ავტორი:

"თუ ცოცხალი გადავრჩი და მემუარების დაწერის მომენტი დადგება, ალბათ, დავწერ" - რას ჰყვება ბრძოლის ველზე დაბრუნებული არჩილ ხოფერია: ინტერვიუ ჩვენი დროის "ჯარისკაცის მამასთან"

"თუ ცოცხალი გადავრჩი და მემუარების დაწერის მომენტი დადგება, ალბათ, დავწერ" - რას ჰყვება ბრძოლის ველზე დაბრუნებული არჩილ ხოფერია:  ინტერვიუ ჩვენი დროის "ჯარისკაცის მამასთან"

"ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში აღესრულა.. ვფიქრობდი, დროშა, რომელიც აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა...“ - ეს სიტყვები რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას მამას, არჩილ ხოფერიას ეკუთვნის. ის ჯერ კიდევ 26 წლის იყო, იარაღს პირველად რომ მოჰკიდა ხელი და აფხაზეთის დასაცავად ბრძოლაში ჩაერთო. ათასი ცილისწამებისა და იმედგაცრუების მიუხედავად, შვილი პატრიოტული სულისკვეთებით გაზარდა. ჯაბა რუსეთის უკრაინაში შეიჭრისთავე ჩაერთო საომარ მოქმედებებში იმ განცდით და რწმენით, რომ იქიდან უკრაინელ ძმებთან ერთად, ქართული დროშით აფხაზეთში დაბრუნდებოდა...

"შენს დრონს კრემლს ვეღარ დააჯახებ, მამა, მაგრამ მტრებს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვთ... “ - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე არჩილ ხოფერიამ და უკრაინაში საქართველოს სახელით მებრძოლ "ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა.

ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია

თანამებრძოლებმა ჩვენი დროის "ჯარისკაცის მამა" შეარქვეს. საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა უცხო მიწაზე, ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი არჩილ ხოფერია.

- როცა აფხაზეთის ომში ვიბრძოდი, ახალგაზრდა ვიყავი, მას მერე 30 წელი გავიდა... როცა გაიფანტა ომის ბურუსი, მაშინ აღმოჩნდა, რომ აფხაზეთი მხოლოდ იმ ხალხის არ იყო, ვინც იქ იბრძოდა, არც მხოლოდ იმ ხალხის, ვისაც ზღვა ომამდე არ ჰქონდა ნანახი, პირველად ნახა და სამუდამოდ ამ ზღვასთან დარჩა. სამწუხაროდ, მხოლოდ ომის ბურუსის გაფანტვის შემდეგ გაირკვა, რომ აფხაზეთი დაკარგა მთელმა საქართველომ. ახლაც, როდესაც ისევ ომის დიდი ბურუსია ჩამოწოლილი, ადამიანები ისევ ვერ ხედავენ ბევრ რამეს, მაგრამ როცა დრო ამ ომის ბურუსს ისევ გაფანტავს, ადამიანები გააკეთებენ იგივე დასკვნებს და ისევ მიხვდებიან, რომ ის, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, არის ბრძოლა სამშობლოსთვის, ბრძოლა შვილებისთვის. რუსეთ-უკრაინის ომმა გააჩინა შანსი, ქართველებმა ის დავიბრუნოთ, რაც 30 წლის წინ დავკარგეთ...

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ვახერხებთ ქართველები ამ შესაძლებლობის გამოყენებას?

- ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. არის მტრის მხარეს გადასული ხალხი, არიან სასარგებლო იდიოტები და არის ქართველი ერი, რომელიც განიცდის საკუთარი შვილების ომში ყოფნას. პირადად მე, ქართველი ხალხისგან მხარდაჭერას ვგრძნობ, ასევე ვგძნობდი მხარდაჭერას ჩემი ტრაგედიის დროს. ქართველი ხალხი დიდწილად დადებითად არის განწყობილი ჩვენი, ქართველი მებრძოლებისადმი, ასევე უკრაინელი ხალხის მართალი ბრძოლის მიმართ... მტერი ყოველთვის ცდილობდა, ცდილობს და მომავალშიც შეეცდება ჩვენს დისკრედიტაციას. ეს ასეა ზოგადად, ყველა ცდილობს საკუთარი მტრის დისკრედიტაციას, ეს სამყაროსავით ძველი ამბავია. რატომ? იმიტომ, რომ თუ ზურგს მოგირყევენ, ხალხს შენდამი რწმენას დაუკარგავენ, შენს ბრძოლას მოროდიორობას დაარქმევენ, მერე აზრი ეკარგება შენს ბრძოლას, დაღვრილ ოფლს, სისხლს...

- რა განწყობით მიდიოდით უკრაინაში და რა დაგხვდათ იქ?

- ყველა ომი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ რაღაცით, მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან, თუნდაც ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობდეს. მე ვიცოდი, სად მოვდიოდი და რისთვის... დაახლოებით ვიცოდი ისიც, თუ რა დამხვდებოდა. მეტნაკლებად ვიცი უკრაინული ენა და კარგად ვიცნობ უკრაინელ ხალხს, მათი ბრძოლის ისტორიას... შესაბამისად, მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მაგრამ იყო რაღაც ნიუანსები, რომლებთან მორგებაც გახდა საჭირო. ეს ასე ხდება ყველგან.

- როგორც გამოცდილი მეომარი, რას იტყვით იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ახლა იბრძვიან უკრაინაში, საქართველოს სახელით?

- აქ მყოფი ქართველების დიდი ნაწილი უკვე მერვე წელია, რაც აქ იბრძვის. არიან ბიჭები, რომლებიც ამ 8 წლის განმავლობაში, საერთოდ არ გამოსულან ბრძოლის ველიდან, მაგალითად, ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი, მისი მოადგილე ლევან ფიფია. ესენი სხვა ქართველ ბიჭებთან, ჩვენი ქვეყნის იმედს წარმოადგენენ. ჩვენი ბიჭები იბრძვიან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა შემადგენლობაში. ისინი უკრაინაში, საქართველოს ისტორიას წერენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებიც და უკრაინელებიც ვართ ქრისტიანები, ერთი რელიგიის ხალხი, გვაქვს კულტურული ურთიერთობა, ჩვენი საბრძოლო ტრადიციები მაინც სხვადასხვაგვარია. ქართველი უფრო ინდივიდუალისტია, მას სხვანაირი მიდგომა სჭირდება, სხვაგვარად მოქმედებს ბრძოლის ველზე. ამას უკრაინელებიც ხედავენ, რასაც ხან აფასებენ, ხან არ მოსწონთ. ეს ბუნებრივიცაა...

- ქართველის ინდივიდუალიზმი როგორ ან რაში გამოიხატება ბრძოლის ველზე და რა არ მოსწონთ უკრაინელებს?

- ქართველს უჭირს ერთ ორგანიზმად ყოფნა, მისი ინდივიდუალობა განზე ექაჩება... მაგრამ თუ ქართველს ჩასვამ ბრძოლის სწორად აგებულ მოზაიკაში, შემდეგ იმ ქართველზე მაგარი კაცი არ არსებობს, არც ბრძოლის ველზე და არც სადმე სხვაგან. როდესაც ქართველი ჯდება ამ მოზაიკაში მისი განუმეორებელი ინდივიდუალობით, მისი გვარით, მისი სახელით, მისი წარსულით, მასზე საუკეთესო მეომარი არ არსებობს. ვიდრე მოზაიკა შეიკვრება, მანამდე უჭირს ქართველს. ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ სხვა კულტურის კაცს, რომელიც სხვაგვარ ქმედებას არის მიჩვეული, რომელიც სხვა კულტურაშია გაზრდილი, ამის გაგება უჭირს.

- თქვენს "ფეისბუქგვერდზე" ძალიან საინტერესო ამბებს წერთ, ქართველი მეომრების შესახებ, ჩანაწერებსაც ხომ არ აკეთებთ?

- ერთხელ ვიხუმრე, აქ ყველაზე მეტი მეგრელია, მე როგორც გურული, გურულებს ვეძებ და ბოლოს კახელებზე მიწევს წერა და ლაპარაკი - მეთქი. აქ ძალიან ბევრი ისეთი ამბავი ხდება, რაც მეტყველებს გმირობაზე, თანადგომაზე, თავგანწირვაზე, როგორც ერთმანეთის, ისე სხვების მიმართ. ზოგს არ უნდა გამოჩენა, მიზეზთა გამო. მაგალითად, ერთი ბიჭია, რომლის დედამაც არ იცის, რომ ის აქ არის. არადა, უკვე წლებია "ქართულ ლეგიონშია“. ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, კობა ხაბაზის მიმართ ქართულ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა, ალბათ იმიტომ, რომ ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი იყო. მასზე ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ის იბრძვის ისე, როგორც ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს შეეფერება.

- "ქართული ლეგიონი“ რატომ აირჩიეთ?

- ვიდრე "ქართულ ლეგიონში“ მოვიდოდი, რამდენიმე ქართველთან და უკრაინელთან მქონდა საუბარი. მათ შორის, ჩემი შვილის მეგობრებთან. ტელეფონში ვნახე რაღაცები და ვწერდი ამ ხალხს. ზოგმა უარი მითხრა, რაღაც მიზეზების გამო, ზოგი მელოდა... "ქართულ ლეგიონის“ შესახებ, რა თქმა უნდა, მსმენოდა. მათ შესახებ ბევრს ლაპარაკობენ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაშიც. ლევან ფიფიას ვიცნობდი, ჩამოსული იყო ჩემი ვაჟის დაკრძალვაზე... ერთხანს ჩემს გადარწმუნებას ცდილობდა, ვიცი რატომაც... ბოლოს შევთანხმდით და ჩამოვედი. ბოლომდე ვაპირებ ამ ბიჭების გვერდით ყოფნას. ერთი რამის თქმა მინდა, რეალობა, აბსოლუტურად, იმის საპირისპიროა, რასაც ლეგიონის შიდა და გარე მტრები ავრცელებენ. უკრაინაში ერთ-ერთი საუკეთესო დანაყოფია. დანაკარგი საერთოდ არ აქვთ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ არ იბრძვიან, არა, ეს ყველაფერი ხდება საუკეთესო წვრთნისა და მომზადების ხარჯზე. აი, ამან განაპირობა ჩემი არჩევანი. ლეგიონის მეთაურებს მამუკა მამულაშვილს და ლევან ფიფიას უკრაინელებმა სახალხო გმირის წოდება მიანიჭეს. ხომ იცით, მეომარს საჭურველისა და იარაღის გარდა, მხოლოდ ორი რამ უნდა ამძიმებდეს: ღირსება და საბძოლო ჯილდო. დიდი ხნის წინ, მე უარი ვთქვი საბრძოლო ჯილდოზე. მაშინ, ვფიქრობდი, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ ახლა რაღაცეები გადავაფასე და...

- ჯილდოზე რატომ თქვით უარი?

- იმიტომ, რომ მაშინ ბევრ უღირსს ჰქონდა ჯილდოები, ხალხი ამისთვის ყველაფერს კადრულობდა და უარი ამიტომ ვთქვი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდობით და სიფიცხით მომივიდა. ამ ამბიდან 30 წლის შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი, - არჩილ, ამპარტავნებამ ხომ არ გძლია, შენ რა, იმ კეთილსინდისიერ ხალხზე მაღლა იდექი, ვინც დამსახურებულად მიიღეს ჯილდო და ამაზე უარი არ თქვეს-მეთქი? ალბათ, არ უნდა მეთქვა უარი...

არ ვაკეთებ ჩანაწერებს... თუ ცოცხალი გადავრჩი და მემუარების დაწერის მომენტი დადგება, ალბათ, დავწერ. ახლა "ფეისბუქზე" ვწერ ზოგჯერ ბიჭების ამბებს, მინდა, რომ წარმოვაჩინო მათი გმირობა და თავგანწირვა, მაგრამ ზოგს ესეც არ უნდა... ჩემი არ იყოს, ალბათ ზოგს ამპარტავნება სძლევს. არადა, რაღაც ხომ უნდა დარჩეს... ასი და ორი წლის შემდეგ ჩვენმა შთამომავლობამ უნდა გაიგოს, რაზე ვფიქრობდით, რაზე ვწუხდით, რა გვიხაროდა, რისთვის ვცოცხლობდით და რისთვის ვკვდებოდით.

იხილეთ ასევე: