როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ უარყოფს ჰუმანიტარიზმს, ასევე ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომლის უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას.
"როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებში გაერთიანებისკენ საჯაროდ მიისწრაფვის და საქართველოს მეგობრების მოწოდებებს, ასევე ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომლის უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას“, - წერს ევროპარლამენტარი "ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა“ ორი დღის წინ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კითხვაზე: "მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას?“, 43 % - მა უპასუხა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს, 26% - კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 18 % - ნაწილობრივ უჭერს მხარს, 7% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 6% - კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს, უპასუხოს.