ავტორი:

გაიოლას "დაწყევლილი კუნძულები" - უბედურებების ჯაჭვი, რომელიც ნეაპოლის ღირშესანიშნაობას უკავშირდება

გაიოლას "დაწყევლილი კუნძულები" - უბედურებების ჯაჭვი, რომელიც ნეაპოლის ღირშესანიშნაობას უკავშირდება

ტირენიის ზღვის სანაპიროზე, ნეაპოლის ყურეში ორი ულამაზესი კუნძული მდებარეობს, რომელიც ერთმანეთთან წვრილი, ბუნებრივი წარმოშობის ხიდით არის დაკავშირებული. ისინი გაიოლას სახელით არის ცნობილი, თუმცა ადგილობრივები მათ "დაწყევლილ კუნძულებს“ ეძახიან და ამას თავისი ლოგიკური ახსნაც აქვს.

  • ლეგენდა

ლეგენდის თანახმად, ამ ორ კუნძულზე ანტიკური ხანის რომაელმა პოეტმა ვერგილიუსმა თავისი მოსწავლეები პოეზიას აზიარა. შესაძლებელია, რომ ის მათ ტაძარში, კუნძულის პატარა გამოქვაბულებში ან რომაულ ნავსადგურში ასწავლიდა.

ტაძრის ნანგრევები წყალქვეშ ამ დრომდე არსებობს.

ამჟამად კუნძულსა და მატერიკს შორის 30-მეტრიანი წყლის ზოლია. ადგილობრივებს ტურისტები ამ ადგილამდე არ მიჰყავთ, ამიტომ ტურისტები იძულებულნი არიან ან თვალწარმტაცი კუნძულებით მატერიკიდან აღფრთოვანდნენ, ან დამოუკიდებლად გაცურონ მათკენ.

პირველი, რაც თანამედროვე ისტორიაში კუნძულზეა ცნობილი, არის ის, რომ მათზე ცხოვრობდა განდეგილი, რომელსაც ხალხი "ჯადოქრად“ იცნობდა. ის კუნძულზე მდებარე გამოქვაბულში ცხოვრობდა, რომელიც აქ არაერთია. ერთ-ერთი ვერსიით, კუნძულის სახელწოდებაც სწორედ სიტყვიდან "Caviola" მოდის, რაც "არც ისე დიდ გამოქვაბულს“ ნიშნავს. მეთევზეებს მასთან ნადავლი მიჰქონდათ, ის კი გარშემომყოფი ადამიანების კეთილდღეობისთვის ლოცულობდა.

  • გაიოლას საბედისწერო მფლობელები

მე-19 საუკუნის შუა პერიოდში კუნძული ინგლისელმა პროზაიკოსმა ნორმან დუგლასმა გამოისყიდა და მასზე ვილის აშენება გადაწყვიტა, რომელიც იქ ამ დრომდე დგას.

ვილა გამოვიდა ულამაზესი - სამსართულიანი, ტერასებით, დიდი ფანჯრებით და პატარა ბაღით. იმისათვის, რომ ყოველ ჯერზე ნავით არ ევლოთ, დუგლასის ბრძანებით, საცხოვრებელი კუნძული მატერიკთან საბაგირო გზით დააკავშირეს. საბოლოოდ, გამოვიდა ზღაპრული ადგილი განმარტოების მსურველთათვის და მათთვის, ვინც ცხოვრებას ბუნებაში არჩევდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნორმან დუგლასი თავის იტალიურ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს საკმაოდ სამწუხარო ამბავი იყო, თუმცა პროზაიკოსის გარდაცვალება მაშინ კუნძულთან არავის დაუკავშირებია. ეჭვები მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც კუნძულებისა და ვილის ახალი მეპატრონე შვეიცარელი ბიზნესმენი ჰანს ბრაუნი გახდა. ის თითქმის მაშინვე გარდაიცვალა, როგორც კი, მეუღლესთან ერთად კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლად. ჰანსი უჩვეულო მდგომარეობაში გარდაცვლილი ნახეს - ის ხალიჩაში იყო გახვეული. რამდენიმე დღეში მისი მეუღლეც დაიღუპა. ის წყალში იპოვეს, თუმცა იყო ეს გამიზნული მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, გაურკვეველი დარჩა.

კუნძულის მომდევნო მფლობელი გერმანელი ოტო გრუნბეკი გახდა. ვილაში გადასვლიდან მალევე მას გულის შეტევა დაემართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კუნძული ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის მეპატრონეს, მაურიციო ივ სანდოსს გადაეცა, თუმცა დიდხანს არც ის დამტკბარა მისი სილამაზით: რამდენიმე თვეში მას ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლა მოუწია, სადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამის შემდეგ გაიოლას სახელად "დაწყევლილი" შეარქვეს, მიიჩნიეს, რომ უბედური შემთხვევების ასეთი თანმიმდევრობა შემთხვევითობა ვერ იქნებოდა, მით უმეტეს, რომ კუნძული საკმაოდ თვალწარმტაცი იყო, ვილა კი - ულამაზესი.

სანდოსის გარდაცვალების შემდეგ ვილა გერმანული მეტალურგიული ქარხნების მფლობელმა, კარლ პოლ ლანგჰაიმმა იყიდა. მასზე ცნობილი ის არის, რომ ის მალევე გაკოტრდა.

კუნძულის ახალი მეპატრონე "ფიატის“ მფლობელი ჯანი ანიელი გახდა. ის არ აპირებდა ვილაში ცხოვრებას, უბრალოდ, მას კარგ კაპიტალდაბანდებად მიიჩნევდა. რთულია იმის თქმა, რამდენად არის კავშირში მის თავს დამტყდარი ტრაგედია კუნძულებთან, მაგრამ ვილის შეძენიდან მალევე, თავი მოიკლა მისმა ერთადერთმა ვაჟიშვილმა. ცოტა ხანში ჯანიმ მემკვიდრედ თავისი ძმისშვილი უმბერტო დაასახელა, თუმცა ერთი წლის შემდეგ, 33 წლის უმბერტო სიმსივნის იშვიათი ფორმით გარდაიცვალა.

გაიოლას შემდეგი მფლობელი იყო პოლ გეტი - ამერიკელი მულტიმილიონერი. ჯერ კიდევ იტალიაში ყოფნისას , გეტის ერთი უბედურება მეორეს მიჰყვა. მისი ერთ-ერთი შვილიშვილი რომში გაიტაცეს - გეტი გამოსასყიდის გადახდაზე 5 თვის განმავლობაში უარს ამბობდა, სანამ გამტაცებლებმა თანხა 17 მილიონიდან 3-მდე არ შეამცირეს. იმავე წელს გარდაიცვალა მისი უფროსი ვაჟი ჯორჯი. თავად პოლ გეტი სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

გაიოლას კუნძულების ბოლო კერძო მფლობელი იყო სადაზღვევო კომპანიის Jeanpascual Grappone დამფუძნებელი. მისი ბიზნესი გაკოტრდა, თავად გრაპონე კი დააკავეს.

უკანასკნელად, კუნძულების შესახებ პრესაში 2009 წელს დაიწერა, როდესაც ფრანკო ამბროსიო და მისი მეუღლე ვილაში მოკლული ნახეს.

ამჟამად გაიოლა კამპანიას რეგიონს მიეკუთვნება. იქ არავინ ცხოვრობს და ვილა ნელ-ნელა იშლება, თუმცა მისი ყიდვის მსურველი არავინ არის.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი