თქმით, პროექტის განხორციელება შესაბამისი კვლევების გარეშე დაიწყო. მათივე თქმით, მსგავსი სამუშაოები არაერთ გეოლოგიურ პრობლემას გამოიწვევს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ინფორმაცია თითქოს რიკოთის პროექტის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო, სიცრუეა. "ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და გარკვეულწილად, რიკოთის პროექტის დისკრედიტაცია", - განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა ამ ცოტა ხნის წინ.

ამ საკითხზე ვესაუბრეთ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გეოლოგ თეა გოდოლაძეს, რომელიც ახლახან ჩავიდა მშენებლობის ადგილზე და მისი აზრით, ხილულად გამოკვეთილი პრობლემების თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

"ამ პროექტს ყველა მიმართულებით გააჩნია პრობლემები: როგორც დაგეგმარების, ასევე შესრულებისა და მონიტორინგის მხრივ. ფაქტობრივად, არამდგრადია გარემო. რა თქმა უნდა, ვერავინ შევძლებთ იმის დადგენას, როდის გახდება ეს გზა პრობლემური, მაგრამ ყოველთვის იქნება საფრთხის შემცველი - იქ მუდმივად იქნება ფერდების ჩამოწოლის საშიშროება. მისი გამაგრება კი შეუძლებელი გახდება. ქანები ტექტონიკურად არის აშლილი, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგიონში დიდი დეფორმაცია მიდის…

ამ ცოტა ხნის წინ, რიკოთთან აშენებდნენ ხიმინჯზე გზას - "შეჭეჭყეს“ ფერდობთან, ჩამოწვა მეწყერი და დაფარა გზა. ამბობენ, ამ ზამთარს მოხდა და გამოგვეპარაო. ვინ იცის, კიდევ რამდენი მეწყრის პროვოცირება შეიძლება მოხდეს კიდევ.

დღეს შემატყობინეს, რომ ძველი ფუთის გადასახვევთან გვირაბში აფეთქება იგეგმება. რიკოთთან, იმ მთებში გვირაბის აფეთქებით გაყვანა დანაშაულია, თან ისეთი სიდიდის მუხტს აფეთქებენ, თავადავე აფრთხილებენ მოსახლეობას, თავს უშველეთო.

ირგვლივ სოფლებია, ხალხს სახლებს უნგრევენ. ამ დროს, მოსახლეობას მხარში არავინ უდგას.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე გეოლოგებიც ჩავედით. ვეცადეთ აგვეხსნა, რომ ეს მშენებლობა უამრავ გეოლოგიურ პრობლემას გამოიწვევდა, რომ ფერდების ჩამოწოლის და მეწყრის საშიშროება არსებობს, თუმცა იქ მყოფი ჩინელი მუშები ადგილზე მისვლის საშუალებას არ გვაძლევენ და გვეუბნებიან, რომ ეს მათი ტერიტორიაა..."

ავტორი: ანი შავიშვილი