რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთან 2019 წლის 21 ივნისს დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ დაწესდა, რის გამოც რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა. პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს იწყებს რუსული ავიაკომპანია "აზიმუტ ეარლაინსი“, რომელიც სანქცირებული არ არის. ასევე ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი".
როგორც "აირ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა გვეუბნება, ფრენების განახლებას რუსეთი "სუპერჯეტებით“ გეგმავს, რაც მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგვაყენებს, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი - უსაფრთხოების კუთხით. გიორგი კოდუა აღნიშნავს, რომ რუსული "სუპერჯეტების“ მაკომპლექტირებელი ნაწილების დაახლოებით 75% დასავლეთიდან იყო იმპორტირებული, სანქციების გამო კი ამ კომპონენტებზე წვდომა რუსეთს აღარ აქვს.
"აქ ორი მდგენელია - ერთია პოლიტიკური, დასანქცირებული თვითმფრინავები რომ არ იფრენს, გასაგებია, როგორც გვეუბნებიან, აზიმუტი" არ არის დასანქცირებული, მეორეა - უსაფრთხოება. როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელი გეტყვით, რომ ავიაინდუსტრიაში ჩვენთვის პრიორიტეტია მგზავრია... პოლიტიკური კურსიც მადარდებს, რა თქმა უნდა, სად უნდა ვიფრინო, მაგრამ ეს ცალკე თემაა. ჩემი ინფორმაციით, საქართველოში იფრენს "სუპერჯეტები“, რომელიც არაა სანქციის ქვეშ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, როგორ იცავს უსაფრთხოების ნორმებს რუსეთის ფედერაცია, ვინაიდან ეს თვითმფრინავები აწყობილია რუსეთში და უსაფრთხოების ნორმებზე პასუხისმგებლობა რუსეთმა აიღო.
ჯერ კიდევ 2008 წელს ვიყავი გამოფენაზე პარიზში, სადაც იყო პირველი პრეზენტაცია, ამ თვითმფრინავის ბაზარზე წარდგენა. ეს არის 100 -კაციანი, რეგიონალური თვითმფრინავი, ამიტომაც ჰქვია "სუპერ რეგიონალ ჯეტ". აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების სერთიფიცირება მან 10 წლის წინ გაიარა "იასაზე“ და მსოფლიოს ავიაკომპანიებმა დაიწყეს ფრენა. გეტყვით, რა პრობლემა აქვს ამ თვითმფრინავებს - თვითმფრინავების აგრეგატების 75% არის ამერიკული და ევროპული. სსრკ-ში რუსული ლაინერები როცა აიწყო, ისინი მაშინ ბოინგსაც და ეარბასსაც ჯობნიდა, მაგრამ ამერიკას და ევროპას კომპიუტერიზაციაში ჩამორჩებოდა. კომპიუტერული აგრეგატებით ტექნოლოგიურად ყველაზე წინ წავიდა ამერიკა. სსრკ-ს დაშლის მერე, რუსებმა გააგრძელეს რუსული ავიაციის წარმოება, “ სუპერჯეტს“ "სუხოი" დაარქვეს და მოუწიათ ავიონიკის შესყიდვა - ეს თვითმფრინავი 70%-ით დააკომპლექტეს დასავლური ტექნოლოგიებით. მშვიდობიან პერიოდში, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, ამ "სუპერჯეტს“ მაშინაც ჰქონდა პრობლემა ლოგისტიკაში , ვინაიდან ქარხანა არის რუსეთში, კომპლექტაცია არის რუსეთში, მაგრამ ნაწილები მოდის დასავლეთიდან - როცა ხდებოდა მწყობრიდან გამოსული არარუსული ნაწილების გამოცვლა, ამას ლოგისტიკურად დრო სჭირდებოდა და მომარაგება გაუჭირდათ. ბევრმა ავიაკომპანიამ "მექსიკანამ“ და სხვებმა ამის გამო რუსულ ქარხნებს უკან დაუბრუნა ეს თვითმფრინავები, ვინაიდან უსაფრთხოება დროულად არ იყო დაცული, მაგალითად, რეისი რომ უნდა გაშვებულიყო 10 საათზე, მიდიოდა 15-ზე. სასაცილო ის იყო, რომ მერე მთავრობამ "აეროფლოტს“ დაავალა, თქვენ აიღეთო. "აეროფლოტმა“ უარი თქვა "სუპერჯეტებზე“, აეარბასი მირჩევნია, მისი მომარაგება უფრო ადვილიაო, ვინაიდან ის უფრო ადაპტირებული იყო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, რუსეთის მთავრობამ დაიწყო ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ავიონიკაც შიგნით დამზადებულიყო, რაშიც მოწინავეები სსრკ-ში იყვნენ ბალორუსები (კომპიტერშიკები და აიტიშნიკები ბელორუსიიდან არიან)".
ვინ აგებს "აზიმუტის“თვითმფრინავების უსაფრთხოებაზე პასუხს, ავიაციის ექსპერტი გვეუბნება, რომ სასურველია ვიყოთ უფრო პრაგმატულები და მთავრობას მოვთხოვოთ პასუხი, რომ ჩვენი მგზავრები არ ვანდოთ რუსეთის უსაფრთხოების სტანდარტებს, ვინაიდან მგზავრთა უსაფრთხოებაზე პასუხს რუსეთთან ერთად ჩვენც ვაგებთ.
"ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არ არის ევროკავშირის წევრი და "იასას“ კონტროლის ქვეშ ( უსაფრთხოების ნორმებს და მონიტორინგს აკონტროლებს და აწარმოებს "იასა“), ჩვენ, როგორც "იასას“ წევრმა ქვეყანამ, შეგვიძლია გამოთქვათ პრეტენზია, რომ ვინაიდან ევროკავშირის სტანდარტებს ვემორჩილებით და ამ სტანდარტებით არ ხელმძღვანელობს რუსეთი... მოკლედ, უსაფრთხოება "იასადან“ არ არის დაცული და არ ვიცით, რა და როგორ იქნება. ბრძანება გასცა მთავრობამ და დაუშვა "სუპერჯეტები“, მაგრამ მთლად ბრმა კატები ხომ არ უნდა ვიყოთ? ვიყოთ უფრო პრაგმატულები და მთავრობას მოვთხოვოთ პასუხი, რომ ჩვენი მგზავრები არ ვანდოთ რუსეთის უსაფრთხოების სტანდარტებს. მათ ამარა რომ არ დავრჩეთ, ჩვენ გვყავს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, მოითხოვოს მან ყველა დოკუმენტი, "სუპერჯეტის“ ფორმულარები, გაერკვას, როგორ ხდება უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ნება იბოძონ, ინსპექტორები აიყვანონ, განიხილონ, შეისწავლონ, ტრენინგები ჩაატარონ და როცა უკვე დატრენინგებული სამოქალაქო ავიაციის ინსპექტორები გვეყოლება, მერე გასცენ ფრენის უფლება.
უკვე პოლიტიკური საკითხია, როცა ჩვენი მთავრობა რუსეთის მთავრობას სიტყვაზე ენდობა. ჩემთვის პრიორიტეტი უსაფრთხოებაა, შესაძლოა, მეც დამეშვა "სუპერჯეტები“, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველაფერს შევისწავლიდი - დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ, ჩემს თავზე და მგზავრებზე მე უნდა ვაგო პასუხი. აქედან გამომდინარე, თავმოყვარე სახელმწიფო ბრმად არ უნდა ენდოს არავის, ყველაფერი უნდა გადამოწმდეს ჩვენს მიერ... არც ევროპას, არც რუსებს, არც ამერიკელებს და არც აფრიკელებს უნდა ვენდოთ... როგორც ჩანს, მათ ძალიან ენდობიან და თავისიანად თვლიან. საქართველოში არ არის იმპლემენტირებული "სუპერჯეტები“ და როცა საკითხში გარკვევა გვინდა, რადგან "იასას“ ქვეყანა ვართ, ის გვაძლევს დირექტივებს. ახლა რომ "იასას“ მივმართოთ, ის გვეტყვის, ჩვენთვის სუპერჯეტები უცნობია, კი ბატონო, არაა სანქცირებული, ფრენა შეუძლია, მაგრამ რუსული ავიაციის სტანდარტებით და ეს ჩვენ არ გვეხებაო. ზოგადად, ევროპა არ მიიღებს არცერთ თვითმფრინავს, რომელსაც არ იცნობენ და არ აქვთ მათი დოკუმენტაციები თავიანთ რეგულაციებში იმპლემენტირებული. ამიტომაა ევროპის ცა ყველაზე დაცული, ისინი ყველაფერს საქმიანად და პროფესიულად უდგებიან და როცა ევროპის ცაზე რაღაც თვითმფრინავი შეფრინდება, მოითხოვენ ყველა დოკუმენტაციას, მიდის კონტროლი და მონიტორინგი.“
კითხვაზე, "ჯორჯიან ეარვეისი" მსგავსად, აპირებს თუ არა "აირ ჯორჯია“ რუსეთში რეისების შესრულებას, დამფუძნებელი პასუხობს, რომ მისი სტრატეგიაა, რომ "ეარ ჯორჯიას“ თვითმფრინავები არ გამოჩნდება რუსეთის საჰაერო სივრცეში.
"ვისაც უნდა ფრენა, მათ სინდისზე იყოს, მარა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ მერე ევროპაში ფრენაზე ნუღარ ექნებათ პრეტენზია... ევროპის ცა უფრო დაცულია, ამას აპრიორი გეუბნებით, უფრო დიდი ნდობა მაქვს ევროპის მიმართ და ჩემი პირდაპირი ბიზნესიც ევროპაში ფრენებით შემოიფარგლება, აგერ, უკვე 2 წელია, რაც ამერიკაშიც გვაქვს რეისები. საქართველოს ავიაცია დღეს მარტო ევროპის სტანდარტებით ხელმძღვანელობს, არც ამერიკულით, არა თუ რუსულით. დღეს თუ რომელიმე ქართული ავიაკომპანია საკუთარ დასავლურ ხომალდებს რუსეთის მიმართულებაზე გამოიყენებს, რა თქმა უნდა, დასანქცირდება. ყველას თავისი სტრატეგია აქვს, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვინც რუსეთში იფრენს, არ უნდა იფრინოს ევროპაში და - პირიქით. ჩემი სტრატეგიაა, რომ "ეარ ჯორჯია“ იფრენს ევროპასა და ამერიკაში და არანაირად - რუსეთში. ჩვენ ბოლო რეისი რუსეთში ომამდე, 2008-ში შევასრულეთ და მას შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ რუსული ბაზარი არის არასტაბილური და არაპროგნოზირებადი (ნებისმიერ დროს შეუძლია გახსნას-დაგიკეტოს). რომ ამბობენ, ფულს იშოვიო, რასაც იშოვი, მერე ორმაგად უკან შეგატანინებენ - ესაა რუსეთი. აქედან გამომდინარე, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - აცხადებს გიორგი კოდუა.