დედას ძალიან ჰგავს: სახის ნაკვთები, თვალები და ხმაც მისგან გამოჰყოლია! ია შუღლიაშვილი ბევრი ქართველისთვის საყვარელი კომპოზიტორის - ინოლა გურგულიას ქალიშვილია. "ინოლა იშვიათად მესიზმრება, მაგრამ როცა ვნახავ, ვიცი, რომ წინ დიდი სიხარული მელოდება", - გამოგვიტყდა მსახიობი, რომელიც დედასთან გატარებულ წლებს დიდი სიყვარულით იხსენებს:
- ძალიან პატარა, 10 წლის ვიყავი, როდესაც დედა ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მასთან სულიერ კავშირს დღემდე ვგრძნობ. გარდაცვალების შემდეგ, სულ რამდენჯერმე დამესიზმრა, რასაც ჩემს ცხოვრებაში დიდი წარმატება და სიხარული მოჰყვა. ამიტომ ინოლა ჩემთვის მხოლოდ კარგის მახარობელია! - ანგელოზებიც ხომ ასე არიან - ჩვენთვის მხოლოდ სასიხარულო ამბები მოაქვთ. როგორც გითხარით, ჩვენ შორის სულიერი კავშირი არასდროს შეწყვეტილა თუნდაც იმიტომ, რომ მე და ჩემი ძმა ინოლას შემოქმედებას ერთად ვპატრონობთ: სულ ვფიქრობთ, ახლა რა შეიძლება გავაკეთოთ, კიდევ რომელი სიმღერის გამოტანა და გახმაურება შეიძლება, რა გავაცნოთ ჩვენს მსმენელს და ა.შ.
- სახელი "ია" მან დაგარქვათ?
- დიახ, როგორც ვიცი, დედას ძალიან მოსწონდა ეს სახელი და სწორედ მისი სურვილით დამარქვეს. ზოგჯერ მიკვირს: 1977 წელს დაიღუპა, მისი წასვლიდან ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ინოლას მუსიკა მაინც თანამედროვედ რჩება და უამრავ ადამიანს აინტერესებს.
- ალბათ იმიტომ, რომ მისი სიმღერები ძალიან თბილი და პოზიტიურია. ამ დაძაბულ, რთულ დროში ასეთი მუსიკა ბევრისთვის ახლობელია. თუ გახსენდებათ, როგორ წერდა ამ სიმღერებს?
- იცით, ინოლას მუსიკაში არის ძალიან სასიამოვნო, დადებითი მუხტი, მაგრამ ამავდროულად დიდი სევდაც იგრძნობა. მსმენელის გულში ეს შეგრძნებები ერთდროულად იჭრება და შეუდარებელ აურას ქმნის. ასე მგონია, მისი თითოეული ბგერა, თითოეული ნოტი გულიდან არის ამოსული. თანაც, დედა ტექსტებსაც თვითონ ქმნიდა - მისი მელოდია და ტექსტი ერთდროულად იბადებოდა. იშვიათად ხდებოდა, რომ რაღაც გაესწორებინა ან გადაეკეთებინა. ეს ერთი ამოსუნთქვით დაწერილი სიმღერებია. კარგად მახსოვს, როგორი იყო მისთვის შემოქმედებითი პროცესი: ეს ბევრ ინტერვიუში მითქვამს, მაგრამ თქვენთანაც უნდა გავიმეორო - შეიძლება ახალი სიმღერა ქუჩაში, სეირნობის დროს დაეწერა ან - ოჯახში - საქმიანობის დროს, ზოგჯერ სადილის მომზადებისას... ეს მელოდიები ხშირად ნოტებშიც კი არ გადაჰქონდა, უბრალოდ, იმახსოვრებდა და მერე მღეროდა. ვფიქრობ, ეს სიმღერები რაღაცნაირად, თავისთავად ეწერინებოდა. მუსიკა მასთან მოულოდნელად, თავისით მოდიოდა. კიდევ კარგი, მამაც მუსიკოსი იყო და წლების მერე, როცა ინოლა ცუდად გახდა, მისი სიმღერები სწორედ მამამ გადაიტანა ნოტებზე - საათობით იჯდა ინოლას გვერდით და იწერდა, რომ მისი შექმნილი მუსიკა არ დაკარგულიყო.
- თუ გახსენდებათ ნაწყენი, გაბრაზებული ინოლა გურგულია?
- გაავებული და მოჩხუბარი დედა მე არ მახსოვს, უბრალოდ, ნაწყენ გამომეტყველებას მიიღებდა და მისი საყვედურით სავსე თვალები ყველანაირ გაბრაზებასა და ჩხუბზე უარესი იყო. მის თვალებში ვხედავდი, რომ რაღაც დავაშავე და ვაწყენინე, რაც ჩემთვის მტკივნეული იყო. შენიშვნასაც არ გვაძლევდა, მაგრამ გვირჩევდა და მის რჩევაში იყო შენიშვნაც, საყვედურიც და მზრუნველობაც, უბრალოდ, უნდა მიმხვდარიყავი... კიდევ რა მახსენდება? - საკმაოდ მორწმუნე იყო და საბჭოთა პერიოდშიც კი, ყოველ კვირას ცდილობდა ეკლესიაში წასულიყო. თუ ვერ წავიდოდა, სანთლებს სახლში ანთებდა. როდესაც დედის საფლავზე გადიოდა, ჩვენც თან მივყავდით და სანთელ-საკმეველი იქაც ყოველთვის მიჰქონდა. ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო, რაც ჩვენც გადმოგვეცა.
- როგორ ახერხებდა, რომ ბევრს უყვარდა?
- ინოლა მართლაც იყო ხალხისთვის საყვარელი ადამიანი, რაც ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ჯილდოა შემოქმედისთვის. წოდებები და ჯილდოები არასდროს ჰქონია და ამისკენ არც ისწრაფოდა. ალბათ, ხალხს იმიტომ უყვარდა, რომ ძალიან უშუალო, გახსნილი, ადამიანური იყო და დიდი სიყვარული იცოდა. მისი ამ ქვეყნიდან წასვლა ჩემთვის, პატარა გოგონასთვის ტრაგედია გახლდათ.
- როგორ შეძელით ამ ტრაგედიის გადალახვა?
- ეს, ძალიან რთული შეკითხვაა... ალბათ, პატარა ასაკმაც ხელი შემიწყო, რომ რაღაცები ბავშვური გულუბრყვილობით, თამაშით გადამელახა, თუმცა, მსგავსი მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში უარყოფით კვალს აუცილებლად ტოვებს. მეც, ხომ ვხედავდი, რომ ინოლა სახლში აღარ გვყავდა, ძალიან დიდ სიცარიელეს ვგრძნობდი და მისივე სიმღერები მაძლებინებდა: თითქმის ყოველდღე ვჯდებოდი ფორტეპიანოსთან და ამ სიმღერებს ვმღეროდი. ინოლა სწორედ მაშინ გავიცანი, როგორც შემოქმედი. მანამდე, როგორც დედა, ისე მიყვარდა და პატივსაც ვცემდი, მერე და მერე მივხვდი, ინოლა გურგულია ძალიან ნიჭიერი შემოქმედი იყო. მსახიობობაც მისმა სურვილმა გადამაწყვეტინა: მართალია, ეს ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ გავიგე, რომ ჩემი მსახიობობა სურდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ძალიან მიყვარდა, გადავწყვიტე, მსახიობის პროფესია ამერჩია.
- საქართველოში მსახიობის ჯვარი ორჯერ მძიმეა, ვიდრე სხვა ქვეყნებში - ამ მოსაზრებას თქვენც ეთანხმებით?
- მართალი ხართ: მსახიობობა ყველას ძალიან მსუბუქი და სახალისო პროფესია ჰგონია, მაგრამ ეს საკმაოდ რთული საქმეა. მართალია, პოპულარობა და დადებითი ემოციები მოაქვს, მაგრამ სასურველ შედეგს მხოლოდ უდიდესი შრომის ხარჯზე აღწევ. ეს არ არის სტანდარტული პროფესია, წინასწარ არ იცი, რის გაკეთება ან ვის ტყავში შესვლა მოგიწევს... ხომ არსებობს სტანდარტული პროფესიები, როცა შენს საქმეს ყოველდღე, სტაბილურად აკეთებ, ჩემი პროფესია ყოველგვარ სტაბილურობას გამორიცხავს, მას ყოველდღიურად სხვადასხვა ემოცია მოაქვს და ერთმანეთისგან განსხვავებული განცდებით გავსებს, ალბათ, ამაში იმალება მისი დიდი ხიბლიც. უნდა გამოვტყდე - მუშაობის პროცესი შედეგზე მეტად მიყვარს, მაგრამ კარგად ვიცი: თუ სასურველ შედეგს მიიღებ, ეს განუმეორებელი განცდაა, რომელიც ბევრ რამეს გმატებს და სულიერად გამაღლებს.
- ალბათ როლზე მუშაობის დროს რთულია, მსახიობმა თავისი ძალა და ენერგია ოჯახზეც გაანაწილოს.
- ჩემთვის ეს რთული არ არის. შეიძლება იმის გამოც, რომ ჩემთვის უპირველესი საზრუნავი მაინც ოჯახია. თუმცა, ჩემს ენერგიას პროფესიასა და ოჯახზე თანაბრად ვანაწილებ, რადგან ჩემი მეუღლე - თემურ მაისაშვილი ყოველთვის მხარში მიდგას. ისიც მუსიკოსია, ნამდვილი შემოქმედი და როცა დატვირთული დღეები მაქვს, საოჯახო საქმეებშიც მეხმარება. ასე რომ, ოჯახი ხელს მიწყობს, რომ პროფესიას არაფერი დავაკლო.
- თქვენი პირველი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა... ასეთ დროს ძალიან ბევრ ქალს უჭირს მეორედ ოჯახზე ფიქრი...
- მეც მქონდა პერიოდი, როცა ოჯახზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც რაღაცაში არ გაგიმართლებს, კიდევ ერთხელ გარისკვა აღარ გინდა. რა დამეხმარა ამ განცდის დაძლევაში? - ალბათ ის, რომ ოჯახური სითბო ყოველთვის მიყვარდა და ახლაც მიყვარს. შინაგანად ყოველთვის მქონდა სწრაფვაც და სურვილიც, რომ შვილები, შვილიშვილები მყოლოდა. ოჯახი დიდ ენერგიას მაძლევს, ეს ჩემი ძირითადი საყრდენია. საბედნიეროდ, გამიმართლა და ცხოვრების გზაზე საიმედო ადამიანი შემხვდა, რომელზე დაყრდნობაც შეიძლებოდა. მეც ვენდე და ერთად შევძელით, რომ სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახი გვქონოდა. არ ვიცი, ხომ ამბობენ, ამქვეყნად ყველაფერი ღვთის ნებით ხდებაო... ალბათ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ყველაფერი კანონზომიერია, ალბათ, ასე იყო საჭირო!
- სტუდენტობის წლები როგორ გახსენდებათ?
- არ ვნანობ, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, რადგან იქ განუმეორებელი პედაგოგები მასწავლიდნენ. ჩემი პედაგოგები ანზორ ქუთათელაძე და ქეთევან ხარშილაძე იყვნენ. მათგან ბევრi რამ დამრჩა, მაგრამ ამავე დროს, მქონდა ბედნიერება, ლილი იოსელიანთან და მიხეილ თუმანიშვილთანაც მემუშავა. ორივე შემთხვევაში სხვა ჯგუფმა მიმიწვია სტუდენტურ სპექტაკლში როლის სათამაშოდ. ეს საუკეთესო სკოლა იყო ჩემთვის. ყველამ ვიცოდით, რომ ლილი იოსელიანი ძალიან მომთხოვნი იყო სტუდენტების მიმართ. სულ ცდილობდა, მათ კარგი სამსახიობო წვრთნა გაევლოთ და შეჩვეოდნენ დისციპლინას, რომელიც ჩვენს პროფესიაში აუცილებელია. მისი სტუდენტობა ადვილი არ იყო, ზოგი ვერ უძლებდა ამხელა დატვირთვას და თავს ანებებდა. ბევრჯერ მიფიქრია, მის ჯგუფში რომ ვყოფილიყავი, ამ რეჟიმს კარგად მოვერგებოდი, რადგან ლილი იოსელიანი ძალიან საინტერესო, განათლებული ადამიანი იყო. ასეთივე იყო მიხეილ თუმანიშვილიც. მართალია, მასთან მხოლოდ ერთ სპექტაკლში მქონდა შეხება, მაგრამ ჩემი ახალგაზრდული თვალით და დაკვირვებით, ბატონი მიხეილი თავისუფლების მოყვარე ადამიანი იყო და სტუდენტებსაც არ ბოჭავდა - ის ახალგაზრდებს აძლევდა იმპროვიზაციის უფლებას. ოღონდ, "დაუკრეფავში" გადასვლის ნებას არავის მისცემდა. ის გვასწავლიდა, რომ მსახიობი თავის მაყურებელთან, კოლეგებთან და სცენაზეც მართალი უნდა იყოს.
- გამორჩეული რეჟისორი ან პარტნიორი თუ გყოლიათ?
- ჩემი აზრით, ყველა რეჟისორი და პარტნიორი გაძლევს რაღაც ცოდნას, ყველა რაღაც თავისას გიტოვებს, მერე შენ ამ ყველაფერს აგროვებ, ნაწილ-ნაწილ კინძავ და პროფესიულ გამოცდილებას იძენ. ამიტომაც ვამბობ, რომ ცხოვრების გზაზე თუ ვინმე შემხვედრია, ყველასგან რაღაც მისწავლია და სერიოზული გამოცდილება მიმიღია.
- საოცნებო როლი თუ გაქვთ?
- იცით, ჩემს ასაკში ყველა როლი საინტერესო და საოცნებოა: განვლილმა ცხოვრებამ დიდი გამოცდილება დამიტოვა და მეც ვცდილობ, ყველა როლი მოვირგო. ზოგჯერ ფიქრობ, რომ ეს არ არის შენი როლი ან გეშინია, რომ ვერ ითამაშებ, მაგრამ თუ მსახიობი როლს ჩაუღრმავდება და გულით მოეკიდება, ყველაფერს შეძლებს. მსახიობის ოსტატობაც ხომ ეს არის? საოცნებო როლს რაც შეეხება, ასეთი მართლაც მქონდა - ახალგაზრდობაში ჟანა დ’არკის თამაში მინდოდა, მაგრამ ეს ნატვრა ვერ შევისრულე. მსახიობს შეუძლია რაღაც ხერხებით თავი დაიბეროს და ასაკიანი ადამიანის როლი კარგად ითამაშოს, მაგრამ ახალგაზრდის როლი ახალგაზრდა მსახიობმა უნდა შეასრულოს - ასე მგონია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც სიყალბე და ტყუილი გამოვა. სიყალბე კი სცენას და ჩვენს პროფესიას არ უხდება...წაიკითხეთ სრულად