1994 წლის 2 დეკემბერს, შტორმიან ამინდში, ბათუმის პორტიდან იალტის მიმართულებით სატვირთო გემი "სპარტაკი“ გავიდა. გემზე 10 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.
თბომავალი დანიშნულების ადგილას 36 საათში უნდა მისულიყო, თუმცა "სპარტაკი“ იალტის პორტში არ შესულა - მისი კვალი გზაში გაუჩინარდა. წლების განმავლობაში დაკარგულების ოჯახის წევრები ყველა მეთოდით ცდილობდნენ გაერკვიათ, სად გაქრა გემი და რა ბედი ეწია მასზე მყოფ 19 ადამიანს.
"სპარტაკი“ საოკეანო გემი იყო, რომელსაც თავდაპირველად სამეცნიერო მიზნებისთვის ოკეანოლოგები იყენებდნენ. აღჭურვილი იყო მძლავრი სანავიგაციო სისტემით, 20 ადამიანზე გათვლილი 8 სამაშველო ტივტივით, რამდენიმე რადიოსადგურით და დამხმარე აკუმულატორით. საბოლოოდ, იგი კაპიტანმა რომან ჯიბლაძემ შეიძინა, რის შემდეგაც სატვირთო გემი გახდა. განახლებულმა ხომალდმა ბოლო რეისი 1994 წლის დეკემბერში შეასრულა. ამის შემდეგ, მისი კვალი სამუდამოდ იკარგება.
123 ტონა ტვირთგამძლეობის გემით 5 ტონა ჩაი, 10 ტონა ნავთობი, 3 "ჟიგული", ერთი "ვოლგა" და 75 ტონა მანდარინი გადაჰქონდათ. 2 დეკემბერს გემის კაპიტანი რომან ჯიბლაძის შვილი, სპარტაკ ჯიბლაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი შეუძლოდ გახდა და მისი ჩანაცვლება ვიტალი უნგიაძემ გადაწყვიტა. გემმა ბათუმის პორტი ღამის პირველ საათზე დატოვა.
დაკარგული გემის საქმეზე გამოძიება 1995 წლის თებერვალში, ბათუმის სატრანსპორტო პოლიციაში დაიწყო. წლების განმავლობაში საქმე არაერთ საგამოძიებო უწყებას გადაეცა, მაგრამ საბოლოოდ, ისევ ბათუმში დაბრუნდა. ასლან აბაშიძის პერიოდის გამოძიება გემის ჩაძირვის არაერთ ვერსიას ასახელებდა, თუმცა ოჯახის წევრებისთვის ხელჩასაჭიდი არცერთი ყოფილა.
გემის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია წარმოიშვა:
პირველი ვერსიის თანახმად, "სპარტაკი“ სოჭის სანაპიროსთან ჩაიძირა. ეს ვარაუდი მალევე გამოირიცხა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ "სპარტაკი“ საოკეანო გემი იყო და ადვილად შეეძლო შტორმიან ამინდში კურსის შენარჩუნება. კატასტროფის შემთხვევაში აუცილებლად ჩაირთვებოდა სასიგნალო მოწყობილობები, თუმცა არც პორტს და არც "სპარტაკთან“ ახლოს მცურავ გემებს მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ. გარდა ამისა, ჩაძირვის შემთხვევაში ზღვაში აუცილებლად დარჩებოდა ნავთობის, ჩაის ან ციტრუსის კვალი - სპარტაკ ჯიბლაძე გემის ნარჩენების ძებნას ვერტმფრენით ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
მეორე ვერსიის თანახმად, გემი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვდა. ვარაუდობდნენ, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს "სპარტაკი“ შავ ზღვაში მოცურავე რუსულ გემს გადაეყარა, რომლიდანაც მის ბორტზე უცნობი პირები გადავიდნენ და კაპიტანს კურსის შეცვლა აიძულეს. ამ ვერსიას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის უკანასკნელი რადიოკავშირისას ვიტალი უნგიაძის ნათქვამი ფრაზა: "მაცადეთ, გემზე სტუმრები მყავს.“
ბოლო ვერსია გემზე იარაღის არსებობას უკავშირდება, რაც გაუჩინარების საქმეში აჭარის მაშინდელი მთავრობის სავარაუდო როლზე მიუთითებს.
ინტერპოლის ინფორმაციით, გემი 3 დეკემბერს, ღამის ათ საათზე ფოთის პორტში შევიდა და მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ინფორმირების გარეშე, იარაღით დაიტვირთა. ამ ვერსიას იმჟამინდელი საგამოძიებო სისტემა არ იზიარებდა.
გემის გაუჩინარებიდან მალევე, "სპარტაკის“ მეპატრონეებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოლაპარაკებების გამართვა მოახერხეს. ისინი გალის გამგებელს, პოლიციის უფროსს და უშიშროების წარმომადგენელს შეხვდნენ. თითქოს გადაწყდა, რომ გემის ეკიპაჟის ერთ წევრს 5000 დოლარის სანაცვლოდ გამოუშვებდნენ. თუმცა მოლაპარაკებიდან მალევე, "პირველი არხის" ეთერში გამოაცხადეს, რომ სამივე პიროვნება გალის უშიშროების შენობაში მოკლეს. ამბობდნენ იმასაც, რომ უკვე სახელშეცვლილი "სპარტაკი“ სოხუმის პორტში ნახეს.
ოჯახის წევრები დაკარგულების ადგილსამყოფელის გაგებას უშედეგოდ ცდილობდნენ, აწყობდნენ აქციებს და დახმარებისთვის ხელისუფლების ყველაზე მაღალ ეშელონებსაც მიმართავდნენ, მათ დასახმარებლად გამოძიების პროცესში ჩაერთო წითელი ჯვარი, გაუჩინარებულ გემზე სტატია არაერთ გაზეთში დაიბეჭდა - თუმცა მომხდართან დაკავშირებით აჭარის მთავრობა არაფერს ამბობდა, დუმდა გამოძიებაც...
ლაპარაკობდნენ იმაზეც, რომ გემზე მყოფი 19 ადამიანი დრანდის ციხეში ჰყავდათ დაკავებული. მაგრამ საბოლოო ჯამში, ისინი, როგორც არასასურველი მოწმეები, გაანადგურეს. შესაბამისად, ამ ამბის ყველზე დაუჯერებელი და საზარელი ვერსიის თანახმად, "სპარტაკის“ ბორტზე მყოფი ყველა წევრი დახვრიტეს.
რა მოხდა სინამდვილეში? რა ბედი ეწია გემის ეკიპაჟს? რატომ დუმდა აჭარის მთავრობა მომხდართან დაკავშირებით? - ეს კითხვები ისევ პასუხგაუცემელი რჩება. სამწუხაროდ, დღეს უკვე შეუძლებელია დაადგინო სიმართლე, რომლის გარკვევაზეც გამოძიებას 30 წლის წინ უნდა ეზრუნა.