ავტორი:

8 თუ 9 მაისი? - როდის და როგორ იზეიმეს გამარჯვების დღე საბჭოთა კავშირში პირველად: ამბობენ, რომ აღლუმის ჩაბარება თავად სტალინს სურდა და დაჩქარებულად სწავლობდა ჯირითს

8 თუ 9 მაისი?  - როდის და როგორ იზეიმეს გამარჯვების დღე საბჭოთა კავშირში პირველად: ამბობენ, რომ აღლუმის ჩაბარება თავად სტალინს სურდა და დაჩქარებულად სწავლობდა ჯირითს

9 მაისს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე აღინიშნება. თუმცა თვითონ 9 მაისი საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი თარიღია.

  • 8 თუ 9 მაისი?

საქმე ის არის, რომ ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციას 7 მაისს, საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, მოკავშირეების მთავარსარდლის, დუაიტ ეიზენჰაუერის შტაბში მოეწერა ხელი. გერმანელთა მხრიდან ხელს აწერდა გენერალ-პოლკოვნიკი ალფრედ იოდლი. აღსანიშნავია, რომ კაპიტულაციის მოლაპარაკებები 4 მაისს დაიწყო, მასში საბჭოთა კავშირიდან გენერალი სუსლოპაროვი მონაწილეობდა, თუმცა დოკუმენტს საბოლოოდ ხელი მხოლოდ მოკავშირეებმა მოაწერეს, რადგან სტალინმა შეთანხმების ტექსტში შესწორებების შეტანა მოითხოვა. თუმცა ფაქტია, რომ გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა სწორედ 7 მაისს აღიარეს საერთო კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე.

კაპიტულაციის ხელმოწერა ქალაქ რეიმსში

დოკუმენტი ხუთი პუნქტისგან შედგება. მასში წერია, რომ გერმანია მოკავშირეთა ძალებსა და სამხედრო სარდლობას ნებდებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ერთადერთი კაპიტულაციის აქტი არ არის, რომელიც გაფორმდა. სტალინის მოთხოვნით, ფაქტობრივად, იდენტური შინაარსის კაპიტულაციას ხელმეორედ მოეწერა ხელი 8 მაისს ღამით, ბერლინის ოლქში, კერძოდ, კარლსჰორსტის საბჭოთა შტაბ-ბინაში. ამჯერად ხელშეკრულებას გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა ფელდმარშალი კაიტელი (ფელდმარშალი გენერლის უმაღლესი რანგი იყო), საბჭოთა კავშირის მხრიდან კი - მარშალი ჟუკოვი. სტალინის მოთხოვნით ხელმოწერილი დოკუმენტი ყველა მხარემ ცნო და აღიარა. გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 8 მაისს, საღამოს 23:01 საათზე ოფიციალურად შეწყდა. ამ დროს კი მოსკოვში, ისევე, როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში 9 მაისის, 01:01 საათი იდგა.

კაპიტულაციის ხელმოწერა კარლსჰორსტში

აქედან გამომდინარე, ფაშიზმზე გამარჯვებას ევროპაში 8 მაისს აღნიშნავენ, პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ნაწილში დღემდე - 9 მაისს.

  • როდიდან და როგორ აღნიშნავდნენ საბჭოთა კავშირში გამარჯვების დღეს?

1945 წლის 9 მაისს მთავრობამ ოფიციალური ღონისძიების დაგეგმვა ვერ მოასწრო, თუმცა ხალხმა თავად იზეიმა. გამოვიდნენ ქუჩებში, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ერთობოდნენ, ცეკვავდნენ.

ცნობილი აღლუმი თითქმის ერთი თვის შემდეგ, 24 ივნისს ჩატარდა. ომის ყველა ფრონტის წარმომადგენლებისგან სპეციალური პოლკი შეიქმნა. სპეციალურად ამ დღისთვის ახალი ფორმები შეიკერა, მათ შორის ახალი ჩემქებიც. მეტიც, ჯარისკაცებს დიდი ენთუზიაზმით და მოთხოვნებით არჩევდნენ. ისინი გამარჯვების განსახიერება უნდა ყოფილიყვნენ. ერთ-ერთი დაწესებული სტანდარტი იყო, რომ ყველა სამხედრო, რომელიც მონაწილეობას იღებდა 1.7 მეტრზე დაბალი არ უნდა ყოფილიყო. აღლუმს კონსტანტინე როკოსსოვსკი მართავდა, ჩაბარებით კი - მარშალმა ჟუკოვმა ჩაიბარა.

ამბობენ, რომ აღლუმის ჩაბარება თავად სტალინს სურდა. მეტიც, ის დაჩქარებულ რეჟიმში სწავლობდა ჯირითს, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა.

აღლუმზე გრანდიოზული ავია-შოუც უნდა გამართულიყო, რომლის დროსაც სხვადასხვა ტიპის 570 თვითმფრინავი უნდა აფრენილიყო მოსკოვის ცაზე, ხოლო "სტალინის შევარდნების“ რიგის სიგრძე 30 კმ-ზე უნდა გადაშლილიყო. თუმცა უამინდობის გამო აღლუმის საჰაერო ნაწილზე უარი თქვეს - 24 ივნისს მთელი დღე წვიმდა.

9 მაისის აღნიშვნა მხოლოდ 3 წელიწადი გაგრძელდა. 1948 წლიდან ის ჩვეულებრივ დღედ იქცა. რა თქმა უნდა, ამ დღეს ეროვნული ზეიმის ხასიათი მაინც შერჩა, თუმცა ოფიციალურად სამუშაო დღე იყო და არავითარი აღლუმები აღარ ეწყობოდა.

მომდევნო წლიდან ომის ვეტერანებს პრემიებსაც კი აღარ უხდიდნენ. ერთადერთი პრივილეგია რაც ჰონდათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო მგზავრობა იყო.

ამის მიზეზი რამდენიმე იყო, მათ შორის, ამბობდნენ, რომ ქვეყნას ყველა რესურსი ეკონომიკის აღდგენაზე უნდა გადაესროლა, ამიტომაც დღესასწაულებზე უარი ითქვა.

თუმცა ბევრი ისტორიკოსის აზრით, სტალინი სამხედრო ხელმძღვანელობის მზარდ ავტორიტეტს უფრთხოდა - პირველ რიგში, მარშალ ჟუკოვის.

გამოდიოდა, რომ 9 მაისს მათ განსაკუთრებულ როლს ახსენებდნენ, ფრთხილ სტალინს კი ეს ძალიან აღიზიანებდა.

ბელადის მმართველობის შემდეგ წლებშიც ასე გრძელდებოდა, არ შეიცვალა სიტუაცია არც ხრუშოვის დროს. ნიკიტა სერგეევიჩი ომის პერიოდში საკუთარი მოღვაწეობით დიდად ვერ დაიკვეხნიდა, თანაც ჟუკოვთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

9 მაისი, როგორც საერო ზეიმი, კი აღინიშნებოდა, თუმცა სამხედრო აღლუმები არ ტარდებდა და ოფიციალურად დასვენების დღეც არ იყო.

მხოლოდ 1965 წელს, ლეონიდ ბრეჟნევის ინიციატივით 9 მაისის დღესასწაული ისევ შემოიღეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ 1965 წელს გამარჯვების 20 წლის იუბილე იყო. მეორე რიგში, ბრეჟნევი ომის ვეტერანი გახლდათ, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრეს. მესამეც, ჟუკოვის მხრიდან საფრთხე აღარ არსებობდა. ის უკვე კარგა ხნის წასული იყო თანამდებობიდან, თანაც სამხედრო მაღალჩინოსნები პოლიტიკაში აღარ ერეოდნენ.

1965 წლის სამხედრო აღლუმი პირველი აღლუმი იყო, რომელიც 9 მაისს ჩატარდა.

შემდეგი აღლუმი კიდევ 20 წლის შემდეგ ჩატარდა. "პერესტროიკის“ პერიოდი იყო და ხელმძღვანელობას საზოგადოებისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ წარსულთან და ტრადიციებთან კი არ წყვეტენ ბმას, არამედ მხოლოდ შესწორებები შეჰქონდათ. შემდეგ იყო დიდი პაუზა და 1990 წელს გაიმართა სსრკ-ს უკანასკნელი აღლუმი. ისევ და ისევ პოლიტიკური მიზეზების გამო. კავშირი სულს ღაფავდა და იშლებოდა. კრემლს რაღაც ღონისძიებები სჭირდებოდა, რომელიც რესპუბლიკების გამაერთიანებელი იქნებოდა.

რა თქმა უნდა, კავშირი ამან დაშლისგან ვერ გადაარჩინა.

1995 წელს, ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლის იუბილე აღლუმით უკვე რუსეთმა აღნიშნა.

ამ წლიდან მოყოლებული აღლუმმა ყოველწლიური სახე მიიღო, თუმცა ტექნიკა აღარ გამოჰყავდათ. 2008 წელს რუსებმა გადაწყვიტეს, რომ მსოფლიოსთვის სამხედრო ძალის დემონსტრირება იყო საჭირო და "პარადს" ტექნიკაც დაამატეს. იმავე წელს საქართველოში შემოიჭრნენ...

რუსეთი დღეს ისეთივე ფაშისტური სახელმწიფოა, რაზეც გამარჯვებას ასე გულმოდგინედ ზეიმობს...

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე