ავტორი:

აფეთქებები ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე: არის თუ არა ეს უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევის დასაწყისი: "მალე ფრონტის ხაზზე მძიმე სამხედრო დაპირისპირება გაჩაღდება"

აფეთქებები ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე: არის თუ არა ეს უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევის დასაწყისი: "მალე ფრონტის ხაზზე მძიმე სამხედრო დაპირისპირება გაჩაღდება"

სევასტოპოლის ნავთობის საწყობში ხანძარი 29 აპრილს გაჩნდა. დაიწვა ოთხი ცისტერნა, არავინ დაშავებულა. სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორის თქმით, თავდასხმა დრონებით მოხდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სევასტოპოლზე თავდასხმის დღეს თქვა, რომ კონტრშეტევისას უკრაინის ჯარი აპირებს დაიბრუნოს კონტროლი რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმზეც. უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების წარმომადგენლის ნატალია გუმენიუკის განცხადებით, საწვავის ავზზე თავდასხმა კონტრშეტევის დაწყებისთვის მზადების ნაწილია.

იწვის ნავთობაზა ოკუპირებულ სევასტოპოლში

გარდა ამისა, 1-ლ მაისს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში, ბრიანსკის ოლქში რკინგიზის ხაზზე აფეთქების თაობაზე, რის შედეგადაც მატარებლის შემადგენლობა ლიანდაგიდან გადავიდა. ოფიციალური ცნობით, ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, მომხდარში უკრაინაა დამნაშავე. მისივე ცნობით, 2 მაისის დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტაროდუბსკის მუნიციპალიტეტის სოფელი კურკოვიჩიც დაბომბეს.

აფეთქება რუსეთში, ბრიანსკის ოლქში

"არავინ დაღუპულა, არც დაშავებულა. დაბომბვის შედეგად ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

Sunday Times-ის ცნობით კი, უკრაინის ჯარში სამხედრო მასალების ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწრაფად ითვისებენ 230 ახალ და განახლებულ დასავლურ ტანკს, ძირითადი შეტევისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვისთვის საკმარისი იარაღი მაინც არ აქვთ. გამოცემის შეფასებით, უკრაინა იძულებულია მაინც გადავიდეს კონტრიერიშზე.

"დასავლეთის ქვეყნებსაც აქვთ თავიანთი შეზღუდვები. პოლიტიკური სახის სირთულეების გარდა, თავს იჩენს პრობლემა შეიარაღების თანამედროვე სისტემების მიწოდებაშიც. უკრაინას არ აძლევენ "ფანტომ-16"-ის (F-16) ტიპის ავიაგამანადგურებლებს და 300 კილომეტრზე მეტი რადიუსის მქონე ATACMS-ის რაკეტებს. გარდა ამისა, ამჟამად უკრაინელები ერთ თვეში უფრო მეტ 155 მმ-იან ჭურვს ხარჯავენ, ვიდრე შეერთებული შტატები აწარმოებს წელიწადში", - წერს Sunday Times-ი.

გამოცემის თანახმად, დასავლეთი ინვესტიციას ახორციელებს ახალ საწარმოო ობიექტებში, მაგრამ ამას დრო სჭირდება. სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს.

- სევასტოპოლში, ნავთობბაზაზე თავდასხმის შემდეგ, სულ უფრო მძაფრდება მოლოდინი, რომ უკრაინა სულ მალე დაიწყებს მასშტაბურ კონტრშეტევით ოპერაციას...

- რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ღია სამხედრო თავდასხმის შემდეგ, უკრაინას მიეცა სრული უფლება განახორციელოს საპასუხო დარტყმები, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსეთის ტერიტორიაზეც, რადგან ეს არის სრულფასოვანი ომი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის და არა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც ამას კრემლში ამბობენ. აქედან გამომდინარე, უკრაინის მხრიდან შეტევები გახშირდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ უკრაინა წინასწარ არაერთხელ დაანონსებულ ფართომასშტაბიან კონტრიერიშებზე გადავა.

- დასავლური მედიის ცნობით, უკრაინას არ აქვს საკმარისი სამხედრო შესაძლებლობა და რომ ევროპასაც, რომელიც მას სამხედრო დახმარებას აწვდიდა, აქვს თავისი ლიმიტი. ამას ემატება Sunday Times-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც, "უკრაინა მზად არ არის დიდი კონტრშეტევის დასაწყებად, მაგრამ კიევს სხვა გზა არ აქვს"... თქვენი აზრით, ასეთი ვითარების ფონზე მაინც შეძლებს უკრაინა წარმატებული მასშტაბური შეტევის განხორციელებას?

- ის სამხედრო დახმარება, რაც უკრაინას ამ ეტაპზე აქვს, არის საკმარისი იმისთვის, რომ წამოიწყოს სერიოზული იერიში სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ეს კონტრიერიშები კარგად გაანალიზებული და გათვლილი იყოს, რადგან თუ პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მეორე მცდელობისთვის მას არც ძალა და არც საშუალება აღარ დარჩება. ამიტომაც, უკრაინის გენშტაბი არ ჩქარობს და მსგავსი კონტრიერიშების დასაწყებად საფუძვლიანად ემზადება.

- მოსალოდნელია თუ არა რუსეთის მხრიდან მასშტაბური შეტევა?

- რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის სამხედრო ხელმძღვანელობას, აქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა აპირებს კონტრიერიშებზე გადასვლას. ამიტომ მასიური სარაკეტო დარტყმებით ამის შეფერხებას ცდილობს და ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, რუსეთის სარაკეტო და საავიაციო დაბომბვები უფრო და უფრო მოიმატებს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო ხელისუფლებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობიან. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია მოლაპარაკებების დაწყების შანსი და როდის შეიძლება ველოდოთ?

- უკრაინის პოლიტიკა ამ ომში შემდეგია: იგი ცდილობს კონტრიერიშებით მოიპოვოს უპირატესობა, გაათავისუფლოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, რომ შემდგომ, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, მოლაპარაკების მაგიდასთან მეტი არგუმენტი ჰქონდეს თავისი პოზიციების გასამყარებლად.

უშუალოდ მოლაპარაკებების დაწყებაზე ვერაფერს გეტყვით. როგორც ეტყობა, უახლოეს დღეებში ფრონტის ხაზზე მძიმე სამხედრო დაპირისპირება დაიწყება.

- ომის გაგრძელების შემთხვევაში, მოსალოდნელი იქნება თუ არა რუსეთში უფრო მასშტაბური მობილიზაციის გამოცხადება?

- რუსეთმა გასული წლის შემოდგომაზე განახორციელა არანაკლებ 300 000 ადამიანის მობილიზება. ფაქტია, რომ მეტ-ნაკლებად მას ცოცხალი ძალა ჰყავს, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრიერიშებზე გადავა. აქედან გამომდინარე, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება სრულიად მოსალოდნელია. ერთი თვის წინ რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს ჯარში გაწვევის ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნებათ, ხოლო 20 დღის განმავლობაში ვალდებულნი იქნებიან გამოცხადდნენ კომისარიატში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩაითვლებიან დეზერტირებად, აეკრძალებათ მანქანის მართვა, დაებლოკებათ საბანკო ანგარიშები და რაც მთავარია, ვერ შეძლებენ ქვეყნის დატოვებას. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი სწრაფად მოახდენს ხალხის მობილიზაციას. თუმცა პრობლემა მათი საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადებაა: რუსეთისთვის რთული იქნება ერთდროულად ამდენი ადამიანის სათანადოდ აღჭურვა, შეიარაღება და საჭირო დონეზე გაწვრთნა.

იხილეთ ასევე:

ავტორი ანი შავიშვილი