ავტორი:

"16 წლიდან რთული გზა გავიარე... იმის ნაცვლად, მეფიქრა თუ სად ჩამებარებინა, ვფიქრობდი იმაზე, თუ სად გამოვსულიყავი, რადგან ოჯახში რაღაც გადასახდელი გვქონდა" - ნუცა ბუზალაძე

"16 წლიდან რთული გზა გავიარე... იმის ნაცვლად, მეფიქრა თუ სად ჩამებარებინა, ვფიქრობდი იმაზე, თუ სად გამოვსულიყავი, რადგან ოჯახში რაღაც გადასახდელი გვქონდა" - ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძის ამერიკული წარმატება გრძელდება. ქართველი მომღერალი ამერიკულ მეგაპროექტ American Idol-ში მონაწილეობს, სადაც ქართველი მომღერალი მართლაც მაქსიმალურად იხარჯება, რაც არც ჟიურის გამოჰპარვია და არც აუდიტორიას.

აღსანიშნავია ისიც, რომ American Idol-ის არსებობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ უცხოელი კონკურსანტი გასცდა შესარჩევ ტურებს. როგორც ქართველი მომღერალი ამბობს, ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდება. გადაცემა "ჩვენი ოჯახის" ეთერში ნუცამ იმ გზაზე ისაუბრა, რომელიც დიდ წარმატებამდე იყო:

"ბავშვობიდან იმდენჯერ წარმოვიდგენდი ჩემს თავს ამ სცენაზე, რომ არ ვიცი... წარმოვიდგენდი, ვითომ ინტერვიუს ვაძლევდი, შევიდოდი ოთახში და ინგლისურად ვიწყებდი საუბარს. როცა ძალიან გინდა რაღაც და იბრძვი ამისთვის, რა თქმა უნდა, მიაღწევ. მე ამისთვის დიდი დრო დამჭირდა.

მე ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და როცა მეფიქრება, რომ რა ხდება ახლა ჩემს თავს, მეტირება. მეტირება იმ ყველაფერზე, რაც გავიარე, სანამ აქ მოვიდოდი. იმდენად დიდი და მასშტაბურია ეს ქვეყანა და აქ შოუბიზნესი... ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს რეალობა არაა და ისევ ოცნებაში ვარ. ახლა მთლიანად მობილიზებული ვარ იმაზე, თუ რა უნდა ვიმღერო შემდეგ ტურში. იმდენად შემიყვარდა ყველა, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, თავს ვგრძნობ როგორც ოჯახში. არ ვიცი, რანაირად უნდა დავშორდე ამ ადამიანებს.

რაც შეეხება ჩემი ცხოვრების რთულ პერიოდს, 16 წლიდან ძალიან ბევრი რამ ავიღე ჩემს თავზე, სხვა გამოსავალი არ იყო. იმის მაგივრად, რომ მეფიქრა თუ რომელ უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა, სხვა რამეებზე ვფიქრობდი, მაგალითად, იმაზე, რომ სად გამოვსულიყავი, რომ რაღაც გადასახდელი გვაქვს, რაღაც გასაკეთებელია. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო, 16 წლიდან ასე იყო. ალბათ ეს იყო ყველაზე რთული, რაც გავიარე. თუმცა ამან შემქმნა იმ ადამიანად, რაც ახლა ვარ. ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი დედაჩემს. ეს გზა რომ არ გამევლო, არ მექნებოდა ამხელა ჟინი ცხოვრების. ადამიანმა უნდა ნახო გაჭირვებაც და ყველაფერი, რომ ადამიანებთან სხვანაირი დამოკიდებულება გქონდეს. მიხარია, რომ ეს გავიარე" - ამბობს ნუცა.

თუ გსურთ, რომ მოვხვდე American Idol-ის ტოპ 20 კონკურსანტს შორის, თითო ადამიანმა 30 ხმა უნდა მომცეთ! ამისთვის არსებობს შემდეგი გზები:

  • მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote;
  • მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app მაქსიმუმ;
  • 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ჩემს ნომერზე, რომელიც ორშაბათს გვეცოდინება და დავწერ! მართლა თქვენი იმედი მაქვს!" - დაწერა ნუცამ ამ ცოტა ხნის წინ.

ნახეთ ასევე: