რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისიდან გაუქმდება. განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა.
რუსეთში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს დასჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი, ასევე მეზღვაურის პასპორტი. სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობის, ან სწავლის მიზნით რუსეთში შესვლისთვის, ვიზა მაინც იქნება საჭირო.
პუტინის განკარგულებით, მოხსნილია შეზღუდვები ავიამიმოსვლაზე, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული შეზღუდვის შესახებ პუტინის ბრძანება ბათილადაა ცნობილი.
რუსული მხარე ბოლო დროს აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ, რასაც მმართველ პარტიაში მიესალმებოდნენ და ამას იმით ხსნიდნენ, რომ ეს აქტი რუსეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის შეღავათი იქნებოდა.
რას ნიშნავს ეს განკარგულება და რა მიზანი აქვს ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტს, ამის შეფასება პოლიტოლოგებს ვთხოვეთ:
"ინტეგრაცია ჩვეულებრივ გრძელდება დათვის პრინციპით - წინასწარ თუ მოემზადები, თვითონ ჩახტები ქვაბში და კარგად მოიხარშები, დათვი ასე უფრო გემრიელად შეგჭამს, უმი ხორცის ჭამას მოხარშული სჯობს. ესენი თვითონ ეპრანჭებიან დათვს, ისიც გულში იხუტებს ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ როგორც არ უნდა გაეპრანჭო, დათვის პრინციპი ასეთია - ბოლოს მაინც შეგჭამს. პუტინის მიზანი დიდი ხანია ცნობილია - სსრკ-ს აღდგენა და ჩვენც პირდაპირ ვეძლევით პირში, მეტი არაფერი. ფაქტია, რომ ნელ-ნელა, რბილი ძალით მიდის ქვეყნის ოკუპაცია, რასაც "ოცნება“ მიესალმება. პუტინმა "ოცნება“ ლოიალობისთვის და იმ პოლიტიკისთვის დააჯილდოვა, რა პოლიტიკაც აქვს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან. მთელი მსოფლიო რუსეთს ემიჯნება და ჩვენ მას ვეხუტებით - აი, ამისთვის დააჯილდოვა ესენი“.
"ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებისთვისაა საზიანო, ჩვენს ინტერესებში არანაირად ჯდება ის, რომ რუსეთთან მაქსიმალური დაახლოვება მოხდეს იმ კონტექსტში, როდესაც რუსეთი არის მსოფლიოს მიერ სრულად გარიყული. მეორე მხრივ, რუსეთის მხრიდან ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად მოხდეს ქართული საზოგადოების მასზე სრულად ჩამოკიდება, როცა მისი ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული აქტივობები მთლიანად მიმართული იქნება რუსეთზე, როგორც ეს თავის დროზე რუსეთმა შუა აზიას გაუკეთა. ეს არის აქეთკენ გადადგმული მცდელობა და ნაბიჯები, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის პოლიტიკური სიგნალიც საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება არის ჯილდო იმ პოლიტიკისთვის, რასაც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან აწარმოებს - ეს არის ნელ-თბილად რუსული ნეიტრალიტეტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უკავია.
ეს განკარგულება, მეორე მხრივ, იწვევს საქართველოს იმიჯის დაზიანებას საერთაშორისო საზოგადოებაში. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, როდესაც ყველა მაქსიმალურად შეეცადა რუსეთთან შეეწყვიტა ახლო ეკონომიკური, თუ სოციალური ურთიერთობა, აღმოჩნდა ქვეყანა - საქართველო, რომელმაც პირიქით, მასთან დაიწყო დაახლოება. ეს ძალიან ცუდი სიგნალია, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად იღებს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს განკარგულება საქართველოს ინტერესებში რაიმეთი შეიძლება ჩაჯდეს. როგორც მინიმუმ, ქართულმა საზოგადოებამ ეს ნაბიჯი არანაირ კონტექსტში არ უნდა აღიქვას როგორც რუსეთთან ურთიერთობის დაახლოების შანსი და საშუალება. საქართველოს ხელისუფლება როგორც არ უნდა შეეცადოს, რომ ქართველი მცირე, თუ მსხვილი მეწარმეები რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გღღმავებაზე, რუსეთში ჩასვლაზე, პარტნიორობასა და ინტენსიურ თანამშრომლობაზე წაახალისოს, ქართულმა საზოგადოებამ პირიქით, თავი უნდა შეიკავოს. რუსეთი არის დაღმავალი ძალა და პრაქტიკულად, რუსული ეკონომიკის ჩაძირვა საქართველოს ეკონომიკასაც ზედ მიიყოლებს.
ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გამოვიარეთ, გავიგეთ რას ნიშნავდა რუსეთზე დამოკიდებულება თუნდაც 2005-2006 წლებში, როცა მან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება დაიწყო. ახლაც რუსეთის ხელში იქნება ბერკეტი, ქართული ეკონომიკა დააზარალოს, იგივე ქართველები გამოყაროს, რაც ერთხელ უკვე გააკეთა. ამ შემთხვევაში გონივრული ნაბიჯი იქნება, არ მოხდეს ამ მხრივ ქათული საზოგადოების რუსეთთან დაახლოება. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია პოლიტიკური აქტივობა და სწორი შეფასების გაკეთება, საზოგადოებამ სწორად უნდა შეაფასოს, როგორ მივედით აქამდე".