ავტორი:

"ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა" - რას აცხადებს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი

"ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა" - რას აცხადებს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი

გორში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ სწორედ ჩუტყვავილას გართულება გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განუცხადა.

გიუნაშვილის განცხადებით, მომხდარის მოკვლევას, სავარაუდოდ, დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც.

"4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჩაატარა მოკვლევა და გამოიკვეთა, რომ სწორედ ჩუტყვავილას გართულება გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. მოკვლევის პროცესში ხდება დეტალების დაზუსტება - გარდაცვალებამდე ბავშვის მდგომარეობის, კლინიკაში ვიზიტების, მიმართვიანობის ინტენსივობის, კონკრეტულ ექიმთან - ნინიაშვილთან კონსულტაციების, ბავშვის აცრების სტატუსის შესახებ და ა.შ. დადგინდება ყველა დეტალი. ფაქტის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სრული ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. რაც შეეხება რეგულირების სააგენტოს, სავარაუდოდ, მოკვლევას დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად, გუშინ გარდაიცვალა. მცირეწლოვანის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრ ნანა ნინიაშვილის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.

გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, პნევმონია და შემდგომ სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

რაც შეეხება კლინიკას, "გორმედის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

ასევე იხილეთ: