ავტორი:

სუდანში შეტაკებები გრძელდება: დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა - ჯერჯერობით კიდევ ვერ ხერხდება სუდანში მყოფი საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია

სუდანში შეტაკებები გრძელდება: დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა - ჯერჯერობით კიდევ ვერ ხერხდება სუდანში მყოფი საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია

სუდანში, სადაც ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს, დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე, დაშავებულების კი - 2 600-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სროლის, აფეთქებების და სამხედრო თვითმფრინავების ხმა ისმის. გაერო-ში აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა პირებმა მათი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშროლმების სახლები დაარბიეს.

გუშინ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის 24-საათიან რეჟიმზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე შევიდა, მაგრამ გვიან ღამით შეთანხმება დაირღვა და შეტაკებები განახლდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, სამედიცინო საშუალებები, რაც სუდანის სამედიცინო დაწესებულებებს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე გაუნაწილეს, უკვე ამოწურულია, ახალი ტვირთის მიწოდება კი აბრძოლო მოქმედებების გამო, ვერ ხერხდება.

მისი თქმით, აქვთ საგანგაშო ცნობებიც იმის შესახებ, რომ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება გაძარცვულია, ნაწილს კი, სამხედრო მიზნებით იყენებენ.

ჯერჯერობით კიდევ ვერ ხერხდება სუდანში მივლინებით მყოფი საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია. შეგახსენებთ, სუდანში იმყოფება ავიაკომპანია MyWay Airlines-ის 13 და ავიაკომპანია Geosky-ის 20 თანამშრომელი - მფრინავები, ბორტგამცილებლები, ინჟინრები.

სუდანში დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის ვერ ხერხდება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე. სუდანს სამხედრო გენერლები მართავენ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ავტორიტარული პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.