ავტორი:

ვინ არის უკრაინელი ბიზნესმენი, ვინც 9 მაისს, წითელ მოედანზე დრონით შეღწევაში 500 000 დოლარს იხდის? - ამ ერთგვარ კონკურსში 1147 მონაწილე დარეგისტრირდა

ვინ არის უკრაინელი ბიზნესმენი, ვინც 9 მაისს, წითელ მოედანზე დრონით შეღწევაში 500 000 დოლარს იხდის? - ამ ერთგვარ კონკურსში 1147 მონაწილე დარეგისტრირდა

უკრაინელები უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში ყოველდღიურად რომ ოსტატდებიან, საიდუმლო აღარავისთვის არის. ისინი მრავალმილიონიან რუსულ ტექნიკას, ადგილობრივად წარმოებული იაფფასიანი დრონებით პანტა-პუნტით ანადგურებენ. მათი ერთ-ერთი ბოლო "ნადავლი" გახდა მძიმე საარტილერიო სისტემა "სოლნცეპიოკი“.

მიუხედავად იმისა, რომ "სოლნცეპიოკი“ შედარებით არაზუსტი სისტემაა (რადგან მისი ჭურვები არამართვადია), მას მოწინააღმდეგისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. უგლედართან, რუსების შეტევის დროს, იაფფასიანი დრონი წარმატებით "შეასკდა“ "სოლნცეპიოკს“, რის შემდეგაც "ლამაზად" განადგურდა. სხვათა შორის, ამ სისტემის ზუსტი ფასი უცნობია. ცნობილია, რომ მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ზალპი 120-150 000 დოლარი ღირს.

დრონებით წარმატებული ომი ოკუპანტების მორალური სულისკვეთების დაგდების მრავალფეროვანი იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა.

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ბიზნესმენი, უპილოტო საფრენი აპარატების ერთ-ერთი მწარმოებელი და "მონობანკის“ თანადამფუძნებელი ვლადიმირ იაცენკო მზად არის 500 000 დოლარი გადაუხადოს ყველას, ვინც ადგილობრივი წარმოების დრონს 9 მაისს, წითელ მოედანზე დასვამს. ინიციატივას უკრაინაში უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ერთგვარ კონკურსზე 1147 მონაწილე დარეგისტრირდა. მთლიანობაში 1500-ზე მეტი დრონია წარდგენილი. კიევიდან მოსკოვამდე 756კმ-ია. უკრაინელ მწარმოებლებს სერიოზული, თუმცა არა შეუძლებელი გამოწვევა აქვთ.

ვლადიმირ იაცენკო ამბობს, რომ საბანკო საქმით დაინტერესებამდე ინჟინერ-რადიოფიზიკოსის განათლება მიიღო, შემდეგ კი პროგრამისტი გახდა. ავიაციით ყოველთვის განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი უბიძგა, რომ ჰობი ექცია საქმედ და ასე დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების შექმნა და წარმოება.

"დავისახეთ მიზნად, შეგვექმნა ძალიან იაფი და ქმედითი საფრენი აპარატები, სპეციალურად საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად. ჩვენ ეს შევძელით. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც ჩვენი დრონი, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებს გადავეცით, 10 დღეში ჩამოაგდო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ. მის გასანადგურებლად იძულებული იყვნენ გამოეყენებინათ "ბუკის" სისტემა, წარმოიდგინეთ, ვაიძულეთ მტერი, პრაქტიკული, საბაზისო უპილოტო აპარატი, რომელიც 5000 დოლარზე მეტი არ ღირს, ჩამოეგდო რაკეტით, რომლის ღირებულებაც 200 000 დოლარია", - ჰყვება ბიზნესმენი ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან.

დღეს კრემლის თავზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს რუსებმა. თვითონ ეს ფაქტი უკვე სტიმულია 9 მაისის კონკურსანტებისთვის. რუსული საჰაერო თავდაცვის ძალებისთვის აღლუმის დღე ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება, რადგან მთელი დღე იმის შიშში უნდა იყვნენ, რომ მათ ცაში საეჭვო არაფერი შეიჭრას.

ამბობენ, რომ მოსკოვი, კერძოდ კი კრემლის ტერიტორია ევროპაში ყველაზე დაცული წერტილია. ვნახოთ, 9 მაისი გვიჩვენებს, ეს რეალობაა თუ მორიგი რუსული პროპაგანდისტული მითი.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე