ავტორი:

ბრიტანელების "საჩუქარი" უკრაინას - რას წარმოადგენს Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც რუსული საჰაერო თავდაცვის კოშმარად შეიძლება იქცეს?

ბრიტანელების "საჩუქარი" უკრაინას - რას წარმოადგენს Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც რუსული საჰაერო თავდაცვის კოშმარად შეიძლება იქცეს?

შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო უკრაინული არმიისკონტრშეტევის მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ სამზადისი კარგა ხანია მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ "უკრაინას კონტრშეტევისთვის მეტი დრო სჭირდება".

ამას შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს: პირველ რიგში, გასული წლის შემოდგომის ხარკოვ-ხერსონის კონტრშეტევების შემდეგ, რუსეთმა ჭკუა ისწავლა და დაკავებული ტერიტორიების გამაგრება დაიწყო. შესაბამისად, ახლა მეტ-ნაკლებად უფრო მზად არიან და პოზიციები ნაკლებად მოშიშვლებული აქვთ.

მეორე მიზეზი ის არის, რომ უკრაინას მეტი სხვადასხვა ტიპის იარაღი სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი საშუალო ან შორ მანძილზე მფრინავი რაკეტებია, რომლის დახმარებითაც მომარაგების პუნქტებისა და აეროდრომების განადგურება რუსეთის სიღრმეში იქნება შესაძლებელი.

დრონებით შეტევა, რა თქმა უნდა, ეფექტს იძლევა, თუმცა არა ისეთს, როგორც ეს რაკეტებს შეუძლია.

"იმით, რაც გვაქვს შეგვიძლია წინსვლა და წარმატების მიღწევა, მაგრამ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიდრე ქვეყანა F 16-ების მიღებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, მათი არსენალი ახალი იარაღით - Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეივსება. CNN-ის ინფორმაციით, ბრიტანეთმა რამდენიმე რაკეტა უკვე გადასცა. იქნებ სწორედ ამას უცდიან უკრაინელები?

  • განვიხილოთ რა არის Storm Shadow, რას წარმოადგენს და როგორ შეიძლება დაეხმაროს უკრაინელებს?

Storm Shadow - ფრანგულ-ბრიტანული "ჰაერი-მიწის“ ტიპის ავიაციური ფრთოსანი რაკეტაა.

მისი მოქმედების არეალი 500 კმ-მდეა, თუმცა საექსპორტო ვერსია - SCALP EG (რომელსაც უკრაინას გადასცემენ) 250-300კმ-ზე მოქმედებს. ეს ცოტა ნაკლებია, ვიდრე ამერიკული "ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების არეალი, თუმცა სავსებით საკმარისია, რომ სიღრმეში სამიზნეები გაანადგუროს.

აღსანიშნავია, რომ CNN-ზე დასავლელმა საჯარო პირმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, განაცხადა, რომ იარაღი უკრაინას იმ პირობით გადაეცემა, თუ ისინი რაკეტას საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენებენ და არა რუსეთის. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელები ყირიმში რუსულ აეროდრომებს უპრობლემოდ მიწვდებიან, რაც აქამდე იშვიათად გამოსდიოდათ. საცეცხლე არეალში ხვდება ქერჩის ხიდიც.

კიდევ ერთი უპირატესობა, რაც Storm Shadow-ს აქვს მისი უნივერსალურობაა. გამოყენება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და რთულ მეტეო პირობებშიც.

საინტერესოა ასევე ისიც, თუ რომელი თვითმფრინავი იქნება "შტორმის“ მატარებელი. ასეთი რაკეტები შეთავსებადია Tornado, Rafale, Mirage 2000 და Eurofighter Typhoon-ისთვის. თუმცა დიდი ალბათობით უკრაინელები მას მოდერნიზირებულ სუ-24-ზე გამოიყენებენ.

სხვათა შორის საბჭოური თვითმფრინავების თანამედროვე იარაღით აჭურვის პრაქტიკა უკვე არსებობს. მაგალითად, "კუსტარული“ მეთოდებით AGM-88 HARM მიგ 29-ებზე დაამაგრეს და საკმაოდ ეფექტიანადაც გამოიყენეს.

ფაქტს კრემლშიც გამოეხმაურნენ. დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:

"რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად გნაწყობილია ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის შორს მოქმედ ფრთოსანი რაკეტების Storm Shadow-ების გადაცემით. ადეკვატური პასუხის გაცემა გახდება საჭირო.“

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Storm Shadow რუსული საჰაერო თავდაცვისთვის კოშმარი იქნება. უკრაინული კონტრშეტევის ნიადაგსაც მოამზადებს და ოკუპანტების ნაქებ ტექნიკას და მომარაგების პუნქტებს გაანადგურებს.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ