თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი გიორგი ფხალაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ის 19 მაისიდან აეროპორტში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე არ იმუშვებს.
როგორც მან ambebi.ge -ს უთხრა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ მას უბიძგა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ცნობამ.
"უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე რთული იყო მემუშავა ჩემს თანამდებობაზე და მოვმსახურებოდი რუს მიგრანტებს. რაც შევძელი, უარი ვთქვი მათთან რუსულ ენაზე დამემყარებინა კომუნიკაცია. ჩვენ აეროპორტის თანამშრომლებს ბოლო პერიოდში გვქონდა მოლოდინი, რომ აღდგებოდა პირდაპირი რეისები რუსეთის მიმართულებით და ეს დღეც დადგა. ჩემთვის, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქისთვის, შეუძლებელი გახდა მოვემსახურო ამ რეისის მგზავრებს. ამიტომ დავტოვე სამსახური. მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს და 19 მაისიდან აღარ ვიმუშავებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში!" - უთხრა ambebi.ge -ს გიორგი ფხალაძემ.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.