ავტორი:

"ბევრჯერ ამიღო ნუცამ ბილეთი და უკან დავაბრუნე... ოჯახმა ვიცით, რამხელა შრომა დასჭირდა, რომ..." - როგორ მიაჩვია ნუცა ბუზალაძე დამოუკიდებლობას დედამ და რას ამბობს შვილის წარმატებაზე?

"ბევრჯერ ამიღო ნუცამ ბილეთი და უკან დავაბრუნე... ოჯახმა ვიცით, რამხელა შრომა დასჭირდა, რომ..." - როგორ მიაჩვია ნუცა ბუზალაძე დამოუკიდებლობას დედამ და რას ამბობს შვილის წარმატებაზე?

ორ კვირაზე მეტია, რაც ნუცა ბუზალაძის ამერიკულ ისტორიას საზოგადოება თვალს ადევნებს. ქართველი მომღერალი ამერიკულ მეგაპროექტ American Idol-ში მონაწილეობს, სადაც 24 ფინალისტს შორის უკვე მოხვდა. ნუცას დედა ნინო კანკავა Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ უკვე ერიდება შვილზე საუბარი, არც ამხელა ყურადღებას არის მიჩვეული, მაგრამ მადლიერია მთელი საქართველოსი და ქართველი ემიგრანტების, რომლებიც მისი შვილის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან.

ნინო კანკავა:

- მას შემდეგ, რაც ნუცა ფინალისტებს შორის მოხვდა, მისი ყოველდღიური გრაფიკი იმდენად დატვირთულია, რომ დღის განმავლობაში საუბარს ორი-სამი წუთით ვახერხებ. ძალიან რთული რეჟიმი აქვს, ცოტა დრო აქვს სალაპარაკოდ. ამ დროსაც ძირითადად ვესიყვარულები, სითბოს და სიყვარულს ვაძლევ აქედან, ვეფერები.

ნამდვილად არ მეგონა, რომ ამხელა გამოხმაურება ექნებოდა ნუცას გამოსვლას. რაც მახსოვს, ბავშვობიდან სულ იბრძვის, მიდის სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც თავის სამშობლოს აცნობს ხალხს. საერთოდ, სადაც ჩადის, ყველგან ჰყავს გულშემატკივრები, დიახ, მათი ძალიან დიდი არმია ჰყავს. თავიდან მეგონა ამერიკაშიც ასე იქნებოდა და ძალიან მიხარია, რომ მთელი საქართველო მხარს უჭერს. გარდა იმისა, რომ ნუცა ასე იბრძვის და აცნობს თავის ქვეყანას მსოფლიოს, ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ ხალხიც თუ ასე მიიტანდა გულთან, არ მეგონა. ჩვენმა ოჯახმა ვიცით, ნუცას რამხელა შრომა დასჭირდა ამისთვის და როგორ შექმნა საკუთარი თავი, აბსოლუტურად დამოუკიდებლად. ამას ხმამაღლა ყველასთან ხომ არ ილაპარაკებ, ეს რომ ხალხმა დაინახა, მიხარია ძალიან.

მე ყოველთვის მერიდებოდა საკუთარ შვილზე საუბარი, ახლაც უხერხულად ვგრძნობ თავს. ნუცას საქართველოს სახელი გააქვს მსოფლიოში და ჩვენს ოჯახში პრიორიტეტი ყოველთვის ეროვნული ინტერესები იყო. როდესაც შეგიძლია, რომ პატარა აგური დადო შენი ქვეყნისთვის, ორმაგად დასაფასებელია, როგორც ჩემთვის, ისე მთელი საქართველოსთვის. ისეთი წერილები მომდის, ისეთი გამოხმაურებაა, რომ დღეს ვფიქრობ, რომ ნუცა მარტო ჩემი შვილი არ არის, ყველა მისი გულმხურვალე გულშემატკივრის შვილია, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. იმხელა მხარდაჭერა გამოუცხადა ხალხმა, რომ ეს ნიშნავს, რომ ბეწვის ხიდზე უნდა იაროს და ათმაგად დაუბრუნოს სიყვარული მათ.

- ქალბატონო ნინო, გარდა მხარდაჭერისა, მის მიმართ ისმის კრიტიკული მოსაზრებებიც. ადამიანების ნაწილი სოციალურ ქსელში ახსენებენ, რომ ის რუსეთშიც გამოდიოდა კონკურსზე.

- მე კრიტიკა არ შემხვედრია. არ ვრეაგირებ ამაზე, ყველა საღად მოაზროვნეს უხარია ეს ამბავი, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, მე ყველას აზრს ვცემ პატივს.

- ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რა იქნება მომავალში...

- როდესაც კონკურსზე მიდიხარ, ყოველთვის ორიენტირებული ხარ კარგ შედეგზე. მინდა, რომ ფინალში გავიდეს, მაგრამ თუ არ გამოვიდა, არც ეს იქნება პრობლემა.

- ნუცა ბოლო ერთი წელია დუბაიში ცხოვრობს, არ გიჭირთ მის გარეშე ყოფნა?

- რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირს როგორც დედას, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი შვილის ჩამოყალიბებისთვის, განვითარებისთვის აუცილებელია, რომ წავიდეს უცხო ქვეყანაში და დაიმკვიდროს თავი. უნდა ჰქონდეს ამისი იმუნიტეტი. ღმერთმა დაიფაროს და დედა ყოველთვის გვერდით არ ეყოლება და ყველაფრისთვის უნდა იყოს შვილი მზად. ისეთ ასაკში წავიდა ნუცა მარტო, რომ აუცილებელია მისი განვითარებისთვის.

- თქვენ არ გქონიათ სურვილი, რომ გაყოლოდით?

- დიახ, ამისი დიდი სურვილი მქონდა, ბევრჯერ ამიღო ნუცამ ბილეთი და უკან დავაბრუნე. ცოტა ხნის წინ, ნუცას პატარა ძაღლი აჩუქეს, რომელსაც მე ვუვლი და დუბაის ავიახაზები არ უშვებს ქვეყანაში, რომ ჩემთან ერთად გამოფრინდეს. ძაღლი ისე განიცდის უჩემობას, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ მე რომ წავიდე ნუცასთან, მოკვდებოდა, რადგან მქონდა ერთხელ ანალოგიური შემთხვევა და უკან ჩამოვფრინდი იმ დღესვე. იმედია, ისეთ ქვეყანაში წავალ, რომ ჩემი ძაღლიც წავიყვანო, რა ვქნა, მიყვარს ძალიან ბენტლი, ჩემი მეგობარია.

- ლელა წურწუმიას გადაცემაში, ნუცამ თქვა, რომ დედამ თავის პირად ცხოვრებაზე უარი თქვა და მას მიუძღვნა თავი...

- მაგ თემაზე საერთოდ არ ვსაუბრობ, გამიკვირდა კიდეც, იმდენად ჩემი პირადია, რომ როგორ შეიძლება ამაზე რამე ვთქვა. ეს არავის აინტერესებს. ნუცა შეიძლება ასე ფიქრობდა და ლელა წურწუმია ძალიან ახლოს არის ჩვენთან და ემოციურად გაიხსნა მის გადაცემაში, მაგრამ ამის უტრირება და ამაზე საუბარი არ მინდა. ყველა დედა ისე იქცევა, როგორც თავად თვლის საჭიროდ. ჩემთვის ბედნიერება ეს არის, რომ მე და ნუცა ასე ვიყავით. მაგრამ ვერ იტყვი, რომ ზოგადად ბედნიერების საზომი ეს არის, თუ რამე სხვა. ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა.

- ქალბატონო ნინო, საქართველოდან წასული მომღერლები ხშირად ამბობენ, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში არ აფასებდნენ. ვფიქრობ, ნუცას შემთხვევაში ასე არ ყოფილა...

- არა, რა თქმა უნდა, არასოდეს ყოფილა ასე. ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე თბილი და კარგი ქვეყანა, რას ნიშნავს არ აფასებდნენ. ასეთი თბილი ხალხი მსოფლიოში არსად არ ცხოვრობს.

ნახეთ ასევე: