ინსულტის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების კომპლექსურ სარეაბილიტაციო მკურნალობას რამდენიმე თვეა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს.
რას მოიცავს პროგრამა, ვის შეუძლია დაფინანსების მიღება და რა პროცედურები უნდა გაიარონ პაციენტებმა რეაბილიტაციის დროულად ჩასატარებლად - ამის შესახებ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროვაიდერი კენ ვოლკერის კლინიკის მოზრდილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო შაგიძე გვესაუბრება.
რას მოიცავს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსულტის შემდგომი სარეაბილიტაციო პროგრამა?
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციასთან ერთად, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების კომპლექსურ სარეაბილიტაციო მკურნალობასაც ითვალისწინებს. პროგრამის დაფინანსება და ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ხანდაზმულებში, ასევე ახალგაზრდებში, რადგან ამ დიაგნოზების მქონე ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების დიდი რისკის წინაშე დგანან.
ინსულტის დიაგნოზის შემდეგ პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, არის მკურნალობა, მაგრამ არ შეიძლება მკურნალობა განიხილებოდეს რეაბილიტაციის გარეშე.
სარეაბილიტაციო პროგრამა მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს დაფინანსებამდე საკმაოდ ძვირი, თითოეული პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, თვეში დაახლოებით 6 000-დან 10 000 ლარამდე ჯდებოდა.
რეაბილიტაცია გულისხმობს ყველა იმ პრობლემის აღდგენას ან იმ დონემდე მიყვანას, რომ პაციენტმა შეძლოს დამოუკიდებლად არსებობა- საკუთარი თავის მოვლა, სოციუმში დაბრუნება.
რაც შეეხება უშუალოდ რეაბილიტაციის პროცესს, ეს არის სხვადასხვა სპეციალისტების გუნდურად მუშაობა. თუ პაციენტს აქვს სხვა, თანმდევი დაავადებები, ნევროლოგებს ჩვენი სხვა კოლეგებიც გვეხმარებიან. კომპლექსურ მკურნალობაში ჩართულები არიან ასევე ფიზიკური თერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტები, ენის და მეტყველების თერაპევტები, ფსიქოთერაპევტები, ჰიდრო თერაპევტები. როცა ყველა ეს ადამიანი მუშაობს, გაცილებით რეალურია სასურველი შედეგების მიღწევის შესაძლებლობა.
ასევე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მულტიდისციპლინურ რეაბილიტაციაზე, იდეალური ვარიანტია ჩამოთვლილ სპეციალისტებთან ერთად პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა. დღესდღეობით რობოტოტექტნიკას დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ინსულტის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის დაზიანების დიაგნოზის მქონე პაციენტების მდგომარეობის აღდგენაში. საბედნიეროდ, კენ ვოლკერის კლინიკაში ეს რესურსი არსებობს და ამიტომ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ინსულტი განაჩენი ნამდვილად არ არის.
უფრო კონკრეტულად, ვინ შეძლებს ამ პროგრამით სარგებლობას?
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში, ყოველწლიურად, 6000-მდე პაციენტი შეძლებს ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო კომპლექსური მკურნალობის ჩატარებას.
პროგრამაში ჩართვის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა, რომ დიაგნოზი არ იყოს დასმული არაუმეტეს 24 თვისა, რადგან პაციენტებს დიაგნოზის დასმიდან 2 წლის პერიოდში აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსება. ასევე, პაციენტი უნდა იყოს ამბულატორიული- შესაძლებელი უნდა იყოს მისი მოყვანა თერაპიაზე და თერაპიის ჩატარება არ უნდა იყოს მისი სიცოცხლისთვის საშიში. თუ პაციენტს აქვს მწვავე პრობლემები გულსისხლძარღვთა კუთხით, თუკი არის მწოლიარე სხვა გვერდითი დაავადებების გამო, ამ შემთხვევაში, ამ პროგრამის გამოყენება უსაფრთხო არ იქნება ისევ პაციენტისთვის, რომ მას ფიზიკურად რაიმე არ დაუზიანდეს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარეაბილიტაციო მკურნალობისთვის 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პაციენტები, დევნილები, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლები, მასწავლებლები და სახალხო არტისტები; 90%-იან დაფინანსებას მიიღებენ პენსიონერები და ვეტერანები; მკურნალობა 80%-ით დაუფინანსდებათ შშმ სტატუსის მქონე პაციენტებს და სტუდენტებს.
რა პროცედურები უნდა გაიაროს პაციენტმა დაფინანსების მისაღებად?
პაციენტს შეუძლია მოვიდეს კენ ვოლკერის კლინიკაში, ნებისმიერი ძველი დოკუმენტით, მისაღებია მისი ძველი ფორმა ასიც. ექიმის კონსულტაცია არის უფასო, რასაც პროგრამა ითვალისწინებს.
იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი არ არის ტრანსპორტირებადი და ოჯახის წევრებმა არ იციან, როგორ დასვან, შესაძლებელია ონლაინ კონსულტაციის გავლა. მათ ასწავლიან როგორ მიიყვანონ პაციენტი კლინიკაში.
ასევე, რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლაზე რომ არ შეწუხდნენ პაციენტები, პირველ ეტაპზე, მათთვისაც ტარდება ონლაინ კონსულტაცია, რაც გულისხმობს დოკუმენტაციის გაცნობას, პაციენტთან ან ოჯახის წევრთან გასაუბრებას და პაციენტის ნევროლოგიურ შეფასებას დისტანციურად.
ოჯახის წევრს ან ნდობით აღჭურვილ ნებისმიერ პირს შეუძლია მოიტანოს დოკუმენტაცია კენ ვოლკერის კლინიკაში, საიდანაც მას დაუკავშირდებიან, ონლაინ მომზადდება დოკუმენტაცია ჯანდაცვის სამინისტროში გადასაგზავნად. კომისიის პასუხის მიღების შემდეგ კი პაციენტის უკვე გადაეცემა ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო გეგმა.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პაციენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც კენ ვოლკერის კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე 211 20 20, ისე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე 1505.
R