22 აპრილს, გვიან ღამით თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა მოხდა - მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო, სადარბაზოში გაგრძელდა და მკვლელობით დასრულდა. დაკავებულია 48 წლის მამაკაცი - დიმიტრი თარხან-მოურავი, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს. ასევე დააკავეს დანაშაულის თვითმხილველი მამაკაციც.
როგორც ირკვევა, 48 წლის დიმიტრი თარხან-მოურავმა ნაქირავებ ბინაში მისი 2 მეგობარი მიიყვანა და რამდენიმე საათში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა სასიკვდილოდ გაიმეტა 34 წლის მეგობარი ზვიად ეგრისელაშვილი, რომელსაც ჭრილობები დანით მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღიც ამოიღეს. დააკავეს თარხან-მოურავის მეორე მეგობარი, რომელიც მკვლელობას შეესწრო, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცველებისთვის არაფერი უცნობებია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულმა ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა და აქვს ფსიქოლოგიური პრობლემებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ზ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აპრილს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ზ.ე. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.თ. ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს ნ.ზ. შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებული "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის ძმაა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიტიკოსის ნათესავია.
ambebi.ge - მ მომხდარ ფაქტზე მეტი დეტალები მოიძია.
სანდო წყარო გვიყვება:
"დიმიტრი თარხან-მოურავმა 22 აპრილს შინ ორი მეგობარი მამაკაცი აიყვანა დასალევად. შეზარხოშებული მამაკაცებიდან ერთ-ერთს (მოკლულს) ბინაში ნივთები მოსწონებია და ჩაბარება შეუთავაზებია, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პირველს დანა ეგრისელაშვილს უხმარია, თუმცა თარხან-მოურავმა დაასწრო და ის დანით დაჭრა, რის შემდეგაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ თარხან-მოურავი წოდორეთში, წმინდა ბასილი დიდის მონასტერში ავიდა, იქედან კი ის გურამ ფალავანდიშვილს ჩამოუყვანია და სამართალდამცველებმა ძებნილი მისსავე ავტომანქანაში დააკავეს“.
ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად გურამ ფალავანდიშვილს დაუკავშირდა.
"დიმიტრი, მგონი, დავით თარხან-მოურავის ნათესავია, ზუსტად არ ვიცი. ვადასტურებ, რომ ეს ადამიანი ჩემს ავტომანქანაში დააკავეს. მონასტერში ვიყავით მე და ჩემი შვილი, საღამოს 8-9 საათი იქნებოდა, თბილისისკენ მოვდიოდით და დაგვემგზავრა, მამა ბასილმა მთხოვა, ეს კაცი ქალაქამდე ჩაიყვანეთო. ეტყობა, აღსარებაზე იყო ასული. პირველად ვნახე ეს ადამიანი, არ ვიცნობდი, მითხრა, თარხან-მოურავი ვარო, დავითის ნათესავიო. სახეზე "სინიაკები" ჰქონდა, ეტყობოდა, რომ ნაჩხუბარი იყო, მაგრამ არაფერი მიკითხავს. გზაზე უცებ პოლიცია გადაგვიდგა, ეტყობა თანამონაწილეები ვეგონეთ, გავაჩერეთ, მერე მიხვდნენ, რომ არაფერ შუაში არ ვიყავით. პირველად ვნახე ცხოვრებაში. ზუსტად არ ვიცი, ძმა არის თუ არა, თვითონ თქვა, ნათესავი ვარო. 10 წუთში რისი თქმაც მოასწრო, ესაა. ისიც თქვა, ციხიდან ახალი გამოსული ვარო. რუსეთში ყოფილა გაზრდილი, მაგრამ ქართული იცოდა. მერე წაგვიყვანეს მცხეთის პოლიციაში, გვითხრეს, რაღაც მოხდაო, ტელეფონები ჩამოგვართვეს. მერე ჩვენ გამოგვიშვეს და ის კაცი წაიყვანეს. ახლაც არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა. ჩვენც შეგვეშინდა ძალიან, რა ხდებოდა, ვერ მივხვდით, იარაღებით რომ გადმოგვიხტნენ წინ სამართალდამცველები. 15 წუთის გაცნობილ კაცზე რა უნდა გითხრათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი გარდაიცვალა", - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ "პატრიოტთა ალიანსიდან" დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ დავით თარხან-მოურავი კომენტარს გააკეთებდა, საბოლოოდ კი "პატრიოტთა ალიანსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:
"დიმიტრი თარხან-მოურავი არ გახლავთ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის ძმა და არც დავით თარხან-მოურავის ოჯახის წევრია და საერთოდ, არც დავით თარხან-მოურავს, არც მისი ოჯახის წევრებს არავითარი შეხება არა აქვთ ამ საქმესთან".