ავტორი:

"საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებმა პუტინს ეს ილუზია შეუქმნა..." - რას ცდილობს რუსეთი სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენით?

"საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებმა პუტინს ეს ილუზია შეუქმნა..." - რას ცდილობს რუსეთი სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენით?

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი განკარგულება გამოსცა - გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა პირდაპირ ფრენებზე 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა. ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და მის საზღვრებგარეთ დიდი განსჯის საგნად იქცა. რუსეთმა ჩვენს ქვეყანას სავიზო რეჟიმი 2008 წლის ომამდე ბევრად ადრე დაუწესა. იმჟამად საქართველო ჯერ კიდევ დსთ-ის წევრი იყო. ფაქტია, რომ ოკუპანტი ქვეყანა მრავალი წელი "წკეპლითა და თაფლაკვერით" ცდილობდა საქართველოზე ზეწოლას და ამისთვის რას აღარ იყენებდა, მათ შორის ეკონომიკურ ემბარგოსა თუ ავიამიმოსვლის აკრძალვას. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სახიფათო ეტაპი დგას. ჩემი აზრით, პუტინმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება. ვიცით, რომ კრემლის გეგმაა მოდერნიზებული სახით საბჭოთა კავშირის, უფრო სწორად, რუსეთის იმპერიის, აღდგენა. უკრაინა არ არის მისი ერთადერთი სამიზნე, პუტინს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ჰყავს მიზანში ამოღებული. როგორც ჩანს, შეექმნა განცდა, რომ საქართველოში უკვე საკმარისად არის საფუძველი მომზადებული ახალ ეტაპზე გადასასვლელად - ჩვენი ქვეყნის, მისი გაგებით, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის რუსეთთან რეინტეგრაციის გზაზე. დაიწყეს კიდეც ამ მიმართულებით პროცესების ფორსირება - პირველი ნაბიჯები შეეხო სავიზო რეჟიმსა და კომუნიკაციების ინტენსივობის გაზრდას. ეს შეიძლება ითქვას, პროცესის დასაწყისია, თუმცა რბილი ძალით რუსეთი აქამდეც მოქმედებდა. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ხელისუფლება მუდმივად ახდენს რუსეთის მიმართ ლოიალურობის დემონსტრირებას, შედეგად, რუსეთს მაქსიმალური კომფორტი აქვს შექმნილი, რათა საქართველოში საკუთარ ავ ზრახვებს შეასხას ხორცი. ამის გამაძლიერებელი ფაქტორია ისიც, რომ კრემლს ახლა ძალიან უჭირს უკრაინაში, ფაქტობრივად, იქ წაგებული ომის ფონზე პუტინისთვის უმნიშვნელოვანესია წარმატებული მაგალითები წარმოადგინოს, აჩვენოს, ესა თუ ის ქვეყანა საბჭოეთში დაბრუნებისკენ როგორ მიისწრაფვის. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებმა პუტინს ეს ილუზია შეუქმნა. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იმპერიის მიმართ ლოიალური ხდები, თანაც გლობალური დაპირისპირების დროს, მას მადლიერების განცდა კი არ უჩნდება და კარგად მოქცევას კი არ ცდილობს, არამედ ამას სისუსტედ გითვლის და შენგან უფრო მეტს ითხოვს, ცდილობს დააჩქაროს შენზე გაბატონება. პუტინის ამ გადაწყვეტილებით ზუსტად ეს მოცემულობა მივიღეთ.

ეს ნაბიჯები ცალმხრივად გადაიდგა და ამაში პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება არ შეგვიძლია, მაგრამ ის დამნაშავეა იმაში, რომ პუტინს ეს ილუზია შეუქმნა. სწორედ მისმა პოლიტიკამ გააჩინა კრემლში განცდა, რომ ამ ეტაპზე საქართველო მათთვის იოლი ლუკმაა.

ამ დამღუპველ პროცესს ჰქონდა პირველი ფაზაც - ეს იყო რბილი ძალით ექსპანსია. ვნახეთ, როგორ მოხდა დემოგრაფიული ექსპანსია - დაახლოებით 150 000 რუსეთის მოქალაქე ჩამოსახლდა საქართველოში. მარტო მათ ლეგალურ ანგარიშებზე მილიარდ დოლარზე მეტია. ეს ფული პირდაპირ საქართველოს ეკონომიკურ ექსპანსიას ხმარდება, ანუ საქართველოს რუსულ ეკონომიკაში ინტეგრაციას. ეს რაც ლეგალურად ხდება, აი, არალეგალურად რა პროცესი მიდის, ეს რომ წარმოვიდგინოთ, ეს მონაცემი დაახლოებით ხუთზე უნდა გავამრავლოთ. ამასთანავე, წლებია საინფორმაციო იერიში მიდის, ანუ პოლიტიკურ-პროპაგანდისტული გავლენების ზრდა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, დღეს პრორუსული პროპაგანდის შესაძლებლობები ბევრად დიდია, ვიდრე პროდასავლურის. ერთგვარი მატრიცაა შექმნილი РТР-ისა და ОРТ-ს პლატფორმაზე, ხდება სპეკულაციური თემების, ომის საფრთხის, დასავლეთის დემონიზების და ა.შ. პედალირება...

ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, ისევ საბჭოთა კავშირში რეინტეგრაციის საფრთხის წინაშე ვართ. ზედაპირულად ეს თითქოს არ ჩანს, რადგან ხელისუფლება ვერბალურად კვლავ გვიმტკიცებს, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მიდის, მაგრამ ეკონომიკურ-საინფორმაციო-კულტურული თვალსაზრისით თანდათანობით ერთიან რუსულ სივრცეში ვექცევით. სამწუხაროდ, ასეთია მოცემულობა. ვფიქრობ, პუტინმა მარტის მოვლენების შემდეგ ერთგვარი საფრთხეც დაინახა იმისა, რომ შეიძლება ეს პროცესი შეჩერდეს და დაიწყოს მოვლენების სწრაფად ფორსირება, სურს ბევრი რამ მოასწროს, სანამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის მისი ნებისმიერი კაპრიზი შეასრულოს. შიშით, სიბრიყვით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამის ძიებას აზრიც აღარ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი აგრესორს შიშის და სიმხდალის გამო დაუწვება თუ იმის გამო, რომ მასთან გარიგებაშია.

- ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ პუტინის გადაწყვეტილება მათი "გონივრული მოქმედების" შედეგია...

- არ ვიცი, რას გულისხმობენ. დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირისკენ მივდივართ, ესეც მცოცავი ოკუპაციის ნაწილია. როდესაც დათვისგან თავს არ იცავ, მეტიც, მის მოფერებას ცდილობ, ის ერთ დღეს აუცილებლად შეგახრამუნებს. წაიკითხეთ სტატია სრულად