ავტორი:

"სტალინმა გენშტაბის ხელმძღვანელი დახვრიტა. როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა უნდა გამოვიყენოთ" - პრიგოჟინის სკანდალური განცხადება, სასტიკი კრიტიკა რუსეთის თავდაცვის უწყებას და "პარკეტის გენერლებს"

"სტალინმა გენშტაბის ხელმძღვანელი დახვრიტა. როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა უნდა გამოვიყენოთ" - პრიგოჟინის სკანდალური განცხადება, სასტიკი კრიტიკა რუსეთის თავდაცვის უწყებას და "პარკეტის გენერლებს"

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ელიტასა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მეთაურს, ევგენი პრიგოჟინს შორის ღია დაპირისპირება რომ არის, საიდუმლო უკვე არავისთვისაა.

  • კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის თავდაცვის უწყებამ "ვაგნერისთვის" ჭურვების გაცემა შეზღუდა.

როგორც პრიგოჟინი აცხადებს, გენშტაბის ხელმძღვანელის პოსტიდან გენერალ სუროვიკინის გადაყენების შემდეგ, "ვაგნერი: მომარაგების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მისი თქმით, ბახმუტის ბრძოლაში დღეში 80 000 ჭურვია საჭირო. ითხოვენ 4 000-ს, მაგრამ სამინისტრო მხოლოდ 800-ს აძლევს. გამომდინარე აქედან, არტილერიის ცეცხლი უკრაინელების პოზიციაზე ინტენსიური ვეღარ არის, შესაბამისად, ქვეითებში მსხვერპლიც იზრდება, რადგან მათი დაცვა ვეღარ ხერხდება.

ეს პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა არსებობს, მაისის დასაწყისში კი "ჭურვების შიმშილი" კიდევ უფრო გაიზარდა. პრიგოჟინს მოუწია დახოცილი ვაგნერელების ფონზე ვიდეო ჩაეწერა და თავდაცვის მინისტრისთვის, სერგეი შოიგუსთვისა და გენშტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვისთვის ჭურვების მოთხოვნისას უცენზურო სიტყვები არ დაიშურა.

"პუტინის მზარეულმა“ ასევე განაცხადა, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდებოდა, ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭურვების პრობლემა მოგვარდებოდა.

  • ახლა პრიგოჟინი სხვა მიზეზით გაცოფდა. მოგეხსენებათ, ბახმუტის შტურმით "ვაგნერია" დაკავებული. მსხვერპლის ზრდის გამო, მათ მოუწიათ ქალაქის შემოგარენიდან საკუთარი ჯარისკაცები მოეხსნათ და უშუალოდ ქალაქის შტურმი დამატებითი ძალებით გაეგრძელებინათ. ფლანგები თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებმა დაიკავეს. თუმცა ბოლო დღეებში უკრაინული კონტრშეტევები ვერ მოიგერიეს და პოზიციებიდან გაიქცნენ.

პრიგოჟინი ამჟამინდელ სიტუაციაზე საუბრობს:

"დიდ პატივს ვცემ ექსპერტებს, მაგრამ ავხსნი სიტუაციას და იმას, თუ რას ნიშნავს უკრაინის კონტშეტევა. სხვათაშორის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გადაწყვიტეს, რომ სიტყვა "კონტრშეტევა" ხმარებიდან ამოიღონ. ახლა სამინისტროში მას მოიხსენიებენ, როგორც "ბრძოლით დაზვერვას".

უკრაინა კონტრშეტევას სხვადასხვა მიმართულებით დაიწყებს. ჩრდილოეთით: ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის მიმართულებებით, შემდეგ სვატოვო-კრემენაია, შემდეგ ბახმუტი, დონეცკი, გორლოვკა და ზაპოროჟიე.

უკრაინული დანაყოფები ახორციელებენ ზუსტ დარტყმებს. იმ მიმართულებებზე, სადაც ხალხის დეფიციტს განიცდიან, ჯარისკაცებს ამატებენ. ეს ნორმალური ტაქტიკაა, რომელსაც იყენებენ ჭკვიანი, განათლებული ადამიანები", - ამბობს პრიგოჟინი.

  • "ვაგნერის" ხელმძღვანელი დეტალურად ყვება უკრაინელი სამხედროების გეგმებზე, თუ როგორ აპირებენ კონტრშეტევის განხორციელებას. მისი თქმით, მტერი ლოკალური პატარ-პატარა დარტყმებით წინ წაიწევს და ეტაპობრივად ჯერ ტაქტიკურ, შემდეგ კი უკვე სტრატეგიულ გამარჯვებებს მოიპოვებს. ეს ის მიდგომაა, რომლითაც რუსებს უნდა ესარგებლათ, თუმცა მისი თქმით, ისინი "სამამულო ეპოსების მიხედვით მუშაობენ."

"სპილო ნაწილებად უნდა დაჭრა და ისე შეჭამო და არა ერთიანად, როგორც ამას ჩვენი დიდებული გენიოსები აპირებდნენ. ამიტომ ტაქტიკური უკანდახევა და გადაჯგუფება ჩვენ უკვე ვიხილეთ. ჯერ იყო და ასწლიანი სირცხვილი ვიწვნიეთ კიევთან, შემდეგ ხარკოვთან "გადავჯგუფდით“, მერე ხერსონთან, ახლა კი ბერხოვსკოეს წყალსაცავთან აკეთებენ გადაჯგუფებას. ეს იყო საკვანძო სიმაღლე, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა დაკარგეს.

უკრაინა, ზალუჟნი და კამპანია საბჭოთა კავშირის წიგნებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც ჭკვიანმა ხალხმა დაწერა. რაც ჩვენთან ხდება კი არის სიგიჟე და ამ სიგიჟისთვის ლამაზი სიტყვების შერქმევა.

ამხანაგმა სტალინმა, თუ არ ვცდები, მარშალი იგოროვი, რომელიც გენშტაბის ხელმძღვანელი იყო, გენერალური შტაბის განადგურებისთვის და ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის დახვრიტა. როგორც ჩანს, ეს ფორმულირებები ისევ უნდა გამოვიყენოთ.

ჩემი ჯარისკაცები სულ მცირე 2-თვიან მომზადებას გადიან. დღეში 20 საათს ვარჯიშობენ და სწავლობენ.

ახლა რასაც ვხედავთ, როდესაც მობილიზირებული ჯარისკაცები წინა ხაზზე მოჰყავთ, ასე არ შეიძლება! ეს უბრალოდ უტილიზაციაა. ასე არ შეიძლება, რუსეთში ხალხი აღარ დარჩება. ნებისმიერ ომში მთავარი ტერიტორია კი არა, ჯარისკაცია, მას უნდა მოვუფრთხილდეთ. რომ მოუფრთხილდე, დღე და ღამე პოლიგონზე უნდა არბენინო და ავარჯიშო.

დღეს რა ხდება? ჯარისკაცები თავისთვის არიან, გენშტაბი სადღაც კოსმოსშია, თავისთვის არიან ისინიც. ჩვენი გენერლები ფრონტზე არ ჩამოდიან, ტყუილად არ ეძახიან "პარკეტის გენერლებს", დადიან ფულიანები, ისხამენ სუნამოებს, ვერ მიუახლოვდები ისეთ სუნი აქვთ, ალერგია დაგეწყება.

თუ ვინმეს რამის თავი აქვს, ყველა მოიშორეს, ან გააჩუმეს.

დღევანდელი პრობლემები უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსი ხალხი მოაგვარებს“, - ამბობს "ვაგნერის" მეთაური.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="RVvoenkor/44894" data-width="100%"></script>

ცნობისთვის, ბახმუტში ბრძოლა მხარეების გარდამავალი ინიციატივებით მიმდინარეობს. უშუალოდ ქალაქში რუსებს აქვთ უპირატესობა. ფლანგებზე - უკრაინელებს. როგორც რუსული "ტელეგრამ" არხები წერენ, თავდაცვის სამინისტროს ძალები გაუმართავი კავშირის და დაცვისთვის მოუმზადებლობის გამო, ვერ გაუძლებენ შეტევებს და ჩამოიშლებიან.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე