ავტორი:

თურქეთი გარდამტეხი ცვლილების ზღვარზე? - ვინ არის ერდოღანის მთავარი კონკურენტი "ქემალ განდი", კაცი სიყვარულის ემოციით, რომელსაც "ევოლუციურ ლიდერს" უწოდებენ

თურქეთი გარდამტეხი ცვლილების ზღვარზე? - ვინ არის ერდოღანის მთავარი კონკურენტი "ქემალ განდი", კაცი სიყვარულის ემოციით, რომელსაც "ევოლუციურ ლიდერს" უწოდებენ

14 მაისი თურქეთის ხელისუფლების ცვლილების თვალსაზრისით შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს. დღეს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც გადაწყვეტს დარჩება თუ არა ხელისუფლებაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც უკვე 20 წელია ქვეყნის პირველი პირია. აქედან 9 წელი პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობს.

ერდოღანს 20-წლიანი მმართველობის განმავლობაში არასდროს ჰყოლია ისეთი ძლიერი კონკურენტი, როგორც ახლა. კონკურენტი, რომელმაც ოპოზიციის გაერთიანება შეძლო და წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებში მცირედით ლიდერობს.

  • ვინ არის ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელსაც ხალხმა ქემალ განდი შეარქვა?

74 წლის ქემალი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობს, "თურქეთის ყველა ფენასთან შეძლო მიღწევა და ყველასთან გამონახა საერთო ენა".

ის 1948 წელს, თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ თუნჯელში, დიასახლისისა და საჯარო მოხელის ოჯახში დაიბადა. შვიდი და-ძმიდან ოჯახში მეოთხე შვილია. მისი ოჯახი თურქეთის რელიგიური უმცირესობის ალავიზმის წევრი იყო, ქემალიც ალავიზმის მიმდევარია, რაც მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის თავდაპირველად ხელისშემშლელი იყო, რადგან თურქეთში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება, "ყოველგვარი საზღვრების დარღვევად" მიიჩნევა. ამიტომ ქემალი წლების განმავლობაში მუშაობდა თანაპარტიელებთან, საზოგადოებასთან, რომ მსგავსი დამოკიდებულება შეცვლილიყო.

ქილიჩდაროღლუმ ანკარის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მრავალი წლის განმავლობაში საჯარო მოხელედ მუშაობდა თურქეთის ფინანსურ ინსტიტუციებში და კორუფციის აღმომფხვრელის რეპუტაცია მოიპოვა.

1999 წელს გადადგა თურქეთის სოციალური დაზღვევის ფონდის გენდირექტორის პოსტიდან და პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. გახდა ქემალისტური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრი (რომელიც დაარსებულია 1923 წელს მუსტაფა ქემალ ათა-თურქის მიერ), რომლის სიით 2002 წელს თურქეთის დიდი ეროვნული კრების (პარლამენტის) წევრად აირჩიეს.

ქემალ ქილიჩდაროღლუმ სწრაფი პარტიული კარიერა გაიკეთა და მალე სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ საბჭოში (კომიტეტში) გავლენიან ფიგურად იქცა. 2009 წელს მონაწილეობდა სტამბოლის მერის არჩევნებში, მაგრამ ხმების 36% მიიღო. 2010 წელს ქემალმა პარტიის ლიდერობიდან დენიზ ბაიკალის გადადგომის შემდეგ, თავმჯდომარის არჩევის დროს, ყრილობის 1250 დელეგატიდან 1246-ის ხმა მიიღო.

1974 წელს ქემალ ქილიჩდაროღლუმ ცოლად შეირთო სელვი გიუნდუზი, ჟურნალისტი, წარმოშობით ქურთი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა - ორი გოგონა (ასლი და ზეინები) და ერთი ვაჟი (ქერემი). ზეინები იურისტია, ქერემი კი - მუსიკოსი. ოჯახი თურქეთის მასშტაბით მაინცდამაინც დიდ ქონებას არ ფლობს - აქვს ორი სახლი, ერთი მიწის ნაკვეთი და მცირე წილი ზოგიერთ კომპანიაში, თუმცა ეს მონაცემები უკვე საკმაოდ მოძველებულია.

  • გული - ქემალის საარჩევნო კამპანიის მთავარი სიმბოლო

ქემალ ქილიჩდაროღლუს ექვსპარტიული ოპოზიციური ალიანსი უჭერს მხარს. ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთს თავისუფლებასა და დემოკრატიას მოუტანს.

ახალგაზრდობას დემოკრატია სურს. მათ არ უნდათ, რომ პოლიციამ კარზე დაუკაკუნოთ, მხოლოდ იმის გამო, თუ რა დაწერეს "ტვიტერზე“, - ამბობს ქემალი. ამჟამად თურქეთში ადამიანი შეიძლება ციხეში მოხვდეს "პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის“. ახალგაზრდებს ვეუბნები, რომ ჩემი კრიტიკა თავისუფლად შეუძლიათ. გარწმუნებთ, ეს თქვენი უფლებაა, - ამბობს 74 წლის პოლიტიკოსი,

ქილიჩდაროღლუს ზოგიერთ მხარდამჭერს ეშინია მისი უსაფრთხოების. თვითონ ამბობს, რომ იყო თურქეთის პოლიტიკაში, ნიშნავს, იცხოვრო რისკების ქვეშ.

"თურქეთში პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს რისკებით ცხოვრების არჩევას. ერდოღანმა და მისმა მოკავშირეებმა რაც უნდა გააკეთონ, ვერ შემაშინებენ, მე ჩემს გზას გავუყვები, პირობა მივეცი ამ ერს“, - ამბობს პოლიტიკოსი, რომელსაც წარსულში ერდოღანი დასცინოდა და ამბობდა, რომ ქემალს "ცხვრის მწყემსვაც კი არ შეეძლო“.

"ჩვენ გვინდა გავხდეთ ცივილური სამყაროს ნაწილი. ჩვენ გვინდა თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო. ერდოღანი ასე არ ფიქრობს, მას სურს ავტორიტარი იყო. ჩვენსა და ერდოღანს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც სხვაობა თეთრსა და შავს შორის“, - ამბობს ქემალი.

ქილიჩდაროღლუს თურქეთის დემოკრატიის მომავალს უწოდებენ. ის ამბობს რომ არჩევნები არ ტარდება შესაბამის პირობებში, მაგრამ მიაჩნია, რომ გაიმარჯვებს, რადგნა "ხალხს დემოკრატია სურს".

აღსანიშნავია, რომ საჯარო გამოსვლების დროს ის ხალების ჟესტიკულაციით მხარდამჭერებს გულის ფორმას აჩვენებდა, რის გამო გული ფაქტობირვად წინასაარჩვნო კამპანიის სიმბოლოდ იქცა.

  • კაცი "უბრალო ცხოვრებით", მშვიდი ტონით და მიმართვა საზოგადოებას მოკრძალებული სამზარეულოდან

"მე თქვენსავით ვცხოვრობ, თქვენსავით უბრალო ცხოვრება მაქვს“, - უთხრა ქემალმა სტამბოლში არჩევნების წინა დღეს აქციაზე შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს. ქილიჩდაროღლუს თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, უარს იტყვის პრეზიდენტის სასახლეში ცხოვრებაზე, გადავა უფრო მოკრძალებულ შენობაში, რომელიც ათათურქს ეკუთვნოდა.

სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნო პერიოდში ვიდეომიმართვებს მოკრძალებული სამზარეულოდან აქვეყნებდა. ამომრჩეველს მიმართავდა ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე. ისეთ თემებზე როგორიცაა ქურთების საკითხი, რელიგიური უმცირესობები. ამომრჩეველს მიმართავდა რბილი ტონით და ამბობდა, რომ გააერთიანებდა თურქეთის საზოგადოების ყველა ფენას.

"ის იმდენად მშვიდია, რომ ხანდახან კოლეგებსაც კი აგიჟებს. როცა ოთახში ვინმე შემოდის, დგება და ხელს ართმევს. არასდროს აწყვეტინებს საუბარს ადამიანებს. ზოგჯერ რაღაცები გვაგიჟებს, არ შეგვიძლია არ ვიყვიროთ, თუმცა ის მაშინაც კი სიმშვიდეს ინარჩუნებს", - ამბობს ქემალთან დაახლოებული პირი.

ამგვარი ხასიათისა და ცნობილ ინდოელ ლიდერთან ფიზიკური მსგავსების გამო მას თურქეთში ქემალ განდის უწოდებენ.

მის პოლიტიკურ კარიერაში არაერთი მნიშვნელოვანი მომენტი ყოფილა, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეულია 2017 წელს ანკარადან სტამბოლამდე მოწყობილი მარში, რომლის მიზანიც იყო 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულთა მხარდაჭერა. ეს იყო ნაბიჯი, რომლის შემდეგაც ქემალმა საერთაშორისო არენაზეც მოიპოვა აღიარება.

ის ნელა და მიზნობრივად მუშაობდა ქურთების თემის მხარდაჭერისთვის და შედეგი კი ისაა, რომ ქურთებით დასახლებულ ქალაქებში ქემალს ისე ხვდებიან, როგორც გმირს.

  • რას ამბობს რუსეთსა და უკრაინაზე?

კითხვას, თუ როგორი ურთიერთობის დამყარებას აპირებს ვლადიმერ პუტინთან, მან ასე უპასუხა: "ჩვენ შევქმნით პოლიტიკას იმ ფარგლებში, რასაც თურქეთის ინტერესები მოითხოვს. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც თვლის, რომ საგარეო პოლიტიკა ამჟამად არ არის თურქეთის სასარგებლოდ“.

უკრაინაზე დასმულ კითხვას კი ასე უპასუხა: "ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში უსამართლოდ შეიჭრნენ. ამიტომ, ჩენ მათ მხარს ვიჭერთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა სახის პოლიტიკურ მხარდაჭერას რაც საჭირო იქნება“.

  • "ევოლუციური ლიდერი"

"როდესაც პირველად შევხვდი, ვფიქრობდი, რომ ის იყო არა რევოლუციური, არამედ ევოლუციური ლიდერი. კონცენტრირდება მიზანზე და მიჰყვება მიზნისკენ მიმავალ გზას წარმოუდგენელი სიმშვიდით და ის არის ძალიან უკომპრომისო, როცა თვლის რომ მართალია“, - თქვა მისმა ყოფილმა თანაპარტიელმა მელდა ონურმა.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკაშია, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. 2014 წელს პარლამენტში შევლისას მოქალაქე თავს დაესხა. ქემალი დეპუტატებთან სიტყვით უნდა გამოსულიყო. ლოყისა და თვალის არეში დაჟეჟილობის მიუხედავად, მან კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა: "დემოკრატიისკენ მიმავალი გზა სავსეა დაბრკოლებებით“.

2016 წელს მის კოლონას რაკეტა ესროლეს, პასუხისმგებლობა ქურთების დაჯგუფებამ აიღო, მომდევნო წელს კი გადაურჩა ისლამური სახლემწიფოს მიერ დაგეგმილ დაბომბვის მცდელობას.