ავტორი:

"არც ახმეტას და არც საქართველოს არასდროს მოვწყვეტივარ... ჩემმა შვილებმა ქართული იციან, მეუღლეც საქართველოდანაა" - ჯარჯი ზვიადაურის წარმატებული გზა მწვრთნელის რანგში

"არც ახმეტას და არც საქართველოს არასდროს მოვწყვეტივარ... ჩემმა შვილებმა ქართული იციან, მეუღლეც საქართველოდანაა" - ჯარჯი ზვიადაურის წარმატებული გზა მწვრთნელის რანგში

თუ არ ვცდები, ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენებიდან პირველმა მოქალაქეობა ბარსელონის ოლიმპიადის ჩემპიონმა, კახი კახიაშვილმა შეიცვალა - საბერძნეთში წავიდა და თავისი დიდებული კარიერაც იქ გააგრძელა. გული დამწყდა, მაგრამ გონებით ვხვდებოდი, რომ აბსოლუტურად სწორად მოიქცა. გასული საუკუნის საშინელ 90-იან წლებში, კახი თბილისის ძალოსნობის გაყინულ დარბაზს შეშის ღუმლით ათბობდა და ისე ვარჯიშობდა. თავადაც ხვდებით, შეშის ღუმლით იმხელა დარბაზს როგორ გაათბობდა?! ამიტომაც გაეცალა აქაურობას და შემდგომში ელინების დროშით კიდევ ორჯერ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლებსაც არაერთხელ დაეუფლა.

მოგვიანებით ჩვენმა სხვა ათლეტებმაც მოირგეს უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული მაისური თუ კიმონო და ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორებიც გახდნენ.

2000-იანი წლების დასაწყისში, კახის გზა ჯარჯი ზვიადაურმაც გაიარა და საბერძნეთის სახელით ისიც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამჯერადაც გული დამწყდა, თუმცა ჯარჯის გამარჯვებები ყოველთვის მახარებდა. ის ამას ალალად იმსახურებდა, რასაც თავისი შრომითა და ოფლით მიაღწია. ამასთან, ჯარჯი ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია. ამ ტიტულს იგი 17 წლის ასაკში დაეუფლა. გარდა ამისა, ქართველი ფალავანი ბერძნების პირველი მსოფლიოს ჩემპიონია ვაჟებს შორის.

ალბათ მიმიხვდით, რომ დღეს სწორედ ჯარჯისთან და ჯარჯი ზვიადაურზე გვექნება საუბარი, თუმცა მანამდე სხვა ქართველი ძიუდოისტებიც მინდა გავიხსენო, რომლებმაც უცხო ქვეყნის დროშით მოიპოვეს საყოველთაო აღიარება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებებს ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მიაღწია. ნიკო ესპანეთის სახელით ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და დღეისათვის მძიმე წონაში ჩვენი ფალავნების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მეტოქეცაა. კიეველი გიორგი ზანთარაია უკრაინის ერთადერთი ძიუდოისტია, ვისაც კი მსოფლიოს ჩემპიონობა ოდესმე მოუპოვებია. მსოფლიოს ჩემპიონია იაგო აბულაძეც, ოღონდ ის რუსეთის გუნდში ასპარეზობს. აი, ირაკლი უზნაძემ კი ჯერ ევროპული ოქრო მოიპოვა თურქებისათვის, ახლა კი წლებია თურქეთის ნაკრებს წვრთნის და საკმაო წარმატებით.

სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდაც, ძიუდოში ასეთები კიდევ ბევრნი არიან. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ქართული ძიუდოს სკოლა იმდენად მდიდარია, ყინულის ჰოკეისა და ფიგურული სრიალის მსგავსად, რუსეთის ბაზარზე არ გვჭირდება სპორტსმენების ყიდვა. პირიქით, რუსებსაც და სხვებსაც იქით მიჰყავთ ჩვენი ნიჭიერი ბიჭები. სამწუხაროდ კი იმიტომ ვთქვი, რომ ეს ათლეტები ქართველები არიან და ტატამზე ოფლს უცხო ქვეყნისთვის ღვრიან.

არ მემეტებიან, თუმცა ქართველები არიან და ყველა მათგანს მაინც წარმატებებს ვუსურვებ, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, ჯარჯი ზვიადაურსაც. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ჯარჯიმ მწვრთნელის რთული პროფესია აირჩია, 2019 წლის მიწურულს უზბეკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში და ძალიან მალევე მიაღწია კიდეც თვალსაჩინო შედეგებს. ახლახან მისმა შეგირდებმა თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავეს და შინ ჩვენებური მედლებიც წაიღეს.

აქ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მწვრთნელის კარიერის დაწყებამ ჯარჯის რთულ პერიოდში მოუწია. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ლამის გაიყინა მსოფლიო და აღარც სპორტული შეჯიბრებები ტარდებოდა. ტოკიოს ოლიმპიადაც, 2020-ის ნაცვლად, 2021 წლისთვის გადაიდო და ბუდაპეშტის მსოფლიოს ჩემპიონატიც ზედ ოლიმპიადის წინ, ერთი თვით ადრე ჩატარდა. ზედიზედ ორი მსოფლიოს რანგის ამ ასპარეზობებისათვის ათლეტების მომზადება, უაღრესად რთული საქმეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯარჯის გაწვრთნილმა უზბეკეთის ნაკრებმა, არსებობის ისტორიაში, გუნდურ ტურნირში პირველად დაიკავა ადგილი საპრიზო სამეულში, ხოლო დავლატ ბობონოვმა მხოლოდ ნიკოლოზ შერაზადაშვილთან დათმო ჩემპიონის ოქროს მედალი. ეს ქართველი მწვრთნელის დიდი გამარჯვება იყო, თუმცა ჯარჯი მიღწეულს არ დასჯერდა. ერთი თვის შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიადაზე, უკვე ბობონოვმა მოუგო ნიკო შერაზადიშვილს მესამე ადგილისათვის შეხვედრა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტოკიოში, როგორც გახსოვთ, მაშინ ორივეს ლაშა ბექაურმა აჯობა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულსაც ის დაეუფლა, მაგრამ მოგვიანებით, ლაშასთან ვალში არც უზბეკი ძიუდოისტი დარჩენილა. როგორც ჩანს, ჯარჯი ზვიადაურმა ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონსაც მოუძებნა სუსტი წერტილი და მისმა გაწვრთნილმა ბობონოვმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე რევანში ახლა უკვე ბექაურს აუღო. ჩემპიონობაც თავად იზეიმა, ხოლო ლაშა და ლუკა მაისურაძე ამჯერად ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

ჯარჯი ზვიადაური, გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე

- მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ბობონოვის გარდა, ოქროს მედალს მუზაფარბეკ ტურობოევიც დაეუფლა, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში უზბეკეთის ნაკრებმა, იაპონიისა და ბრაზილიის გუნდების შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა. ვფიქრობ, ეს კარგი შედეგი იყო ჩვენთვის... რა თქმა უნდა, ეს წარმატებები ჩემი და ჩვენი ბიჭების ერთობლივი შრომის შედეგია. თუმცა არ მინდა ისე გაიგოს ვინმემ, რომ ჩემამდე უზბეკ ძიუდოისტებს არავითარი მიღწევები არ ჰქონიათ. არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაგრამ იმ სამი წლის განმავლობაში, რაც მე უზბეკ ძიუდოისტებს ვწვრთნი, რაღაც-რაღაც შედეგებს უკვე მივაღწიე და ბუნებრივია, ეს მეც მიხარია.

- როგორც მახსოვს, 14-15 წლის იყავი, შენმა მწვრთნელმა, ნიკოს ილიადისმა საბერძნეთში რომ წაგიყვანა და მას შემდეგ მშობლიურ ახმეტას მოწყვეტილი ხარ. ქართველი კაცი ნოსტალგიას ყოველთვის მძიმედ განიცდის. ვფიქრობ, შენთვისაც რთული იქნებოდა ოჯახის დატოვება.

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არც ახმეტას და არც საქართველოს არასდროს მოვწყვეტივარ. სპორტსმენის ცხოვრება ასეთია, დღეს აქა ხარ, ხვალ იქ, მით უმეტეს, თუ წარმატებული სპორტსმენი ხარ. გაიხსენეთ მესის, რონალდუს კარიერა. ჩვენმა ხვიჩა კვარაცხელიამაც რამდენიმე კლუბი და ქვეყანა გამოიცვალა. ყველა უკეთეს პირობებს ეძებს. მე რომ საბერძნეთში არ წავსულიყავი, არავინ იცის, გავხდებოდი თუ არა ოლიმპიური და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. ბერძნების მადლიერი ვარ. ვარჯიშისთვის ყველანაირი პირობები შემიქმნეს, ხოლო როდესაც ოლიმპიური ჩემპიონობა მოვიპოვე, მათი ეროვნული გმირიც გავხდი. ოჯახიც საბერძნეთში შევქმენი. სხვათა შორის, მეუღლეც საქართველოდანაა და ჩემმა შვილებმაც იციან ქართული. საქართველოშიც სისტემატურად ჩამოვდივარ. ჩემი ფესვები საქართველოდანაა და მეამაყება, რომ კავკასიის მთების შვილი ვარ.

- მსოფლიოს თასის, გრან-პრის, დიდი მუზარადის ტურნირების გამარჯვებული, ხმელთაშუა ზღვის თამაშების, ევროპის, მსოფლიოსა და ათენის ოლიმპიადის ჩემპიონი ხარ. ძიუდოში მეტი ტიტული არ არსებობს. ამ ტიტულებს შორის გამორჩეული რომელია შენთვის?

- კარგად მახსოვს ყველა ამ გამარჯვებაში რამდენი შრომა მაქვს ჩადებული, როგორ ვემზადებოდი შეჯიბრებებისთვის, როგორ ვწვალობდი, ამიტომ ყველა ძვირფასია ჩემთვის. თუმცა გამორჩეული ალბათ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატია, ვინაიდან იმ დროისათვის უკვე ყველაფერი მოგებული მქონდა, მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა და ეს ტიტულიც ძალიან მინდოდა მქონოდა. აი, ამიტომაც, ტოკიოში გამართული ის ტურნირია ჩემთვის გამორჩეული...წაიკითხეთ სრულად