2023 წლის 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17 საათზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა ათობით ათასი ადამიანი, რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით დაშავებულსა და მიყენებულ ზარალზე. მეზობელ ქვეყანაში მომხდარმა ტრაგედიამ სეისმომდგრადობის საკითხი საქართველოში კიდევ ერთხელ გაააქტიურა.
იმის გათვალისწინებით, რომ კავკასია სეისმურად აქტიურ ზონაშია, მნიშვნელოვანია გეოლოგიური დასკვნა და კონსტრუქციული გაანგარიშება სწორად ჩატარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცეს მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ კვლევებს სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისთვის კონტრაქტორი კომპანიები ატარებენ.
მშენებლობის ნებართვის გაცემამდე დედაქალაქის მერია ითხოვს კვლევების წარმოდგენას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით იღებს.
საინტერესოა, რა მაგნიტუდის მიწისძვრაზეა გათვლილი შენობები თბილისში, სადაც ურბანული განვითარება წლებია აქტიურად მიმდინარეობს და რა სახის ქანებზე მშენებლობაა უფრო უსაფრთხო.
დედაქალაქში საცხოვრებელი შენობების ნაწილი მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. მათ შორის არის ე. წ. ხრუშჩოვკები და ათეულობით წლის წინ აშენებული სხვა ნაგებობები. როგორც კონსტრუქტორები განმარტავენ, საბჭოთა პერიოდში შენობის როგორც სეისმომდგრადობასთან, ისე სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნორმები არსებობდა, რომლებსაც ჩვენი ქვეყანაც მიჰყვებოდა და თბილისში კორპუსები სწორედ იმდროინდელი კანონმდებლობის გათვალისწინებით შენდებოდა.
კონსტრუქტორი და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯულუხიძე გვიამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1988 წელს, მეზობელ სომხეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც 1990 წლისთვის კანონმდებლებს სამშენებლო ნორმების გამკაცრებისკენ უბიძგა. სპეციალისტი განმარტავს, რომ იმ პერიოდში თბილისი 7 მაგნიტუდის ზონად იყო მიჩნეული, თუმცა მშენებლებს უკვე 8 მაგნიტუდაზე გათვლილი ნაგებობების მშენებლობა დაევალათ.
„მარტივად რომ განვმარტოთ, 7 მაგნიტუდის სიმძლავრე 8 მაგნიტუდისგან ორჯერ განსხვავდება ანუ 8 მაგნიტუდა ორჯერ ძლიერი მიწისძვრაა. შესაბამისად, 9 მაგნიტუდა 8-ზე ორჯერ და 7 მაგნიტუდაზე ოთხჯერ ძლიერია. ამის გათვალისწინებით წარმოიდგინეთ, რამდენად გამკაცრდა მოთხოვნები. აღნიშნული ნორმების დაცვა თანხაში რომ გადავიყვანოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლობა 15-20%-ჯერ გაძვირდა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მშენებელმა კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმა მკაცრად დაიცვას და დღეს სახელმწიფო ამ პროცესს უკვე მკაცრად აკონტროლებს. ალბათ გსმენიათ მოსაზრება, რომ ახალაშენებული კორპუსები ნაკლებად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, მშენებლობის ნორმები ორჯერ გამკაცრებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითისთვის, უნდა გამოვიყენო ორჯერ მეტი არმატურა. მშენებლობა უფრო გამიძვირდა, მაგრამ იმაზე უფრო ხარისხიანი გახდა, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო,“ - განმარტავს კონსტრუქტორი.
„90-იანი წლების შემდეგ თბილისში შენობები 8 მაგნიტუდის მიწისძვრაზეა გათვლილი“.
მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში ძირითადი აქცენტი სისწრაფესა და ინდუსტრიალიზაციაზე იყო გადატანილი. რკინა-ბეტონის ქარხნებში მზადდებოდა ნაკეთობები, რომლებიც იგზავნებოდა მშენებლობაზე, სადაც ლეგოს მსგავსად ეწყობოდა. კონსტრუქტორი ზურაბ ჯულუხიძე განმარტავს, რომ ასაწყობი კონსტრუქციის კვანძების სწორად შეერთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მშენებლობის უსაფრთხოებაში და შეცდომის შემთხვევაში შეიძლებოდა ტრაგედია დატრიალებულიყო. აღნიშნული მეთოდი დღეს მონოლითური მშენებლობით შეიცვალა.
„დედაქალაქში არსებული შენობების 75% ალბათ საბჭოთა პერიოდის მშენებლობებია“.
„მონოლითურმა მშენებლობამ, რასაც „მონოლით ჯგუფიც“ ვიყენებთ, უსაფრთხოება გაცილებით მაღალ დონეზე აიყვანა, რაც ხარჯებს ზრდის, მაგრამ უფრო უსაფრთხოა. საბჭოთა კონსტრუქცია კი შეცდომებს არ გპატიობს,“ - განმარტავს ზურაბ ჯულუხიძე.
კანონმდებლობა, რომლითაც დღეს სამშენებლო-დეველოპერული სექტორი ხელმძღვანელობს
2009 წლიდან სამშენებლო-დეველოპერული სექტორი ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნორმებითა და წესებით ხელმძღვანელობს. კერძოდ, მინისტრის ბრძანებით, ყველა ნაგებობა უნდა აკმაყოფილებდეს „სეისმომედეგი მშენებლობის“ ნორმებს, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რა სახის ქანზე რამდენ მაგნიტუდაზე გათვლილი ნაგებობა უნდა აშენდეს, როგორი უნდა იყოს კონსტრუქცია, სეისმომდგრადობის სხვა რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის და სხვა.
კონსტრუქტორი და „მონოლით ჯგუფის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯულუხიძე განმარტავს, რომ დღეს შეუძლებელია მშენებელმა აღნიშნულ კანონმდებლობას გვერდი აუაროს, თუმცა მომხმარებლის ინფორმირებულობა და სიფრთხილე საცხოვრებლის შერჩევისას მაინც მნიშვნელოვანია.
გარდა „სეისმომედეგი მშენებლობის“ ნორმებთან შესაბამისობისა, შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში ვერ შევა, თუ არ აკმაყოფილებს მთავრობის 2016 წელს მიღებულ 41-ე დადგენილებას ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე (ბმულში მოცემულია დადგენილების პირველადი სახე). აღნიშნული რეგლამენტი ეხება სახანძრო უსაფრთხოებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ასევე აქტუალურია და არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი, განსაკუთრებით დიდ დიღომში 2019 წელს მომხდარი აფეთქების შემდეგ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
სეისმომდგრადობის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, როგორც კონსტრუქტორი ზურაბ ჯულუხიძე განმარტავს, რომ სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ვალდებულია, თბილისის მერიას წარუდგინოს გეოდეზიური, გეოლოგიური კვლევა და თუ საჭიროება დადგა, გეოფიზიკური კვლევაც:
„ამას კანონი არ გვავალდებულებს, მაგრამ დიდ ტერიტორიაზე კომპლექსების მშენებლობისას სასურველია გრუნტის აჩქარების დასადგენად ასეთი კვლევაც ჩატარდეს, რაც, მაგალითად, „მონოლით გრინ სითის“ მშენებლობისას გავითვალისწინეთ,“ - აღნიშნავს ზურაბ ჯულუხიძე.
სამშენებლო პროცესს ჰყავს ზედამხედველები, რომლებიც ასევე მერიას ექვემდებარებიან და ამზადებენ შესაბამისობის აქტებს. შემდეგ მერიის წარმომადგენლები ეცნობიან აღნიშნულ აქტებს და შეუსაბამობის შემთხვევაში, შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარს ამბობენ.
„აღნიშნული ზედამხედველობა ჩვენთვის, მშენებლებისთვის სავალდებულოა, ხოლო კომპანიები, რომლებიც ზედამხედველობას გვიწევენ, უშუალოდ თბილისის მერიაში არიან აკრედიტებული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, თავად შევარჩიოთ მაკონტროლებელი პირი,“ - განმარტავს ზურაბ ჯულუხიძე.
რა სახის ქანებზე აშენებული ნაგებობაა უფრო გამძლე?
კონსტრუქტორი ზურაბ ჯულუხიძე განმარტავს, რომ მშენებლობა ნებისმიერი სახის ქანებზეა შესაძლებელი, თუმცა დაცული უნდა იყოს ყველა ნორმა, რათა ნაგებობა სეისმურად მტკიცე და უსაფრთხო იყო მცხოვრებლებისთვის:
„თბილისი დაფუძნებულია ძირითადად კლდოვან ქანებზე. აღნიშნული ქანებიც რამდენიმე ტიპად იყოფა: გამოფიტულები, ძლიერ გამოფიტულები და ჩვეულებრივი. ნებისმიერ ქანზე შეიძლება ნაგებობის დაფუძნება, უბრალოდ ეს პროცესი სწორად უნდა წარიმართოს. შენობის კლდოვან ქანზე დაფუძნება მშენებლობისთვის ეკონომიური და საიმედოა, რაც ერთი დიდი პლუსია“.
რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა საცხოვრებლის შერჩევისას?
„მონოლით ჯგუფის“ დამფუძნებელი და კონსტრუქტორი ზურაბ ჯულუხიძე განგვიმარტავს, რომ მომხმარებელი დღეს საცხოვრებლის შერჩევისას მთავარ აქცენტს ფასზე აკეთებს, რაც ბუნებრივია, თუმცა აღნიშნული პრაქტიკის გამო, ბოლო ათწლეულებია, უპასუხისმგებლო კომპანიებმა ასობით პირი დააზარალა.
მისივე თქმით, კანონმდებლობის კითხვა და მშენებლობის მასთან შესაბამისობის დადგენა მომხმარებლისთვის რთული და ხანგრძლივი პროცესია, რაც ბევრ დროსა და ენერგიას წაართმევს. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, არის შემდეგი:
აღნიშნული კრიტერიუმების გადამოწმების შემდეგ მომხმარებელი თავს უფრო დაცულად იგრძნობს.
NS