უმძიმესი ავარია მოხდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომელია.
საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც, თვითმხილველთა თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, ეკიპაჟის წევრები - პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს, იგი "გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რის ამსახველ უმძიმეს ფოტოებსაც "ფეისბუქში" გვერდი "პოლიციელი გმირია" აქვეყნებს.