ავტორი:

"განადგურებული ვარ" - პირველი ჩვენება და დეტალები 32 წლის ბრიტანელი მედდის პროცესიდან, რომელსაც 7 ჩვილის მკვლელობა და 10-ის მოკვლის მცდელობა ბრალდება

"განადგურებული ვარ" - პირველი ჩვენება და დეტალები 32 წლის ბრიტანელი მედდის პროცესიდან, რომელსაც 7 ჩვილის მკვლელობა და 10-ის მოკვლის მცდელობა ბრალდება

7 ჩვილის მკვლელობასა და კიდევ 10-ის მოკვლის მცდელობაში ბრალდებული ექთნის სასამართლო პროცესი გრძელდება. მედდა პოლიციამ 2018 წელს დააკავა და ბრალი 2020 წელს წაუყენეს. რვათვიან სასამართლო პროცესზე პირველი ჩვენების მიცემისას, 33 წლის ლუსი ლეტბიმ განაცხადა, რომ ის ბავშვებზე ზრუნვისთვის მუშაობდა, და არა მათთვის ზიანის მისაყენებლად". პროცესზე ქალმა ყველა ბრალდება უარყო და თქვა, რომ ის "განადგურებულია", რადგან ამგვარ სასტიკ დანაშაულს აბრალებენ.

შეგახსნებეთ, რომ ლუსი ლეტბის გაერთიანებულ სამეფოში, 2015-2016 წლებში, 7 ჩვილის მკვლელობასა და კიდევ 10-ის მოკვლის მცდელობაში ედება ბრალი.

ლეტბის ორი ოფიცერი ქალი ახლდა სასამართლოში. მედდას ჰკითხეს, როგორ იგრძნო თავი, როცა ბრალდება წაუყენეს, რაზეც უპასუხა: "საშინლად, უბრალოდ არ მჯეროდა ეს. გავნადგურდი. ალბათ, ამაზე უარესი რამ, რაშიც ვინმეს შეიძლება ბრალი დასდო, არ არსებობს",- უპასუხა ქალმა.

მას შემდეგ, რაც ლეტბი 2016 წელს ახალშობილთა განყოფილებიდან მოხსნეს, მედდას თქმით, ის თავის მოკვლაზეც ფიქრობდა. მისი გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ თანამშრომლებს ჩვილების გარდაცვალების მაღალ ციფრთან მედდის კავშირზე ეჭვი გაუჩნდათ. ლეტბის თქმით, განყოფილებიდან მოხსნამ მის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედა და ოჯახისა და მეგობრებისგან თავს იზოლირებულად გრძნობდა.

ლუსი ლეტბიმ ტირილით უთხრა ნაფიც მსაჯულებს: "ჩემი სამსახური ჩემი ცხოვრება იყო. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, უბრალოდ, მთელი ჩემი სამყარო შეჩერდა. ამან ყველაფერი შეცვალა, ჩემი ცხოვრებაც და იმედებიც. ყველაფერი გაქრა". ლეტბის დღიურში გაკეთებული ჩანაწერების შესახებაც ჰკითხეს, რომელშიც ის წერს, რომ "კონცენტრაცია უჭირს", "ვერ სუნთქავს", და "საკუთარი თავი სძულს". ყოფილმა მედდამ უპასუხა, რომ ეს ჩანაწერები მას შემდეგ გააკეთა, რაც ის ახალშობილთა განყოფილებიდან მოხსნეს. "უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ არაკომპეტენტური ვიყავი, ან ისეთი რამ გავაკეთე, რამაც ბავშვებს ავნო."

როცა მოსამართლემ ჰკითხა, რატომ დაწერა დღიურში ფრაზები "მე ბოროტი ვარ" და "მე ეს გავაკეთე", მან უპასუხა: "იმიტომ, რომ იმ დროს მეგონა, არასწორად მოვიქეცი და თავი ცუდი ადამიანი მეგონა. ვფიქრობდი, რომ უნებურად დავუშვი შეცდომები".

ლეტბიმ მისი დაკავება ტრავმატულად დაახასიათა და თქვა, რომ 2018 წელს, როცა ის პირველად დააკავეს, ის პიჟამოებით მიიყვანეს განყოფილებაში.

მოსამართლემ ლეტბის ისიც ჰკითხა, რატომ ეძებდა იმ ჩვილების მშობლების "ფეისბუქის" პროფილებს, რომლებიც, სავარაუდოდ, მან მოკლა. დიაგრამაზე, რომელიც დარბაზში წარადგინეს, ასობით ძიება იყო, რომელიც ლივერპულის ქალთა საავადმყოფოს ჩვილების მშობლებს მოიცავდა. ქალის თქმით, ეს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო გააკეთა. სასამართლოში ცნობილი გახდა ისიც, რომ ლეტბიმ თავისივე მოკლული ბავშვების მშობლებს სამძიმრის ბარათებიც კი გაუგზავნა.

ჯერჯერობით, ლუსი ლეტბის სასამართლო პროცესის დასრულების თარიღი უცნობია.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა