ჩათში მეხუთე გვარიც იყო - ნიშნიანიძე, რომელიც მეორე ტურში გადავიდა - როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც ბოლომდე ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი თუ გაგებული, გარიგება დაგვბრალდა ჩვენ, "ნაცმოძრაობამ“ კი აღშფოთებული სახე მიიღო, - ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალურმა მოძრაობას“ გუშინდელ ბრიფინგზე "დაავიწყდა ან დაივიწყეს“ ამ გვარის შესახებ, თუმცა, ეს არ დაავიწყდა ქართულ ოცნებას, რომელიც ჩხეიძის თქმით, როგორც ჩანს პირობის შესრულებას აპირებს, რადგან ნიშნიაძე გადასულია მეორე ტურში.
"გუშინდელი კენჭისყრის და მას მოდევნებული ბრიფინგების შემდეგ როცა ვითარება უნდა ახსნილიყო, პირიქით მოხდა, ასახსნელი მეტი დარჩა საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც. "ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს არ ვიცი მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოებისთვის თქვეს, ჩათში ჩაწერილი მესიჯის შესახებ, რომ იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია და თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი, მათ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში მეხუთე გვარი იყო ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა "ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საერთოდ დიდად პირობის შემსრულებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ - ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული, ამიტომ იყო ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ აქ არის გარიგება და ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, "ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე ცხადია, კითხვები მექნება "ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო?” - განაცხადა ჩხეიძემ.
17 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.
როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა. გუშინდელ ბრიფინგზე ნიკა მაჭუტაძემ და ნატო ჩხეიძემ ისაუბრეს, რომ არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები მათი ოპოზიციონერი კოლეგებისა და "ქართულ ოცნების" და განიხილებოდა სხვადასხვა ფორმულა, მათ შორის 3/2- ზე, 4/1- ზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ოპოზიციაში ადგილი ჰქონდა მისკომუნიკაციას. საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კენჭისყრამდე ჩათში 4 გვარი ჩავარდა, რეკომენდაციის სახით, თუ ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი ოპოზიციას. პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.