შვილმკვდარი მამა ნავთობკომპანია BP-ის ყოველწლიურ შეკრებას დაესწრო და მისი შვილის გარდაცვალებაში კომპანია დაადანაშაულა. ალი ჰუსეინ ჯულუდი ლეიკემიით 21 აპრილს გარდაიცვალა. ალის მამის, ჰუსეინის თქმით, სიმსივნე მათ დასახლებას გრიპივით აქვს მოდებული. მისი ვაჟის ექიმი ფიქრობს, რომ ალის სიმსივნით დაავადება ნავთობის საბადოებზე გაზის წვითაა გამოწვეული.
ალი ჰუსეინ ჯულუდმა გარდაცვალებამდე BBC-ის ჩატარებული გამოძიებისთვის თავისი ცხოვრების დოკუმენტირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც BP-ის ნავთობის საბადოში კიბოსთან დაკავშირებული დამაბინძურებლების მაღალი დონეა აღმოჩენილი. მამამ, ჰუსეინ ჯულუდმა "ბიბისის" განუცხადა, რომ მისი შვილის სიცოცხლე კომპანიის რეკორდულ მოგებას შეეწირა.
რუმაილაში გაზის წვა დასახლებებიდან 2000 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ხდება, რაც ერაყში არსებულ კანონებს არღვევს. კანონის მიხედვით, ნავთობის საბადოებიდან დასახლებებამდე მანძილი მინიმუმ, 10 კილომეტრის დაცილებით უნდა იყოს.
BP-ის ყოველწლიურ შეკრებას ბატონი ჯულუდი ვებკამერის და თარჯიმნის საშუალებით ჩაერთო. ჯულუდმა საბჭოს თავისი მდგომარეობა აღუწერა: "გაზის წვის კვამლი ჩემი სახლის უკანა კარიდან დღეში 24 საათის განმავლობაში ჩანს, ტოქსიკური ქიმიკატების სუნიც იგრძნობა. ზოგჯერ ისეთი ცუდი მდგომარეობაა, რომ სუნთქვაც კი ძნელდება, ციდან ნავთობის წვიმა მოდის... აქ ისეა კიბო გავრცელებული, როგორც გრიპი".
ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს უდიდეს ნავთობის საბადოებთან ახლოს ცხოვრობენ, დიდი ხანია ეჭვობენ, რომ ბავშვებში ლეიკემიის დაავადების მოხშირების უკან გაზის წვა დგას. BBC-ის გამოძიებაში ნაჩვენები ოფიციალური დოკუმენტებით დადგინდა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ რეგიონში კიბოთი დაავადების რიცხვი 20%-ით გაიზარდა, რადგან გაზის წვაც გახშირდა.
ჯულუდმა განმარტა, რომ მისი შვილის ყველაზე დიდი სურვილი ის იყო, გაზის წვა და დაბინძურება შეწყვეტილიყო: "ალის ბუნება უყვარდა, მისი საყვარელი ადგილი მთელს მსოფლიოში, მისი ბაღი იყო. სურდა, რომ ბავშვებს გარეთ თამაში და სუნთქვა თავისუფლად შეძლებოდათ".
BP-მ განაცხადა, რომ ის რუმაილაში გაზის წვის შემცირებას განაგრძობს, თუმცა BBC-მ ნავთობის საბადოებზე, სადაც BP, Eni, ExxonMobil, Chevron და Shell მუშაობენ, გაზის წვიდან მიღებული მილიონობით ტონა არადეკლარირებული გამონაბოლქი აღმოაჩინა.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა