ავტორი:

"ნევროლოგები და ფსიქიატრები, რომლებიც იქ იყვნენ, ყველა მამაჩემის სტუდენტი იყო... ეს იყო ამაღელვებელი" - ნანიკო ხაზარაძე მამაზე, დემენციასა და დაავადების მართვის წესებზე

"ნევროლოგები და ფსიქიატრები, რომლებიც იქ იყვნენ, ყველა მამაჩემის სტუდენტი იყო... ეს იყო ამაღელვებელი" - ნანიკო ხაზარაძე მამაზე, დემენციასა და დაავადების მართვის წესებზე

დემენცია ადამიანის ის მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას მსჯელობის და მეხსიერების პრობლემები ექმნება. დემენციის სიმპტომები ნელ-ნელა იწყება და პაციენტის მდგომარეობა თანდათან უარესდება.

ამ თემაზე ერთ-ერთი პირველი, ვინც საჯაროდ და ხმამაღლა საუბრობს, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძეა. ცნობილია, რომ დემენცია აქვს მის მამას, ექიმსა და პროფესორს დათო ხაზარაძეს.

ასეთ ადამიანებს სპეციფიკური პატრონობა სჭირდებათ და ისეთი სპეციალისტების გარემოცვაში ყოფნა, ვინც მათთან კომუნიკაცია იცის. ამიტომ ცნობილია, რომ ტელეწამყვანმა მამა სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანა...

როგორია ამ ეტაპზე მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას გრძნობს ამ დროს პაციენტის ოჯახის წევრი, როგორ უნდა იმართოს თავად პაციენტი და როგორ უნდა ამაღლდეს საზოგადოებაში ამ თემის გარშემო ცნობიერება. ჩვენს ამ კითხვებს ნანიკო ხაზარაძე პასუხობს:

- მალე სამი წელი გახდება, რაც მამა უკვე იქ არის. მისი დემენცია პროგრესირებს და არის ისე, როგორც უნდა იყოს მის მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, ანუ, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, ადეკვატურად.

- როგორია ნევროლოგის, ფსიქიატრის შეფასება?

- იქ კვირაში ერთხელ დადის ექიმი ფსიქიატრი და მამაჩემი მუდმივად მისი მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ არის. ალალბედზე ნამდვილად არ იმყოფება. შესაბამის იღებს მედიკამენტებს, ამის გარეშე ასეთი დიაგნოზის მკურნალობა გამორიცხულია.

- როგორ გგონია, მამას შემთხვევაში რას შეიძლება გამოეწვია დემენცია?

- რა ვარაუდი უნდა მქონდეს? მთელი მსოფლიო მაგაზე ფიქრობს და ვერაფრით ხვდებიან, ეს ყველაფერი საიდან შეიძლება მოდიოდეს. ჯერ ვერ მიაგნეს, მაგრამ მიაგნეს დაავადების სტრუქტურას, იმიტომ, რომ წამლებზე დაიწყეს ფიქრი და მუშაობა... მოკლედ, ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჯერჯერობით ამაზე პასუხი ჩემზე ბევრად კომპეტენტურ ადამიანებს არ აქვთ. თუმცა ვითარდება მედიცინა და ბოლოს და ბოლოს, იქამდე მივლენ, რომ ამის მიზეზსაც იტყვიან.

- სოციალურ ქსელში მამას ვიდეოებს ხშირად ტვირთავ. ის მუდმივად თავის დედას ელაპარაკება, რომელიც ცოცხალი აღარ არის. ცხადია, ამ დაავადების დამსახურებით, მას არ ახსოვს, რომ დედა გარდაცვლილია...

- დედა უნდა ყველას, ვისაც დემენცია აქვს და ითხოვს მასთან შეხვედრას. უნდათ ბავშვობის სახლში მოხვედრა და იმ დედის გვერდით ყოფნა, რომელიც მათ მეხსიერებას ბავშვობიდან შემორჩა...

- ისიც საოცარი ვიდეო იყო, როდესაც მამას ცოტა ხნის წინ ჰკითხე, - რა არის დემენცია და აბსოლუტურად სწორად ახსნა ის. ეს მაშინ, როცა თავად ამ დაავადების რთული ფორმა აქვს. რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

- ეს არის ჩვეულებრივი რამ - დემენციით დაავადებულ ადამიანს მეხსიერება დღეიდან უკან ეშლება. განათლება, რომელიც მიღებული აქვს, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და რითაც ცხოვრობდა, კარგად აქვს დამახსოვრებული და კარგად არის მის გონებაში აღბეჭდილი. ზოგადად მედიცინა ძალიან კარგად ახსოვს. ამიტომაც დემენციაზე და არაერთ სამედიცინო საკითხზე აქვს პასუხი. ეს იცის, თორემ ის ამ ყველაფერს თავის გადასახედიდან კი არ აღიქვამს. თვითონ რომ ჰკითხო, არაფერი სჭირს, ჩვეულებრივად მუშაობს, ცხოვრობს, კარგად არის, ერთადერთი - დედა ენატრება.

- ადაპტირებულია იმ გარემოსთან, სადაც არის და არანაირ პრობლემას არ უქმნის იქაურობა, ხომ? თუ ჭირვეულობს?

- საერთოდ დემენციის მქონე ყველა პაციენტი არის ძალიან ჭირვეული. თუ არ იცი მათთან კომუნიკაცია, ძალიან რთულია ურთიერთობა და შეიძლება, პრობლემას ვერც გაუმკლავდე. იქ სადაც ახლა არის, ყველამ იცის ასეთ პაციენტებთან ურთიერთობა, როგორ უნდა მიუდგნენ, რომ არ გაღიზიანდნენ. ასე რომ, კარგად არის. ამას ჩემი ძალებით ვერ „გავქაჩავდი“. ამ სფეროსთვის აუცილებელი არასაკმარისი ცოდნით კი არა, ნერვული სისტემით.

- როგორია ასეთი პაციენტის პატრონის ემოციური მდგომარეობა?

- პირველად, რასაც ეჯახები, ალბათ შოკია, სანამ გაიაზრებ და გაანალიზებ. მერე ნელ-ნელა იწყებ ამასთან ცხოვრებას, შეგუებას. შემდეგ მოწოდებული ხარ იმისკენ, რომ უკეთ იყოს ყველაფერი, ვიდრე არის. ეს ნაბიჯები ალბათ მეც გავიარე, იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა. უნდა გამეგო ბევრი რამ, რომ ადეკვატური ვყოფილიყავი... ამ გზის გავლა არ იყო ადვილი. დღესაც რთულია ამის ყურება, მაგრამ მოცემულობაა ასეთი, რომელიც რეალობად მივიღე.

ამ დაავადებაზე უკვე იმდენ ინფორმაციას ვფლობ, რომ ვიცი, ყველა ახალი ნაბიჯი რა იქნება. მისი ყოველი მორიგი გამოვლინება ჩემთვის სიახლეა. ამ ყველაფერს ხანდახან სევდით ვუყურებ, ხანდახან იუმორით. აი, ამას მიეძღვნა გუშინწინ მედიკოსების შეხვედრა, სადაც მე ჩემი ისტორიით სპიკერი გახლდით.

ვისაც გამოცდილი არ აქვს, ძალიან ძნელია ამის ახსნა და გაგება - ამიტომ არ ან ვერ ესმის. არადა, ეს ყველაზე რთული დიაგნოზია, რასთანაც ოდესმე შეხება მქონია. ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში, ცნობიერება ძალიან მწირია, რაც ბევრ რამეს ართულებს. დღე ისე არ გავა, 10-მა კაცმა მაინც არ მომწეროს დახმარებისთვის - რა პროფილის ექიმს მივმართოო? არც კი ვიცით, რომ ეს ფსიქიატრის და ნევროლოგის პროფილია. უამრავი კითხვა აქვს მოსახლეობას.

ჩემს თავზე კი არ ვიღებ ამ დარტყმას, მაგრამ მართლა ასეა, უამრავი ადამიანი მწერს. შეხვედრა, რომელიც ვახსენეთ, ნევროლოგებმა და ფსიქიატრებმა ერთ-ერთ კომპანიასთან ერთად მოაწყვეს... გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო ამაღლდეს ცნობიერება. პაციენტების დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზე მოხდეს და არა ასე შორსწასული ფორმების მერე იმართოს. მოკლედ, დაიწყო კამპანია, რომ უფრო მეტი ვიცოდეთ ამ ყველაფრის შესახებ.

საუბარი დაეთმო იმას, რომ ოჯახის წევრების ცნობიერება უნდა ამაღლდეს იმიტომ, რომ მერე სარეაბილიტაციო ხდებიან ოჯახის წევრები. ამას აღიარებს მედიცინა.

- მართლაც ასეთი დაავადების მქონე პაციენტის ოჯახის წევრი ადვილი შესაძლებელია თვითონ გახდეს სამკურნალო და მისახედი...

- რა თქმა უნდა, რადგან ყველას არ აქვს ეს მზაობა. ნერვების გარდა, ცოდნა არ გვაქვს, როგორ ვეკონტაქტოთ. მოკლედ, შეხვედრა იმას ემსახურებოდა, რომ ვისწავლოთ სწორი კომუნიკაცია, როგორ მივუდგეთ ასეთ პაციენტს, რომ ყველაფერი უფრო რბილად იმართოს პაციენტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვისაც. ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ სტატისტიკა მზარდია და ცნობიერება ნული. რაღაცნაირად უნდა დავეწიოთ ამას და გავაგებინოთ ხალხს, რომ ერთმანეთს დროზე მივხედოთ.

- ე.ი. სამედიცინო საზოგადოება ამაზე თანხმდება.

- კი. ნევროლოგები და ფსიქიატრები, რომლებიც იქ იყვნენ, ყველა მამაჩემის სტუდენტი იყო. ეს კიდევ ცალკე ძალიან ამაღელვებელი იყო.

- სოციალური სივრცის საშუალებით მგონი, ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც ამ თემაზე ხმამაღლა, საჯაროდ დაიწყე ლაპარაკი...

- კი, ჩემს სამეგობრო წრეში, ჩემი სოციალურ სივრცეში, ვინც ამაზე ხმამაღლა საუბრობს, მგონი, მართლაც მე ვარ. თუმცა შეიძლება ამაზე სხვაგან კიდევ ლაპარაკობენ. რატომღაც მგონია, რომ ამ ყველაფერს კამპანიის სახე უნდა მიეცეს და როგორც ჩანს, ეს ექიმებსაც უნდათ. უნდა ავიყოლიოთ ერთმანეთი და ყველანი აქტიურად ჩავერთოთ. მადლობელი ვარ ამ ადამიანების.

- დემენციის პრევენცია რა შეიძლება იყოს, რომ ადამიანს არ დაემართოს?

- ამ დაავადებას ჯერ ერთი გამოსავალი არ აქვს, არავინ არაფერი იცის... ყველა რეკომენდაციას, რასაც მედიცინა იძლევა, მამაჩემი ზედმიწევნით ასრულებდა, მაგრამ მაინც დაემართა. კროსვორდს ავსებდა, ლექციებს კითხულობდა, ორ ენაზე - ქართულ და რუსულ სექტორზე, ლექციებისთვის ყოველ საღამოს ემზადებოდა, მისი ტვინი მუდმივად ფუნქციური იყო. ასე რომ, ეს რეკომენდაციებიც ყველასთვის სტანდარტული არ არის. არავინ იცის, ვის როდის, როგორ და რატომ დაემართება დემენცია.

მამაჩემი ბევრად უარეს მდგომარეობაში იყო სახლში. როგორც კი შევუცვალე ადგილი, სადაც სწორად მიუდგნენ, გახდა „ხავერდის“ ადამიანი, მისი ნერვული სისტემა დამშვიდდა. სახლში ძალიან აგრესიული იყო და შფოთავდა. იქ დამშვიდდა. ასე რომ, ვერავის ვერაფერს ვურჩევ, უბრალოდ, მე ჩემს ამბავს ვყვები. მთავარია, რომ ერთმანეთის მიმართ ყურადღებით ვიყოთ.

ნახეთ ასევე: