ავტორი:

ცნობილი ხდება მეფე ჩარლზის კორონაციის დეტალები: წმინდა ედუარდის გვირგვინი, უძველესი ავეჯი, "ბედის ქვა", მართლმადიდებლური მუსიკა და Coronation Chicken - ის რეცეპტი

ცნობილი ხდება მეფე ჩარლზის კორონაციის დეტალები: წმინდა ედუარდის გვირგვინი, უძველესი ავეჯი, "ბედის ქვა", მართლმადიდებლური მუსიკა და Coronation Chicken - ის რეცეპტი

გაერთიანებული სამფოს მონარქების კორონაციის ცერემონიებს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. გასული წლის სექტემბერში, მეფე ჩარლზ III ტახტზე დედის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. კორონაციის (Operation Golden Orb.) მსახურება შაბათს, ვესტმინსტერის სააბატოში, 6 მაისს, დილის 11 საათზე დაიწყება. ბრიტანეთში ეკონომიკური კრიზისის გამო, ისტორიული ცერემონია წინასთან შედარებით, უფრო ბიუჯეტური იქნება.

1066 წლიდან მოყოლებული, დღემდე ვესტმინსტერის სააბატო კორონაციის ცერემონიების ადგილია. ღვთისმსახურებას, რომელსაც კენტერბერის არქიეპისკოპოსი აღავლენს, დაესწრებიან მსოფლიო ლიდერები და სამეფო ოჯახები მთელი მსოფლიოდან, მეფე ჩარლზი დადებს ფიცს და წმინდა ედუარდის გვირგვინს დაიდგამს. გვირგვინი დამზადებულია 22-კარატიანი ოქროსგან, ბრილიანტებისგან, ლალისგან, ამეთვისტოსგან, საფირონისგან, ტოპაზებისა და ტურმალინისგან.

მსახურება დაიგეგმა სხვადასხვა სარწმუნოებისა და სათემო ჯგუფების წარმომადგენლობით, რათა, მეფის სურვილის შესაბამისად, რიტუალის დროს სრულად წარმოჩინდეს თანამედროვე ბრიტანეთის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება.

მეფედ კურთხევის ცერემონიაზე გამოიყენებენ ისტორიულ სკამებს, რომელთა რესტავრაციაც უკვე დასრულებულია. მათ შორისაა წმინდა ედუარდის ისტორიული სავარძელი, რომელიც ედუარდ II-ის მეფედ კურთხევისთვის1308 წელს დამზადდა.

"ეს არის ყველაზე ძველი ავეჯი, რომელიც თავისი პირვანდელი დანიშნულებით ჯერ კიდევ გამოიყენება", - განმარტავს რესტავრატორი კრისტი ბლესლი. ასევე, გამოიყენებენ სავარძელს, რომელიც ელისაბედ II-ის კორონაციისთვის 1953 წელს შეიქმნა.

კორონაციისთვის ლონდონის სააბატოში ისტორიული ქვა ("ბედის ქვა") ჩაიტანეს. ეს არის შოტლანდიის მონარქიის უძველესი სიმბოლო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა მისი მეფეების ინაუგურაციის დროს. ლოდი მონარქიის წმინდა სიმბოლოდ მიიჩნევა.

მეფემ ითხოვა ბერძნული მართლმადიდებლური მუსიკის შესრულება, მგალობელთა ბიზანტიური გუნდის მიერ, მისი გარდაცვლილი მამის, ედიბურგის ჰერცოგის ფილიპის პატივსაცემად. მონარქის მიერ პირადად არჩეული ჰიმნი კი არის ერთ-ერთი 12 ახალი მუსიკალური ნაწარმოებიდან.

წირვის შემდეგ მეფე ჩარლზი და დედოფალი - კონსორტი კამილა, გოლდ სტეიტის ეტლით, რომელსაც 1831 წლიდან კორონაციისას იყენებენ, სასახლეში დაბრუნდებიან. მისი სიმაღლე დაალოებით 4 მეტრია, სიგრძე - 7 , წონა კი 4 ტონა.

ღონისძიების სანახავად უზარმაზარი სატელევიზიო ეკრანები განთავსდება ჰაიდ პარკში, გრინ პარკსა და სენტ ჯეიმსის პარკში.

პრინცი ჰარი კორონაციას მეგანის გარეშე დაესწრება და მისი დასრულებიდან, 2 საათში გაემგზავრება ლოს-ანჯელესში. მიზეზად მისი ვაჟის არჩის მეოთხე დაბადების დღე სახელდება. როგორც მედია იუწყება, სასექსის ჰერცოგი სამშობლოში მხოლოდ 24 საათს გაატარებს.

ამჟამინდელ მონარქამდე, მოწვეული სტუმრების გარდა, ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, თუ რა იყო ბანკეტის მენიუში. ახლა კი კორონაციის ოფიციალურ ვებსაიტზე მოცემულია რამდენიმე კერძის რეცეპტი The Big Lunch -იდან. შერჩეულ კერძებში შედის, როგორც ტრადიციული, ასევე ვეგეტარიანული კერძები.

რაც შეეხება კორონაციის საბანკეტო სუფრას, ისტორიაში ყველაზე ძვირიანი მეფე ჯორჯ IV-ის კორონაციის სუფრა იყო, რაც დღევანდელი ვალუტით £20,000,000-ზე მეტი დაჯდა. მხოლოდ მეფის მაგიდას ჰქონდა 70-ზე მეტი სახეობის კერძი. სულ სტუმრებმა შეჭამეს 7,3 ტონა საქონლის, ხბოსა და ცხვრის ხორცი, 1600-ზე მეტი ქათამი და 8400 კვერცხი.

ელიზაბეტ II-ის კორონაციის ლანჩისთვის მომზადდა სპეციალური კერძი Coronation Chicken (კორონაციის ქათამი), რომელიც დამზადებულია შემწვარი ცივი ქათმისა და კარის ოქროსფერი სოუსისგან. როგორც ამბობენ, ეს კერძი აღნიშნულ კორონაციაზეც მომზადდება.

  • კორონაციის ქათმის რეცეპტი:

8 პორცია

½ ლიმონი, 2,25 კგ-იანი ქათამი, 1 ხახვი ოთხად გაჭრილი, 1 სტაფილო ოთხად გაჭრილი, მწვანილების დიდი შეკვრა (ერთად გამოკრული რამდენიმე ტოტი ოხრახუში, ქონდარა და 1 დაფნის ფოთოლი), 8 ცალი პილპილის მარცვალი დაჩეჩქვილი, მწიკვი მარილი, რამდენიმე ფოთოლი წყლის წიწმატი მოსართავად.

სოუსისთვის: 1 პატარა ხახვი წვრილად დაჭრილი, 15 გრ კარაქი, 15 მლ კარის პასტა, 15 მლ ტომატ-პასტა, 120 მლ თეთრი ღვინო, 1 დაფნის ფოთოლი, ½ ლიმონი წვენი ან ცოტა მეტი თქვენი გემოვნებით, 2-3 ჩ/კ გარგრის ჯემი, 300 მლ მაიონეზი, 120 მლ ცხიმიანი ნაღები ათქვეფილი, მარილი და ახალდაფქული პილპილი.

მთლიან ქათამში შიგნით მოვათავსოთ ლიმონი, ბოსტნეული, პილპილი, მწვანილები, მოვაყაროთ მარილი. ქათამი მოვათავსოთ ტაფაზე. დავასხათ იმდენი წყალი, რომ ქათამს 2/3-ზე წვდებოდეს, წამოვადუღოთ. მერე ტაფას თავსახური დავახუროთ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ დაახლოებით 1 ½ სთ-ის განმავლობაში. ქათამი გადავიტანოთ ლანგარზე, ზევიდან მოვასხათ ტაფაზე დარჩენილი ცხიმი და გავაგრილოთ. რომ გაცივდება, გავაცალოთ ძვლები და კანი და ხორცი დავჭრათ კუბიკებად.

სოუსისთვის ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და მოვთუშოთ ხახვი დარბილებამდე. დავუმატოთ კარის და ტომატის პასტები, ღვინო, დაფნის ფოთოლი და ლიმონის წვენი და ვთუშოთ 10 წუთი. დავუმატოთ გარგრის ჯემი, გადავწუროთ და გავაგრილოთ.

სოუსი ავათქვიფოთ მაიონეზში. გადავურიოთ ათქვეფილ ნაღებში, გემოვნებით დავუმატოთ მარილი და პილპილი (საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ ლიმონის წვენიც). გადავურიოთ ცივი ქათმის ნაჭრებში და გემრიელად მივირთვათ!

დიდ ბრიტანეთში ახალი მეფის კურთხევის საზეიმო ღონიძიებები 8 მაისამდე გაგრძელდება.

  • მოამზადა გვანცა ახვერდაშვილმა