ავტორი:

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა - ხვიჩას თერთმეტმეტრიანი მეკარემ აუღო

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა - ხვიჩას თერთმეტმეტრიანი მეკარემ აუღო

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში სერია ა - ს ლიდერმა "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი "მილანმა" სან სიროზე მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო.

ფაქტია, "ნაპოლი" ბოლო მატჩებში აშკარად ვერ იყო ჩვეულ ფორმაში, გუნდის ქართველი გარემარბიც ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა. ვიქტორ ოსიმენის ტრავმამ და მოედანზე არყოფნამ თავისი უარყოფითი კვალი დაატყო ნეაპოლელთა თამაშს, დღეს ოსიმენი პირველივე წუთებიდან უტევდა მილანელთა კარს, თუმცა, სამწუხაროდ, ნაკლებად შედეგიანად.

გუნდები ასეთი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ სტადიონზე:

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, ჟუან ჟეზუსი, რაჰმანი, მარიო რუი, ზილენსკი, ლობოტკა, ნდომბელე, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

მილანი: მენიო; კალაბრია, კიაერი, ტომორი, ტეო; კრუნიჩი, ტონალი, ბენასერი; ლეაუ, ბრაჰიმი, ჟირუ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი "ნაპოლის" შეტევებით დაიწყო, თუმცა სრულად დაცვაში ჩამჯდარი "მილანი" ახერხებდა ამ შეტევების განეიტრალებას. აქტიურობდა ქართველი გარემარბიც, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველივე წუთებიდან რამდენიმე კარგი ფინტით და კარისკენ დარტყმითაც დაგვამახსოვრა თავი. თუმცა პირველი ტაიმის ყველაზე დრამატული მომენტი ალბათ, 22-ე წუთი იყო, როდესაც ნეაპოლელთა მეკარემ ალექს მერეტმა მარიო რუის მიერ ლეაოს წინააღმდეგ საჯარიმოში უხეში თამაშის შედეგად დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჟირუს აუღო. მერეტმა "ნაპოლი" 27-ე წუთზეც გადაარჩინა, მეკარე ამჯერადაც ოლივერ ჟირუს დარტყმულს გადაეღობა.

33-ე წუთზე სპალეტი იძულებული გახდა ორი ფეხბურთელი შეეცვლა. პოლიტანომ და მარიო რუიმ თითქმის ერთდროულად მიიღეს ტრავმები, მათ ნაცვლად მოედანზე ლოსანო და ოლივერა შემოვიდენენ.

42-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევისას, რაფაელ ლეაოს დრიბლინგის შემდეგ ჟირუმ მაინც შეძლო მერეტის კარის აღება.

მეორე ტაიმიც "ნაპოლის" შეტევებით დაიწყო, აქტიურობდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პირველივე წუთზე მოახერხა გაჰქცეოდა მის პერსონალურ მცველებს და მეტოქის საჯარიმოში შეაღწია, თუმცა ზუსტად დარტყმა ვეღარ მოახერხა. ხვიჩა აქტიურობას კვლავაც ცდილობდა, შეიძლება ითქვას, რომ მარცხენა ფლანგიდან საკმაოდ მწვავედ იწყებდა შეტევებს, თუმცა მათი შედეგიანად გაგრძელება ვეღარ ხერხდებოდა. "ნაპოლის" ფეხბურთელების ინდივიდუალიზმის ხარჯზე რამდენიმე მწვავე შეტევის მოგერიება "მილანის" ფეხბურთელებს გაუჭირდათ, თუმცა გააზრებული კომბინაციები "ნაპოლის" შესრულებით მაყურებელმა ვერ ნახა. ეს იყო უფრო ქაოსური შეტევები, ძირითადად მეტოქის საჯარიმოში მაღალი ბურთების ჩაწოდებით, რაც ვერაფრით დაგვირგვინდა გოლით. საკმაოდ პასიური იყო ვიქტორ ოსიმენი, როგორც ჩანს, მან ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა.

82-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა "მილანის" კარში, რომელიც ჩვენებურმა დაარტყა, თუმცა გატანა ვერ მოახერხა. ხვიჩას "მილანის" მეკარე მენიომ აუღო.

მატჩის მიწურულს განსაკუთრებულად გააქტიურდა "კვარა", 90-ე წუთზე სწორედ მისი წამოწყებული შეტევის შედეგად ვიქტორ ოსიმენმა მაინც მოახერხა ბურთის გაქვითვა, თუმცა "ნაპოლის" გამარჯვებისთვის დრო აღარ ეყო. გუნდი ჩემპიონტთა ლიგას გამოეთიშა.

იხილეთ ასევე: