გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული. როგორც ფილოლოგი AMBEBI GE -სთან ამბობს, იმ დროს, როცა მის სახლთან ნიღბიანები გამოჩნდნენ, ის უნივერსიტეტიდან ბრუდებოდა.
მას შემდეგ კი, რაც პოლიცია ადგილზე მივიდა ნიღბიანმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.
"სახლში უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი, გზაში გამაფრთხილეს, რომ შევყოვნებულიყავი, რადგან ჩემს სახლთან ხალხი იყო თავმოყრილი. 15-20 ათლეტური აღნაგობის შესაბამისის აღჭურვილობით ჯვრიანი ქუდებით, პირბადეებით და ა.შ. ადამიანი იყო მოსული...
ახლა არის 2023 წელი. 2014 წელს ჩაიწერა ის მასალა, რომელიც დიდი ხანია ძალიან ცნობილია, რომელიც ასევე ნათარგმნია ინგლისურად და ფრანგულად და ჯერჯერობით პრეტენზია არავის ჰქონია. და საერთოდ ბევრ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის ვადა და ჩემს არა თურმე, ანუ მე 2014 წელს რას ვიტყვი, 1943-ში რას ვიტყვი, ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა მომთხოვოს. თუკი ვინმემ, ამ ხალხიდან წერა-კითხვის მცოდნე არის და წაიკითხავს ალუდა ქეთელაურს, ყველას პრეტენზია ექნება ვაჟა-ფშაველასთან და არა ჩემთან, იმიტომ, რომ მე არ მინახავს ალუდას სიზმარი, ალუდამ ნახა კანიბალისტური ხასიათის სიზმარი...
2014 წელს ვაჟა-ფშაველაზე ვილაპარაკე, დღეს 2023 წელია და ახლა გაირკვა, რომ არ მილაპარაკია სწორად... ფილოლოგიური კამათი უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მაშინ არ იყვნენ კაციჭამიები, მაგრამ ახლა იქნებიან. მე უნდა შემჭამონ, ეტყობა, ეს არის დავალება“, - ამბობს ბერძენიშვილი.
მისი თქმით, მასზე ფიზიკურად არავის უძალადია, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა ქუჩაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
"ჯერჯერობით ფიზიკურად არავინ შემხებია, რამდენიმე მოქალაქემ მოახერხა და შეურაცხყოფა მომაყენა ქუჩაში, ნუ ეს ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვისაც რა უნდა, ის თქვა... " - ამბობს ლევან ბერძენიშვილი
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის 2014 წლის ლექციიდან კადრები, რომელშიც ამბობს: "ხევსურები კლავენ და ხელს ჭრიან ამ პოემებში (გულისხმობს "ალუდა ქეთელაურს), - რატომ? - უნდა ჩამოკიდონ. მაგრამ თავიდან? თავიდან რატომ ჭრიდნენ? შეგახსენებთ, თავიდან იმიტომ ჭრიდნენ, რომ უნდა შეეჭამათ. იმიტომ რომ ომს, მტრობას სხვა გამართლება არ აქვს, გარდა იმისა, რომ ადამიანი კვებითი ღირებულების მქონე არსებაა“.